როდის გაჩნდა ღარიბაშვილისა და ივანიშვილს შორის პირველი ბზარი და რა შეიძლება აკავშირებდეს პრემიერის გადადგომასთან მურუსიძეს?!
"ივანიშვილმა ღარიბაშვილი შვილივით გაზარდა. პრემიერს ჩაბარებული ჰქონდა ამხელა ბიუჯეტი და მისთვის უკანონოდ თეთრი არ მოუკლია"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან ისე გადადგა, საზოგადოებამ ინფორმაციის სრულად გაცნობიერებაც ვერ მოასწრო. თანაც თუ 23 დეკემბრის დილით, ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოზე გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერის ადმინისტრაციამ კატეგორიულად უარყო, საღამოს საგანგებო ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი პოსტიდან წასვლის შესახებ იუწყებოდა. აღსანიშნავია, რომ სიტყვის დასასრულს მან მადლობა ოჯახს, მეუღლესა და შვილებს გადაუხადა, თუმცა არ გახსენებია ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მემკვიდრედაც ის 2013 წელს დასახელდა და რომლისთვისაც სამადლობელ სიტყვებს არასდროს იშურებდა. ერთი შეხედვით, ღარიბაშვილი ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო, თუმცა მისი პათოსი და ისიც, რომ მხოლოდ კამერების წინ მოისურვა გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთება, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მთლად თავისი ნებით არ მიუღია ეს გადაწყვეტილება.
მას არც წასვლის მოტივი აუხსნია საზოგადოებისთვის და არც სამომავლო გეგმებზე ულაპარაკია.
უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, მან იცოდა, რომ ღარიბაშვილი ფიქრობდა წასვლაზე, მაგრამ ეს თუ ასე მალე მოხდებოდა წარმოდგენა არ ჰქონდა. უმრავლესობის სხვა წევრებმა კი აშკარად ისიც არ იცოდნენ, ღარიბაშვილი წასვლას თუ გეგმავდა. დაბნეულობა ეტყობოდა მინისტრთა კაბინეტსაც.
ამჯერად პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, უფლება-მოსილებები მინისტრებსაც შეუჩერდათ. ჯერი ახლა პარლამენტზეა, რომელმაც მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის ღარიბაშვილს პრემიერის თანამდებობაზე, ან რა გეგმები აქვს მას მომავალში - დარჩება პოლიტიკაში თუ საბანკო სექტორში დაბრუნდება?
ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებითვე, პრემიერის თანამდებობაზე ყველაზე რეალური კანდიდატი საქართველოს საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია.
ოფიციალური განცხადებების მიღმა კი, კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობიდან წასვლა რამდენიმე მინისტრსაც მოუწევს...
(იხილეთ: ვინ ვის შეცვლის ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ?! - 2015 წლის უკვე განხორციელებული და მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები)
რატომ გადადგა ასე მოულოდნელად ირაკლი ღარიბაშვილი? ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს.
ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ამის მიზეზი მომავალი საპარლამენტო არჩევნებია, რომელშიც მონაწილეობა მმართველმა კოალიციამ აუცილებლად გადახალისებული შემადგენლობით უნდა მიიღოს.
გადადგომის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის პირველივე წუთებიდან დაიწყო ლაპარაკი, რომ ღარიბაშვილი პარტია "ქართულ ოცნებას" ფიქტიურად კი არა, ფაქტობრივად ჩაუდგებოდა სათავეში და კოალიციის საარჩვენო სიის პირველი ნომერი იქნებოდა და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ იყო მიღებული, თუმცა ეს რომ ასე იყოს, ალბათ სპეციალურად გაკეთებულ განცხადებაში ღარიბაშვილი ორიოდე სიტყვით ამას როგორმე ახსენებდა.
ჩვენი ერთ-ერთი წყაროს მტკიცებით კი ღარიბაშვილმა აქამდეც რამდენჯერმე დააპირა წასვლა, მათ შორის დაახლოებით ერთი წლის წინანდელი ე.წ. ჯანყარაშვილი-ჩხენკელების სკანდალისას, თუმცა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა შეგირდი მხოლოდ მკაცრად გააფრთხილა და წასვლის უფლება არ მისცა.
