"იტალიაში ასამდე ქართველი პატიმარი გვყავს" – ექსკლუზიური ინტერვიუ კონსულთან - კვირის პალიტრა

"იტალიაში ასამდე ქართველი პატიმარი გვყავს" – ექსკლუზიური ინტერვიუ კონსულთან

"ამ ცოტა ხანის წინ, საკონსულოში შესაძლებელი გახდა სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაცია და ჩვენთან უკვე არაერთმა ქართველმა წყვილმა იქორწინა"

"გასულ წელს, იტალიამ ქართული ეკლესია აღიარა, რის საფუძველზეც, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს ეკლესიების გახსნისა და მოღვაწეობის უფლება იტალიის მთელ ტერიტორიაზე მიეცათ"

საქართველოს კონსულს იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან-მარინოში ბატონ ვახტანგ ანდღულაძეს რომში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ საღამოზე შევხვდით. საღამო, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო რამდენიმე დღის დაგვიანებით გაიმართა, საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. მიღებას გარდა იტალიის დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა უწყებების ოფიციალური წარმომადგენელებისა, იტალიის რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები არაერთი ქართველი ესწრებოდა. ბატონი კონსული, რომელიც ქართულ პრესას ინტერვიუებით არ ანებივრებს, "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, დაახლოებით 15 წელია იტალიაში მოღვაწეობთ, ალბათ, ყველაზე უკეთ თქვენ მოგეხსენებათ რა სიტუაციაა ამჟამად აქ და რამდენად იმატა ქართველი ემიგრანტების რიცხვმა?

- კონსული უკვე მეორე ვადით ვარ და ვადის ამოწურვამდე ერთი წელი დამრჩა. მანამდე, საელჩოში ვმუშაობდი და აქაური სიტუაცია ჩემთვის მართლაც კარგადაა ცნობილი. ვერ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდში საქართველოდან შემომავალი ნაკადი დიდად გაიზარდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზრდა ოჯახური გაერთიანების მიზნით უფრო მიმდინარეობს. იმ ქართველებს, რომლებიც წლებია იტალიაში ცხოვრობენ და აქვთ იტალიური საბუთი, ჩამოყავთ მეუღლეები და შვილები, რადგან იტალიის კანონი იძლევა ამის საშუალებას.

- ყველაზე მეტი ქართველი რომელ ქალაქებშია კონცენტრირებული და რა განაპირობებს ამას?

- ყველაზე მეტი ქართველი ქალაქ ბარიში, პულიას რეგიონშია. ეს არის ქალაქი, სადაც 2000-იანების დასაწყისში, ქართველებმა პირველად დაიწყეს შემოსვლა, ანუ როდესაც იტალიაში "გზა გაიჭრა". აღნიშნული რეგიონი საბერძნეთთან ახლოსაა და იქიდან გადმოსვლის მსურველთთავის მოსახერხებელია. ასევე ძალიან ბევრი ქართველია ქალაქებში: რეჯო ემილია, რომი, ნეაპოლი, ფლორენცია, მილანი და ა. შ.

თუ რამდენი ქართველი იმყოფება ამჟამად იტალიის ტერიტორიაზე, რთული სათქმელია, რადგან ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს ლეგალური და არალეგალური მიგრაციის გამო. თუმცა, გეტყვით, რომ ორ ათეულ ათასს დიდი ხანია გადავაჭარბეთ. სწორედ ამიტომ, საკონსულოსაც საქმე მოემატა და იგეგმება გენერალური საკონსულოს გახსნა რომელიმე დიდი რეგიონის ცენტრალურ ქალაქში - ბარიში ან მილანში. ეს, ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეებისთვის კეთდება. ადამიანს, რომელსაც ნახევარი დღე აქვს თავისუფალი, ვერ ახერხებს რომამდე ჩამოსვლას, რადგან გზაში მთელი დღე ეკარგება. ამ ცოტა ხანის წინ, საკონსულოში შესაძლებელი გახდა სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაცია და ჩვენთან უკვე არაერთმა ქართველმა წყვილმა იქორწინა.

