ვინ - ჯაყო, ვინ – ხევისბერი, ვინ კიდევ - ჰაჯი უსუბი?!
დიდი ორომტრიალია ქვეყანაში! - დიდი ვერაფერი დასაწყისია, არა?! მაგრამ რა ვქნა, ვერ მივაგენი იმ ოქროს ფრაზას, ქვემოთ თქმულს გასაღებად რომ მორგებოდა. არა უშავას, მადლობა ღმერთს, ქვეყანაში, სხვა თუ არაფერი, ექსპერტ-ანალიტიკოსები მაინც გვყავს უხვად და პროგნოზები, ვარაუდები, გათვლები და გამოთვლები უკვე იმდენი დახვავდა, ვეჭვობ კი არადა, დარწმუნებული ვარ, მათგან ერთი აუცილებლად ახდება! აი, სიმართლე თუ გინდათ, ესაა ყველაზე ნაღდი პროგნოზი!
ყველაფერი გუშინ არ დაწყებულა, მაგრამ გუშინდელი ერთი ეტაპის დასასრული და მეორის დასაწყისი - გაგრძელება ნამდვილად აღმოჩნდა! მოკლედ, ლამის გადატრიალდა ან სადაცაა გადატრიალდება (ან არ გადატრიალდება) ხელისუფლება, მაგრამ, თქვენი არ ვიცი და ჩემთვის მთელი გუშინდელი დღის "მონაგარი" სპორტის მინისტრის მოადგილის - ნუგზარ კევლიშვილის ერთ ფრაზადაც არ ღირდა. ეგ ის კაცია, მთელი ღამე "ჯაყოს ხიზნებს" რომ კითხულობდა და წარმოდგენა არ ჰქონდა ქვეყანაში რა ხდებოდა. ა, კაცი! ანაცვალა თუ არა ერუდიციას პოლიტიკა?! რა იგულისხმა მინისტრის მოადგილემ ვინ იცის, უბრალოდ, პირველად წაკითხვის შთაბეჭდილება ვერ დამალა, თუ კვლავაც მომრავლებულ ჯაყოებზე სცადა მინიშნება... მოკლედ, ძლივს გამოუნახავს კაცს კითხვისთვის დრო და, აჰა, მაინცდამაინც ახლა მოუნდა მინისტრს გადადგომა!
და მაინც, კევლიშვილი კარგად იყოს და, ამ ჩვენმა ლევან ყოფიანმა – ერთი შეხედვით უწყინარი, მშვიდი სამინისტროს მშვიდმა მინისტრმა კი წამოშალა ამხელა სახელისუფლო გუნდი. აქეთ პრემიერმა იშიშვლა ხმალი – ყველაფერი რიგზეა, ადგილზე მყარად ვდგავარ, ვერავინ შემირყევს სკამსო და პარლამენტიც ისე გადაგვამტკიცებს, როგორც დაუბარებიაო; იქით ექსპერტებმა გაშალ-გაფანტეს პორგნოზების ბუმბული ველად; ოდესღაც რუხი შეფერილობის კაცმა ისიც კი თქვა, ქართული პოლიტიკის ხევისბერი (ოღონდე ეს ეს სულ სხვა ნაწარმოებიდან) - ბიძინა უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ამ ქვეყანას სხვა გზა, სხვა ხსნა არ გააჩნიაო. არადა, ეს ჩვენი ხევისბერი სულ იმას ამბობს, ყველაფერი რიგზეა, არაფერი საგანგაშო არ ხდება და ა.შ. და რაღა ვიფიქრო აღარ ვიცი, ან ვის დავუჯერო? ისე, დამეთანხმებით, რომ მაღალ მთაზე შემოდგმული უმაღლესი გამჭვილვალობის მისი სასახლიდან ყველაფერი აშკარად სხვანაირად კარგად ჩანს - დედის წინ (თუ დოლარის წინ?) მორბენალი კვიცივით ლარის ხტუნვაც კი სიჯანსაღეში გადასულ ნარნარ, კეკლუც როკვად აღიქმევა!
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, მე კი წავედი, მაგრამ თქვენ კაცობაში ჩაიჭერით, შეგეშალათ და გირჩევთ, ღირსება არ დაკარგოთო! - პარლამენტის სპორტის კომიტეტს დაუბარა. ოჰო, ყაფლანიშვილის ქალში (ოჰ, ეს "ჯაყოს ხიზნები"!) კი არადა, ყიფიანის კაცში "მყისიერად გაიღვიძა თავადიშვილის სისხლმა!" ქვეყნის ინტერესები დააყენეთ საკუთარზე მაღლა და ამაში მე მომბაძეთო! მოკლედ, ვეჭვობ, ღირსებისა და ინტერესების საქმე კიდევ კარგა ხანს იქნება განხილვის თემა, დაპირისპირების საფუძველი, რაც საბოლოოდ ვიღაც-ვიღაცების რეალურ სახეს გამოაჩენს.
რადგან ეს პოლიტიკური მიმოხილვა ლიტერატურულად არის მოტივირებული, ბარემ ბოლოშიც დავესესხები ხელოვნების ამ უდიადეს პირმშოს. ჩვენი ხევისბერის ამბავი მაკვირვებს. რამდენიც გამოზარდა, ყველამ გაუცრუა იმედ(ებ)ი – მარგველაშვილიო, ალასანიაო, ჯანყარაშვილიო, ზედელაშვილიო... ბოროტი ხმები ამბობენ, ახლა ღარიბაშვილიცაო?(!). ჰოდა, რას მივხვდი, იცით? ქართულ პოლიტიკაში მამებს (მამა-მარჩენლებს) მხოლოდ ხევისბერობა, მატეო ფალკონეობა, ტარას ბულბობა უნდათ და არა რეალური გამზრდელობა - ჰაჯი-უსუბობა! ჯერ არავის აღმოსჩენია ძალა ეთქვა: სასიკვდილო თუ არა, დამნაშავე "მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარო!" და თუ ოდესმე გამოჩნდა კაცი, რომელიც გაფუჭებულ საქმეში საკუთარ დანაშაულს დაინახავს ან ისეთს მაინც გამოზრდის, რომ ეთქმოდეს: "ერთი შვილ მაინც გავზარდე ვეფხვებთან მეომარიაო", მაშინ სულ აღარ მაინტერესებს "ჯაყო რას იტყვის, ქვეყანა რას იფიქრებს!", რადგან ამ ქვეყანაში უკვე ყველაფერი კარგად იქნება!
თეა ბარამაშვილი