იაცენიუკი VS სააკაშვილი - "კონფლიქტი ოდესის პორტისა და საბაჟოში არსებული ქსელების გამო დაიწყო"
"სააკაშვილის პრემიერად დანიშვნა აშკარად ანტიქართული გადაწყვეტილება იქნება"
"სააკაშვილს შემოსავლის პოტენციური წყაროები გამოაცალეს. ამიტომ ის ვა-ბანკზე წავიდა და უკრაინის მოქმედ პრემიერს აშკარად დაუპირისპირდა"
გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ვებგვერდზე პეტიცია გაჩნდა - "მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერად". უკრაინელი ჟურნალისტი ვლადიმირ ბოიკო "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ექსპრეზიდენტს ძალაუფლების გასაძლიერებლად იყენებს.
ვლადიმირ ბოიკო: - უკრაინის პრეზიდენტი შეეცდება ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი პრემიერ-მინისტრად დააწინაუროს - ეს მას მოქმედი პრემიერის, იაცენიუკის უმტკივნეულოდ ჩაჩოჩების შესაძლებლობას მისცემს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის გარდა, არაფერს აკეთებს. სხვათა შორის, იაცენიუკმა, მოსახლეობაში მხარდაჭერის ნაკლებობის მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნებში ტყუილებით გაიმარჯვა, ახლა კი რამდენიმე თანამზრახველთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრ ავაკოვთან ერთად პარლამენტში სიდიდით მეორე ფრაქციას სრულად აკონტროლებს.
იმ შემთხვევაში, თუ პოროშენკო იაცენიუკთან ბრძოლას აშკარად დაიწყებს, იაცენიუკი საპარლამენტო კრიზისით უპასუხებს. პოროშენკოც იძულებული იქნება საზღვარგარეთ, პირველ რიგში კი, რუსეთში, თავისი აქტივების შესანარჩუნებლად ნებისმიერ დათმობაზე წავიდეს. სწორედ ამიტომ უკრაინის პრეზიდენტი სააკაშვილს არასასურველ ოლიგარქებთან ბრძოლაში აქტიურად იყენებს. თუმცა იაცენიუკის თანამდებობიდან წასვლა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ პრემიერად ავტომატურად მიხეილ სააკაშვილი დაინიშნება.
არ არის გამორიცხული, აშშ-ის გავლენით პრემიერად სულ სხვა პირი მოგვევლინოს. საქმე ის არის, რომ ქარიზმის გარდა, სააკაშვილს სახელმწიფოს მმართველის უნარები არ გააჩნია. ამიტომ მისი პრემიერად დანიშვნა ქვეყანას ეკონომიკურ კრახამდე მიიყვანს. რაც შეეხება უკრაინელების რეაქციას, ისინი დიდი ხანია საქართველოს ექსპრეზიდენტის დადგმულ სპექტაკლს უყურებენ. თანაც, მაშინ როდესაც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარკოველი ვაჭარი, წერა-კითხვის უცოდინარი მართავს, სააკაშვილს კი უკრაინულად წერა და საუბარიც შეუძლია. ეს კონტრასტი სააკაშვილის რეიტინგზე დადებითად მოქმედებს. პარალელურად, უკრაინულ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არალეგიტიმურია და ქვეყანას რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები მართავენ. ამიტომ უკრაინა იძულებულია, პატიოსანი და რეფორმატორი სააკაშვილი შეიფაროს. ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნა აშკარად გამოხატული ანტიქართული გადაწყვეტილება იქნება.
სააკაშვილი საქართველოში რევანშზე ოცნებობს, სწორედ ამიტომ უკრაინა უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის ოფიციალურად დადასტურებაზე. ოფიციალური დებულების გარეშე სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურების დაწყება შეუძლებელია.
სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ ამას ქართველი ხალხი მოისურვებს, რისი შესაძლებლობაც, ჯერჯერობით, არ იკვეთება.
ყოფილი დეპუტატი, "საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა: "სააკაშვილსა და უკრაინის პრემიერ იაცენიუკს შორის კონფლიქტი ოდესის პორტისა და საბაჟოში არსებული ქსელების გამო დაიწყო. მართალია, აქტიური ბრძოლის შემდეგ პორტის ერთი ნაწილი მას დაუთმეს, მაგრამ მოგვიანებით უკრაინის ფისკალურმა სამსახურმა საბაჟოზე ტარიფები გაზარდა, ამიტომ ტვირთების უმეტესობამ დნეპროპეტროვსკისა და კიევის საბაჟოებზე გადაინაცვლა, სადაც ტარიფები ოდესასთან შედარებით საკმაოდ დაბალია. ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს შემოსავლის პოტენციური წყაროები გამოაცალეს. სწორედ ამიტომ ის ვა-ბანკზე წავიდა და უკრაინის მოქმედ პრემიერს აშკარად დაუპირისპირდა.
სააკაშვილი გარანტირებული შემოსავლებისთვის იბრძვის, რომელიც ოდესის პორტში წელიწადში 2-3 მილიარდს აჭარბებს. არადა, იაცენიუკი უკრაინის სახალხო ფრონტის ლიდერია, რომელიც პოროშენკოს კოალიციის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს. ამიტომ მეეჭვება, სააკაშვილმა იაცენიუკის დამარცხება შეძლოს, თუმცა ოდესის პორტზე შეთანხმებას, სავარაუდოდ, მიიღებს. რაც შეეხება სააკაშვილის რევანშს, "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია, ყოველდღიურად იშლება. ისინი შუალედურ არჩევნებში მონაწილეობასაც კი ვერ ახერხებენ და ამას ბოიკოტით ნიღბავენ. თავად სააკაშვილმა პარტიაზე დიდი ხანია ხელი ჩაიქნია და მხოლოდ პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებითაა დაკავებული."
რუსუდან შელია