"ქართველმა გოგო-ბიჭებმა შუა თითი დაგვანახვეს" - რას ამბობენ პუტინის "ღამის მგლები" საქართველოში ვიზიტზე?!
"ჩვენ საქართველოში რისთვისაც ჩამოვედით, ეს არ არის პოლიტიკა, ეს ისტორიაა, წარსული, რომელიც ნამდვილად იყო და არავის მოუგონია. ჩვენი წინაპრები ერთად იბრძოდნენ..."
"აქტივისტებმა ბაიკერებს ლენტები ჩამოართვეს, თუმცა, თავად ბაიკერებმა თავისივე ხელითვე მოიძრეს ეს ლენტები და იქვე გაანადგურეს. "ღამის მგლების" მთავარი ბაიკერები ევროპისკენ მიემართებიან, ტამბოვში არსებული მათი ფილიალის ბაიკერები კი ტურნეს კავკასიაში მართავენ."
უკვე რამდენიმე დღეა, ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეგობრებად ცნობილი ბაიკერების კლუბის, "ღამის მგლების" თბილისში გამოჩენას აპროტესტებს. რუსი ბაიკერები შენიშნეს კოლმეურნეობის მოედანზე, ნაძალადევში, საბურთალოზე...
ბაიკერთა განცხადებით, ეს ტურნე დიდ სამამულო ომში გამარჯვების აღსანიშნავად მოაწყვეს და ევროპისა და კავკასიის ქვეყნების მოვლას აპირებენ, თუმცა პოლონეთში ისინი არ შეუშვეს, პრობლემები შეექმნათ გრემანიაში შესვლაზეც - მათ ნაწილს ვიზები გაუუქმეს, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3 მაისს ავსტრიიდან გერმანიაში 10 რუსი ბაიკერი მაინც შევიდა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ რუსი ბაიკერები, რომლებიც გერმანიაში 3 მაისს შევიდნენ, ნაციონალისტური ჯგუფის, "ღამის მგლების" წევრები არიან. კრემლის მომხრე "ღამის მგლებმა" გამოაცხადეს, რომ ბერლინში მოტოციკლეტებით ჩასვლით გეგმავენ აღნიშნონ რუსეთის და მისი მოკავშირეების მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხების 70-ე წლისთავი. ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსანი კრიტიკით შეხვდა მათ გეგმებს. პრესმდივნის თქმით, ბაიკერები, როგორც ჩანს, ნაციონალისტი ჯგუფის მხარდამჭერები არიან და არა - წევრები.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს არცერთ სახელმწიფო უწყებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
"გავიგეთ, რომ პუტინის ძმაკაცებად ცნობილმა ბაიკერებმა გადმოლახეს ლარსის გამშვები პუნქტი. დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ვცდილობდით, ქალაქის მასშტაბით გვენახა მათი კოლონა... კოლმეურნეობის მოედანზე რამდენიმე წუთის წინ გადავაწყდით... საკუთარი დანით დავაჭრევინეთ ე.წ. გეორიევსკის ლენტები და ავუკრძალეთ საქართველოს ტერიტორიაზე ამ ლენტის გამოყენება..." - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი ფარნაოზ ჭკადუა.
