საშიში ზღვარი! - გაიზრდება თუ არა ქვეყანაში ღარიბთა რაოდენობა?
2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მცხოვრებთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა, თითქმის არ შემცირებულა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვი. დღეს საქართველოში მცხოვრები 3 730 000 კაციდან ზუსტად 403 196 მოქალაქე იღებს სიღარიბის დახმარებას. ზუსტად 136 102 ოჯახი მძიმე მდგომარეობაშია. მათთვის განკუთვნილი სოციალური დახმარება ძალიან მცირეა იმ თანხებთან შედარებით, რაც ადამიანს სრულფასოვანი არსებობისთვის სჭირდება. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა მცირდება არა მხოლოდ შობადობის კლებისა და სიკვდილიანობის მატების ხარჯზე - ხალხი ქვეყნიდან შიმშილს გაურბის, ის კი, ვინც სოციალურად დაუცველთა სტატუსს შეეგუა, რჩება სახელმწიფოს მწირი დახმარების იმედად...
ზვიად ტომარაძე, დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი: - მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობას დღითი დღე ამძიმებს ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა. თუ ვითარება არ შეიცვალა, ქვეყანაში ღარიბთა რაოდენობა გაიზრდება, ეს კი განსაკუთრებით საშიშია ახლა, რადგან ბოლო აღწერით ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის კატასტროფული სურათი მივიღეთ.
ჩვენი ქვეყანა ემიგრანტების ფულადი გზავნილებით არსებობს. წელიწადში მათი გამოგზავნილი 1,5 მილიარდი შემოდის. სახელმწიფო სათანადოდ ვერ ზრუნავს ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, ვერც სოფლის მეურნეობაზე, ვერც ქალაქელსა და ვერც გლეხზე, ანუ ვერ ქმნის ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ ეკონომიკურ გარემოს. სასურსათო ეკონომიკური უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტიც კი არ გაგვაჩნია და 80%-მდე დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ფაქტობრივად, საშუალო ფენაც კი არ არსებობს ქვეყანაში. მეტიც, მათ, ვისაც საქართველოში საშუალო ფენას უწოდებენ, იმდენი წლიური შემოსავალიც კი არ აქვთ, რამდენიც ამერიკაში ღარიბებს.
ირკვევა, რომ აშშ-ში ღარიბად ითვლება ოჯახი, რომელსაც წლიურად 22 000 დოლარის ოდენობის შემოსავალი აქვს. საშუალო-ამერიკული ოჯახი კი, თურმე, 50 000 დოლარს მაინც უნდა იღებდეს წლიურად. ახლა შეადარეთ ქართველი ღარიბების და საშუალო ფენების წარმომადგენლების მონაცემები და მითხარით, ვინ ვართ ჩვენ.
თუ აშშ-ს ვბაძავთ, მათი კრიტერიუმებით, საშუალო ფენას 50 000 დოლარი წლიური შემოსავლის გარდა, საბანკო ანგარიშზე იმდენი ფული უნდა ჰქონდეს, რომ უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში, წელიწად-ნახევარი მაინც ეყოს საარსებოდ. ესეც ამერიკული სტანდარტით, რომელთანაც ქართული საარსებო მინიმუმი რა მოსატანია! ამასთან, საშუალო ფენის ოჯახს უნდა ჰყავდეს ავტომობილი, ჰქონდეს აგარაკი, კვირაში ერთხელ რესტორანში სადილობდეს. ჩვენ კი ავტომობილი თუ გვყავს, საწვავის ფულს ისე ვითვლით, როგორც სიცოცხლის დარჩენილ წლებს.
ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკაში იმის დადგენისას, ღარიბია თუ არა ოჯახი, ითვლიან თანაფარდობას ოჯახის საერთო შემოსავალსა და სურსათის შესაძენად დახარჯულ თანხას შორის. თუ ხარჯი საერთო შემოსავლის მესამედს აღემატება, ოჯახს ღარიბად მიიჩნევენ. ჩვენთან მინიმალური სურსათის შესაძენადაც კი ღარიბს მთლიანი შემოსავალიც არ ჰყოფნის.
პარადოქსული მდგომარეობაა. მოკლედ, ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც თუ მეტს არა, 80%-ს უჭირს. თუ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არ დაიწყო, გვემუქრება საფრთხე - ან ყველანი სოციალური დახმარების იმედად დავრჩეთ (თუმცა, არ ვიცი, საიდან უნდა მივიღოთ ეს დახმარება), ან ისევე გავიქცეთ ქვეყნიდან, როგორც ნახევარი საქართველო გაიქცა. ქვეყანამ იმიგრანტების ხარჯზე კი არ უნდა იარსებოს, ის ხალხი უნდა დავაბრუნოთ და აქ ჰქონდეთ საქმე. რეალური საშუალო ფენა თუ არ შეიქმნა და მათი რაოდენობა არ გაიზარდა, არათუ დემოგრაფიული და ეკონომიკური, პოლიტიკური კატასტროფაც გარდაუვალია. გაკოტრებული ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, უბრალოდ, ვერ იარსებებს...
ღარიბთა რაოდენობის ზრდას არ ვარაუდობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. ის ამბობს, რომ სახელმწიფო არც ისეთ დეფინაციებს ცნობს, როგორიც არის ღატაკი და ღარიბი.
ზაზა სოფრომაძე: - არსებობს სოციალურად დაუცველთა კატეგორია, რომელსაც ოჯახებს შესაბამისი ქულათა დათვლის სისტემის საფუძველზე მიაკუთვნებენ.
ისინი აღირიცხებიან არა პროცენტულად, არამედ აბსოლუტური რიცხვებით, რადგან თითოეულისთვის თანხა მკაცრად განსაზღვრულია. ამიტომაც, ზუსტად ვიცით, რამდენ მოქალაქეს სჭირდება სოციალური დახმარება. მათი რაოდენობა დროდადრო იცვლება, მაგრამ არა რადიკალურად.
- რამდენი ქულა უნდა მიენიჭოს ოჯახს, რომ სოციალურად დაუცველის კატეგორიას მიაკუთვნონ?
- ძველი სისტემით, ოჯახს უნდა ჰქონოდა 57 000 ქულაზე ნაკლები. დღეისათვის დათვლის სისტემა დიფერენცირებულია, რაც ნიშნავს, რომ ყველაზე ნაკლები ქულების მქონე ადამიანები უფრო მეტ დახმარებას მიიღებენ. ამ კატეგორიაში მოხვდება ყველა, ვისაც 65 000 და ნაკლები ქულა აქვს.
იუნისეფის მხარდაჭერით იცვლება ბავშვების დახმარების სისტემაც - თითოეულ ბავშვზე ოჯახს ათი ლარი დაემატება.
ჯანდაცვის სამინისტროში მუშავდება არა მხოლოდ სოციალური დახმარების პროექტები, ვადგენთ პროგრამებს, თუ როგორ ეშველოს დასაქმების პრობლემას. ამ საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება და მალე წარვადგენთ შესაბამის პროექტს.