- იტალიის პარლამენტი პერიოდულად იღებდა კანონს, რომელიც ტერიტორიაზე მცხოვრებ არალეგალ უცხოელებს საშუალებას აძლევდა დარეგისტრირებულიყვნენ და გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ , მოეპოვებინათ იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. ეს თითქმის ყოველ წელიწადს ხდებოდა, მაგრამ 2012 წლის შემდეგ, საკითხს თითქოს ტაბუ დაედო და ათასობით ადამიანი შვებულებით ჩასვლასაც ვერ ახერხებს სამშობლოში. როდის შეიძლება განახლდეს ამ საბუთების გაცემა?

- სამწუხაროდ, ეს საკითხი შეჩერებულია. როგორც წესი, როდესაც იტალიაში მთავრობა იცვლებოდა, ყოველთვის გამოდიოდა ამგვარი ე.წ. ამნისტია. ბოლოს, როდესაც ტექნიკური მთავრობა შეიცვალა, ველოდით კანონის გამოსვლას, მაგრამ არაფერი გაკეთდა. კონკრეტულ მიზეზებზე ლაპარაკი რთულია, ეს იტალიის პოლიტიკაა და მხოლოდ ქართველების პრობლემა არ არის. სავარაუდოდ, სიტუაცია ახლო აღმოსავლეთიდან შემომავალმა ემიგრანტთა უწყვეტმა ნაკადმა გაართულა.

- რამდენიმე თვის წინ, ტოსკანას რეგიონში, ქართველთა 14 კაციანი დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი აიყვანეს. ამჟამად რა მდგომარეობაა კრიმინალის თვალსაზრისით და რამდენი ქართველი იხდის სასჯელს იტალიის ციხეებში?

- კრიმინალის ზრდა არ შეინიშნება. კონკრეტულ ციფრს არ დავასახელებ, ძალიან შიდა სამსახურეობრივი საქმეა. დაახლოებით კი შემიძლია გითხრათ, რომ იტალიაში ასამდე ქართველი პატიმარი გვყავს, რომლებიც ძირითადად ბინების ქურდობისთვის იხდიან სასჯელს და არა სხვა გაცილებით მძიმე დანაშაულისთვის, როგორიცაა მაგალითად ყაჩაღობა. სხვათა შორის, იტალიელი სამართალდამცავებიც აღნიშნავენ, რომ ქართველები არ არიან აგრესიულები.

- გვერდს ვერ ავუვლით ისეთ მძიმე და პრობლემურ თემას, რომელიც საზღვარგარეთ გარდაცვლილი ქართველების სამშობლოში გადასვენებაა. ხშირად, ოჯახი უსახსრობის გამო, საკონსულოსაც აკითხავს. თუ შეიძლება განვმარტოთ, რა ვალდებულებას იღებს ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო და რა თანხებთანაა დაკავშირებული მიცვალებულის გადასვენება?

- 2013 წელს, საქართველოს მთავრობამ მიიღო ახალი კანონი საზღვარგარეთ გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებ, რაც ითვალისწინებს შემდეგს: თუ გარდაცვლილის ოჯახის წევრი საქართველოში, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ შეყვანილია სოციალურად დაუცველთა სიაში, გადასვენების ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ოჯახი ვალდებულია თავად უზრუნველყოს ყველა ხარჯი.

გადასვენება კი, 3000-7000 ევრომდე ჯდება.

- რატომ არის ამხელა განსხვავება?

- ეს დამოკიდებულია იმაზე თუ, იტალიის რომელ რეგიონში ცხოვრობდა გარდაცვლილი. სხვადასხვა რეგიონიდან გადასვენების ხარჯი განსხვავებულია. პიროვნულად შევდივართ ოჯახის მდგომარეობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში საკონსულოს მოვალეობა ძირითადად გადასვენებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, კვლევა და იდენტიფიკაციაა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმეში დიდი წვლილი შეაქვთ აქ მოღვაწე ქართველ მოძღვრებსა და ქართულ ეკლესიებს. ხშირად ეკლესიაში აგროვებენ გადასვენებისათვის საჭირო თანხას. მოგეხსენებათ, გასულ წელს, იტალიამ ქართული ეკლესია აღიარა, რის საფუძველზეც, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს ეკლესიების გახსნისა და მოღვაწეობის უფლება იტალიის მთელ ტერიტორიაზე მიეცათ. უფლება ერთწლიანია და ყოველ წელიწადს უნდა განაახლონ.

ნინო მამუკაძე

სპეციალურად საიტისთვის იტალიიდან