ამ სკანდალის თაობაზე სუბრისას, ა.წ. თებერვალში, ექსპერტმა მამუკა არეშიძემ "კვირის პალიტრასთან" განაცხადა:
"ივანიშვილმა ღარიბაშვილი შვილივით გაზარდა. პრემიერს ჩაბარებული ჰქონდა ამხელა ბიუჯეტი და მისთვის უკანონოდ თეთრი არ მოუკლია. ამიტომაც ივანიშვილი ღარიბაშვილს უაღრესად ენდობოდა და ვფიქრობ, ახლაც ენდობა. თუმცა, ამ ნდობას ცოტა ბზარი კი გაუჩნდა, რისი მიზეზიც ის არის, რომ გამოჩნდნენ პირები, მათ შორის ღარიბაშვილის ნათესაობიდან, ვინც ღარიბაშვილ-ივანიშვილის ურთიერთობით ცხოვრების მოწყობა მოინდომეს. ივანიშვილი ვერ იტანს ტყუილს და ვერ იტანს, როდესაც ფულს ჰპარავენ. ღარიბაშვილს ვერ დავაბრალებთ ფულის მოპარვას, მაგრამ ტყუილი მას პირადად თუ არ უთქვამს, თქვეს მისი უახლოესი გარემოცვის წევრებმა. ის, როგორც იქცეოდა ეს გარემოცვა, სიცრუის ფონს ქმნიდა. ივანიშვილს ატყუებდნენ სხვადასხვა დონეზე და ამ ტყუილების გამო ბევრჯერ უხერხულ მდგომარეობაშიც კი ჩავარდა".
ჩვენივე წყაროს მტკიცებით, პრემიერობიდან წასვლას ღარიბაშვილი მას მერეც ფიქრობდა, თუმცა არამც და არამც ახლა. ყველაფრის მიზეზი კი გახდა მისი და იუსტიციის საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის შეხვედრა. როგორც კულუარებში ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი გადადგომამდე ორი დღით ადრე ლევან მურუსიძეს შეხვდა. შეგახსენებთ, წინა ხელისუფლების დროს, სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის გახმაურებული საქმეების მოსამართლე, ლევან მურუსიძემ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომ მას უვადო მოსამართლედ დანიშვნა სურს. მურუსიძის სურვილმა საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გაამძაფრა განცდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი აბსოლუტურ ილუზიად იქცა.
ამბობენ, რომ ლევან მურუსიძე ირაკლი ღარიბაშვილს კონკრეტული წინადადებით შეხვდა - მან პრემიერს სასამართლოში მის გარემოცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საქმეების განხილვები შეახსენა და იმასაც დაპირდა, თუ სააპელაციო სასამართლოში დანიშვნის გარანტიას მიიღებდა, მოსამართლეებთან "ტენდერების საქმეებზე" პრემიერის ახლობლების წინააღმდეგ განაჩენი არ დადგებოდა.
კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ლევან მურუსიძის მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილამდე იმ დღესვე მივიდა, რომელმაც კონკრეტული გადაწყვეტილებაც მეორე დღეს მიიღო. სავარაუდოდ, ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელობის დაბნეულობაც ამით აიხსნება - ირაკლი ღარიბაშვილის გადადომა სწორედ ერთი დღის წინ მოულოდნელად გადაწყდა.
პოლიტიკური წრეების შიგნით არაერთხელ გავრცელებულა ხმა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან გადადგომა მოუწევდა, რაც ძირითადად, მისი ნათესავების საეჭვო საქმიანობით იყო გამოწვეული. ინფრასტრუქტურის სამინისტროში ღარიბაშვილის მეუღლის მამიდაშვილთან, ზვიად ჯანყარაშვილთან ასოცირებული ყოფილი თანამდებობის პირებისა და მათ მიერ ჩატარებული ტენდერები მიმართ კითხვის ნიშნები მუდმივად ჩნდებოდა. "წყალმომარაგების კომპანიის" ყოფილი ბუღალტერი თითქმის წელიწადია დაკავებულია, რომელმაც ცოტა ხნის წინ კომპანიიდან სამი მილიონი ლარის მოპარვის სქემაში ჯანყარაშვილის ინტერესებზეც ილაპარაკა.
პ.ს. საინტერესოა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მეორე დღეს, აწ უკვე ყოფილი პრემიერები ღარიბაშვილი და ივანიშვილი საზოგადოებაში, ფაქტობრივად, ერთად გამოჩნდნენ. ისინი გიორგი კვირიკაშვილის დედის დაკრძალვაზე თითქმის ერთდროულად მივიდნენ. მედიის წარმომადგენლებმა სცადეს მათთვის კითხვების დასმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა ივანიშვილმაც და ღარიბაშვილმაც ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.
იხილეთ ასევე: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის ყველაზე შთამბეჭდავი მომენტები
რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)