ჯონდი ბაღათურია: "რუსეთი და რუსი ერი ჩვენი ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირეა"
"რუსეთი არის მოკავშირე და ჩვენი მოძმე ქვეყანა, რომელთან ერთადაც ჩვენ აქამდე შევინარჩუნეთ ჩვენი სახელმწიფო. რუსი ჯარისკაცის და რუსი ხალხის სისხლის ფასად (ბუნებრივია, მათ ქართველებიც ედგნენ მხარში), დავიბრუნეთ საქართველოს ტერიტორიები, აჭარა გამოვგლიჯეთ თურქეთს, იმ თურქეთს რომელსაც დღეს ძმებს უძახიან, რუსების დახმარებით დავიბრუნეთ ახალციხე და ახალქალაქი და დღეს შენარჩუნებული გვაქვს სახელმწიფო"
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია მოსკოვიდან სულ ახლახან დაბრუნდა, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. რატომ იმყოფებოდა ოკუპანტ ქვეყანში და რამდენად სწორია რუსეთთან რაიმე მოკავშირეობაზე ლაპარაკი? - ამ თემაზე ჯონდი ბაღათურია გვესაუბრება:
- ქვეყნის გამთლიანების და გაერთიანების გზა რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობების აღდგენაა, არა ნეიტრალიტეტი ან ორ სკამზე ჯდომა, არამედ რუსეთთან მოკავშირეობა. რუსეთი და რუსი ერი ჩვენი ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირეა და სხვა მოკავშირე ჩვენ სამეზობლოში არ გვყავს. ვითარება, რაც დღეს რუსეთსა და საქართველოს შორისაა შექმნილი სამარცხვინოა. ეს სიტუაცია არაა არც რუსი და არც ქართველი ხალხის მიერ შექმნილი. ის, რაც დღეს ჩვენ შორის ხდება გარედანაა თავსმოხვეული. ჟენევის მოლაპარაკებაში, რომ მესამე მხარედ წარმოაჩენენ თავს, სწორედ მათ მიერაა ინსპირირებული ჩვენი დაძაბული ურთიერთობა. ჩვენ ყოველგვარი მაჭანკლების და შუამავლების გარეშე უნდა ავაწყოთ რუსეთთან ურთიერთობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმესათან ურთიერთობა უნდა გავაფუჭოთ
- 2008 წელს ბომბებს რომ გვაყრიდა რუსული არამია თავზე, ეს კრემლს მესამე ძალამ მოახვია თავზე?
- ჩვენი მოკავშირეების მიერ 2008 წელს საქართველო ხურდაში როგორ გაიცვალა ყველასთვის ცნობილია, ამიტომ ნუ შეეცდებით ამ თემის წამოწევას, რადგან ეს არ დაეხმარება საქმეს. რაც მთავარია ეს თემა დაეხმარება ჩვენ ოპონენტებს, რომლებიც ცდილობენ თავს მოგვახვიონ რუსეთთან კონფლიქტი და მერე მართონ საქართველო მარიონეტული ხელისუფლების ხელით
- ანუ დასავლეთი ჩვენი ოპონენტია?
- ჩვენი ოპონენტები არიან ქართველები, ე.წ. "მედასავლეთეები", როგორიც არიან: "რესპუბლიკური პარტია", "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა. რაც შეეხება დასაველთს, ისინი ჩვენი ოპონენტები არ არიან და არც უნდა იყვნენ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დასავლურ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა, ჩვენ ასევე გვჭირდება ურთიერთობა სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ევროპასთან და სხვა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოკავშირე არის რუსეთი. ეს არის სახელმწიფო რომელსაც შეუძლია იყოს გარანტი საქართველოს მთლიანობის და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების. მიუხედავად, ჩვენი და რუსეთის დღეს არსებული ვითარებისა, რუსეთი რჩება ერთადერთ სახელმწიფოდ, რომელიც თურქეთის შემაკავებელია, ამის საილუსტრაციოდ გადახედეთ რუკას და ნახავთ, რას აკეთებენ თურქები თავის მეზობელ სირიაში ან რას აკეთებენ ისინი ქურთებთან მიმართებაში
- ბატონო ჯონდი, რუსეთი ჩვენთან დამნაშავე არაა?