ალეკო კვახაძე, კავკასიოლოგი:
-კოლმეურნეობის მოედანზე გეორგიევსკის ლენტიანი სამი ბაიკერი იდგა. ახალგაზრდების ჯგუფმა ლენტი წაართვეს. თავიდან მათ უთხრეს, რომ ამ ნიშნის გამოფენა აკრძალულია, მათ კი უპასუხეს, რომ ჩვენი ბაბუები ერთად იბრძოდნენ და ეს ჩვენი გამარჯვებააო. ქართველმა ახალგაზრდებმა უთხრეს, რომ თავად ამ ბაიკერებთან პრობლემა არ ჰქონდათ, მაგრამ მათ ეკავათ გეორგიევსკის საოკუპაციო ლენტი, რითიც კლავენ ჩვენ ძმებს უკრაინაში, ცხინვალში, აფხაზეთში და სხვაგან, ამიტომ საქართველოში ამის ტირაჟირება არ შეიძლებაო. ამის შემდეგ აქტივისტებმა ბაიკერებს ლენტები ჩამოართვეს, თუმცა, თავად ბაიკერებმა თავისივე ხელითვე მოიძრეს ეს ლენტები და იქვე გაანადგურეს. "ღამის მგლების" მთავარი ბაიკერები ევროპისკენ მიემართებიან, ტამბოვში არსებული მათი ფილიალის ბაიკერები კი ტურნეს კავკასიაში მართავენ. ისინი მოივლიან სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ჩრდილო კავკასიას და 9 მაისის სიმბოლურად დასრულებას თბილისში აპირებენ. მთავარი ჯგუფები ქალაქ ტამბოვიდან უკვე დაიძრნენ, ნაწილი საქართველოში კი უკვე შემოსულია.
ერთ-ერთ ინფორმაციით, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველ გოგონას, რომელმაც მათ კითხვა დაუსვა...
შევეცადეთ მათ დავკავშირებოდით, რათა გაგვეგო, თუ ვისი ინიციატივით ჩამოვიდნენ საქართველოში? აქ ვის მასპინძლობს და კონკრეტულად რა ტიპის ღონისძიების გამართვას აპირებდნენ 9 მაისს? თუმცა, ადგილობრივთა დამოკიდებულებით გაოცებული და შეწუხებული რუსი ბაიკერები მოკლე პასუხებით შემოიფარგლნენ...
- რა გქვიათ?
- ოლეგი...
- რატომ ჩამოხვედით საქართველოში?
- რა გინდათ ჩვენგან?.. გვითხრეს, რომ მოგვეხსნა ლენტი და მოვხსენით. თუმცა, მაინც არ ჩერდებიან და პროვოკატორობენ, იერიშზე გადმოდიან... ქართველმა გოგო-ბიჭებმა შუათითი დაგვანახვეს. ჯერ გავბრაზდით, მერე გაგვეღიმა. ჩვენ საქართველოში რისთვისაც ჩამოვედით, ეს არ არის პოლიტიკა, ეს ისტორიაა, წარსული, რომელიც ნამდვილად იყო და არავის მოუგონია. ჩვენი წინაპრები ერთად იბრძოდნენ... ასეთი დამოკიდებულება ალბათ ქართული ტემპერამენტის ბრალიც არის. რაღაც ძალიან აგრესიულად შეგვხვდნენ, არადა, რუსეთიდან სულ სხვანაირ ჩანს რუსულ-ქართული ურთიერთობები.
- მაინც როგორი ჩანს?
- ბევრად ახლობლური და თბილი... მართლა არ გვეგონა, თუ ასეთ დამოკიდებულებას გადავეყრებოდით. საბედნიეროდ, ისეთებიც არიან, ვისაც ჩვენი ნახვა გაუხარდა. ასე, რომ ტურნე მაინც არ ჩაიშლება. თბილისი ძალიან მოგვეწონა, მართლა ულამაზესი ყოფილა...
- აქ ვისი ინიციატივით ჩამოხვედით?
- ჩვენი... ჩვენ პატივს ვცემთ იმ ადამიანებს, ვინც დიდ სამამულო ომში იბრძოდნენ, სწორედ ამ პატივისცემის გამოსახატად ჩამოვედით. რუსეთში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ყველასთვის პატივსაცემია. უბრალოდ ამის გამოხატვა გვინდოდა ქართველების მიმართაც, კარგად ბრძანდებოდეთ!
სამწუხაროდ, მეტი შეკითხვის დასმის საშუალება აღარ მოგვეცა, ბაიკერმა, სახელად ოლეგმა, ჩვენთან ლაპარაკის გაგრძელება აღარ მოისურვა.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)