რატომ ესწრებოდა წამების შემზარავი კადრების ქალაქის ცენტრში ჩვენებას ზუგდიდის მერი?!
"საზოგადოებამ წინა ხელისუფლების მმართველობის მეთოდებზე მეტი უნდა იცოდეს" - ვინ და რატომ აჩვენა წამებისა და გაუპატიურების კადრები ქუჩაში?!
"ის, რაც ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ვიხილეთ, არაკანონიერი და დასჯადი ქმედებაა. სახეზეა, როგორც არასრწულოვანთა მიმართ, ისე პირადი და გამოძიების საიდუმლოების ხელმყოფა"
(იხილეთ ასევე: მეგის ქარდავას შურისძიება?! - როგორ აღმოჩნდა შემზარავი ვიდეომასალა უკრაინულ საიტზე)
რამდენიმე დღის წინ, უკრაინულ ვებგვერდ tube.ua -ზე გამოქვეყნებული წინა ხელისუფლების დროს, სავარაუდოდ, სამეგრელოს ერთ-ერთ სამართალდამცავ უწყებაში გადაღებული წამების ამსახველი ვიდეომასალა მოგვიანებით საზოგადოებას ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე და თბილისშიც უჩვენეს. ოფიციალური ინფორმაციით, ჩვენების ორგანიზატორი "საზოგადოებრივი დარბაზი" გახლდათ, თუმცა ადგილზე ზუგდიდის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ვინ ან რატომ გადაწყვიტა სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების საჯარო სივრცეში, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ტერიტორიაზე ჩვენება, "კვირის პალიტრა" ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას დაუკავშირდა:
- ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების ჩვენების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია გახლდათ - ცალსახად ვაცხადებ, პროცესში ზუგდიდის თვითმმართველობა არ მონაწილეობდა. ვფიქრობ, დეზინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება, პროცესის მთავარი მიზანი კი, ადგილობრივი ხელისუფლების დისკრედიტაციაა.
- რომელ დეზინფორმაციაზე ვსაუბრობთ, როდესაც ჩვენებაზე თქვენი ყოფნის ამსახველი კადრები არსებობს? არ ფიქრობთ, რომ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ტერიტორიაზე მსგავსი ჩვენებების მოწყობაზე პასუხისმგებელი პირადად თქვენც ხართ?
- მოედანზე მართლაც გახლდით, თუმცა მხოლოდ ერთადერთი მიზნით - ინფორმაცია მქონდა, რომ გარკვეული ჯგუფი ადგილზე პროვოკაციებს გეგმავდა. დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად არ უნდა მივსულიყავი? მადლობა ღმერთს, ეს მოვახერხეთ?
- პირადად რატომ მიხვედით, როცა პროვოკაციის პრევენციისთვის სამართალდამცავებისთვის დახმარების თხოვნა შეგეძლოთ?
- როგორც კი ინფორმაცია მივიღე, ადგილზე მივედი, რა უნდა მექნა... ფაქტის წინაშე დავდექი და პროცესში უშუალოდ ჩავერთე. სამართალდამცავების ჩართვის დრო არ გვქონდა, სასწრაფოდ უნდა გაგვენეიტრალებინა ვითარება. ვიმეორებ, მადლობა ღმერთს, პროვოკაციას გაგრძელება არ მოყოლია.
- ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მსგავსი ჩვენების გამართვაზე ნებართვა თქვენ გაეცით?
- კვირა დღე იყო, ნებართვა როგორ უნდა გამეცა?!
- ანუ, ჩვენება უნებართვოდ დაიგეგმა და თქვენ შესაბამისი სამართლებრივი ზომები არ მიგიღიათ?
- როგორც ვიცი, ჩვენება სპონტანურად დაიგეგმა. სხვას ვერაფერს გეტყვით.
- ისე, ადგილზე მსგავსი ფორმატითი კადრების საზოგადოებისთვის ჩვენებას ამართლებდით კიდეც...
- ჩვენების ფორმატზე ვერ გიპასუხებთ, ეს "საზოგადოებრივ დარბაზს" ჰკითხეთ, თუმცა ნამდვილად ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ წინა ხელისუფლების მმართველობის მეთოდებზე მეტი უნდა იცოდეს. გმადლობთ, საუბარი აქ შევწყვიტოთ, სხვას ვერაფერს გეტყვით.
ლევან ალაფიშვილი, იურისტი: "ის, რაც ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ვიხილეთ, არაკანონიერი და დასჯადი ქმედებაა. სახეზეა, როგორც არასრწულოვანთა მიმართ, ისე პირადი და გამოძიების საიდუმლოების ხელმყოფი, ამასთან მართლმსაჯუულების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ყველაფერთან ერთად, შესაძლოა ამ შემთხვევაში თანამდებობრივი დანაშაულიც გამოიკვეთოს. ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიებამ უნდა იმსჯელოს და საბოლოო ვერდიქტი სასამართლომ გამოიტანოს. თუ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაიწყება, ეს დამატებითი დანაშაული იქნება".
რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)