- თქვენი გამოცემა არის ძალიან აკადემიური და ნუ სვამთ ასეთ პრიმიტიულ კითხვებს, ასეთმა პრიმიტივზმმა მიიყვანა ქვეყანა ჩიხამდე. ვიმეორებ, რუსი ერი და რუსეთი ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა, დღევანდელი კონფლიქტური სიტუაცია არის ანომალია. ამ მდგომარეოაბაში ყოფნა არაა ქართველი და რუსი ერის სურვილი. ასეთი კითხვები ჰგავს ცნობილ კითხვას - რომელი უფრო ადრე იყო კვერცხი თუ ქათამი?! ანუ ვინ პირველად დააშავა ამ ორი ძმის ურთიერთობაში ამის გარკვევის საშუალება რუსებს ექნებათ, მაგრამ არა იმ მიზნით დასმული შეკითხვებით, რომლის მიზანიც არა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, არამედ რუსულ-ქართული ურთიერთობების იარებზე მარილის დაყრაა
- როდესაც რუსეთს ოკუპანტად და დამნაშავედ ვიხსენიებთ ეს პრიმიტივიზმია?
- თქვენ ინტერვიუ კი არ გსურთ, უბრალოდ ლანძღავთ რუსეთს. ბოდიში, მაგრამ ესაა თქვენი სურვილი.
- არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?
- იდიოტურ და კრეტინობამდე დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის აზრს ვერ ვხედავ, თქვენ უნდა ისაუბროთ არსებულ საკითხებზე და უნდა მოეშვათ სააკაშვილის და ბოკერიას რიტორიკით ლაპარაკს. რუსეთი არის მოკავშირე და ჩვენი მოძმე ერი, რომელთან ერთადაც ჩვენ აქამდე შევინარჩუნეთ ჩვენი სახელმწიფო. რუსი ჯარისკაცის და რუსი ხალხის სისხლის ფასად (ბუნებრივია, მათ ქართველებიც უდგნენ მხარში) ჩვენ დავიბრუნეთ საქართველოს ტერიტორიები, აჭარა გამოვგლიჯეთ თურქეთს, იმ თურქეთს რომელსაც დღეს ძმებს უძახიან, რუსების დახმარებით დავიბრუნეთ ახალციხე და ახალქალაქი და დღეს შენარჩუნებული გვაქვს სახელმწიფო
- და რუსეთის წყალობით დავკარგეთ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი... დიდი იმედი მაქვს, რომ დროებით...
- ადამიანებს ვინც ცდილობს, რომ შეკითხვაში ჩადოს ღვარძლი და გააღიზიანოს ქართველები და რუსები, უნდათ რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მართლაც დაკარგული იყოს და შემდეგ ეს გამოიყენონ რუსი და ქართველი ერის დასაპირისპირებლად. მინდა გითხრათ არაფერია დაკარგული, მართალია სააკაშვილს უნდა ქართველებს და რუსებს შორის იყოს მტრობა, მაგრამ, მინდა, მას გული დავწყვიტო და ვუთხრა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს.
- ბატონო ჯონდი, რა განსხვავევბაა თქვენსა და ჟირინოვსკის რიტორიკას შორის?
- უკიდურესად არასერიოზულ შეკითხვებ მისვამთ. მე ასეთ კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ასეთ დაბალ დონეზე ვერ დავალ.
- ჩვენში ბოლო ხანს მომრავლდნენ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთისდან ფინანსდებიან, თქვენც დაგპირდნენ დაფინანსებას?
- ვიმეორებ, ასეთ არასერიოზულ კითხვებს პასუხს არ გავცემ.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)