"ერთხელ ჩიორა თაქთაქიშვილი ევროსაბჭოს დეპუტატს ჩემ თვალწინ მიუცუცქდა"
"ვერ ვიტყვი, რომ ქვეყანაში შიმშილია"
"თავად ნატო არ აღმოჩნდა მზად საქართველოსთვის მაპ-ი რომ მიენიჭებინა"
რას ფიქრობს ნატო-ს მომავალ სამიტზე და აპირებს თუ არა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, kvirispalitra.ge - სთან უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე საუბრობს:
- ადამიანებს, რომლებიც ვითარებას საღად ვაფასებთ, ნატო-ს მომავალი სამიტიდან მაპ-ის მიღების მოლოდინი არც გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა შესრულებულია, თავად ნატო არ აღმოჩნდა მზად საქართველოსთვის მაპ-ი მიენიჭებინა. მიზეზი კი, საერთაშორისო მოცემულობაა - რუსეთის მუქარების ფონზე, საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება ნატო-ს მეტ ვალდებულებებს დააკისრებს. არადა, თავად ნატო-ც იმაზე ფიქრობს, გაერთიანების წევრი ქვეყნები მოსალოდნელი აგრესიისგან დაიცვას. რეალურად ნატო-ს უჭირს დაასაბუთოს, რატომ ვერ ვიღებთ მაპ-ს მაშინ, როდესაც ქართული მხარე ამ მხრივ ინტენსიურად მუშაობს.
- უკვე რამდენიმე წელია ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის ძირითად შემადგნელობაში ხართ, ფიქრობთ, რომ პირადად თქვენ, თუნდაც ევროპის საბჭოში ქვეყნის მისამართით არსებულ კითხვებს კონკრეტულ და არგუმენტირებულ პასუხებს სცემთ?
- ჯერ ერთი, ცხადია, ქვეყანაში რაღაცები ხდება, რაც დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ჯერ კიდევ ევროსაბჭოს მონიტორინგის ქვეშ მყოფი სახელმწიფო ვართ, ამიტომ როგორ ფიქრობთ, ჩვენთან გაფურჩქნილი დემოკრატია იქნება? უამრავი რამეა გასაკეთებელი, მაგრამ ფუნდამენტური საკითხები ბოლო წლებში რეალურად გამოსწორდა. უბრალოდ, გარკვეული ნიუანსები ევროსაბჭოს გაზვიადებულად მიეწოდება. ჩვენ რომ გვქონდეს შესაძლებლობა ამ ადამიანებს ავუხსნათ და ვუთხრათ, რომ არასწორ ინფორმაციებს იღებენ, ის რეზოლუციებიც არ იქნებოდა, რაც ხანდახან ევროსაბჭოში გადის ხოლმე.
- რა გიშლით ხელს სახელმწიფოს ინტერესებისთვის დამაზიანებელი რეზოლუციის მიღებას ხელი შეუშალოთ თუ ამის შესაძლებლობა რეალურად გაგაჩნიათ?
- ევროსაბჭოში ასი ადამიანი ზის. იქ ბევრად შეკრული პარტიები არიან. განსაკუთრებით კი, სახალხო პარტია, რომელიც ყოველთვის ცდილობს მხარი მის პარტიასთან კავშირში მყოფ ადამიანს დაუჭიროს. თანაც გამოცდილების თემაცაა - დღეს ბევრად გამოცდილი ვარ, ვიდრე ორი წლის წინ ვიყავი, ბევრი რამ ვისწავლე. სხვათა შორის, ზვიად კვაჭანტირაძესაც ჩაუტარეს სპეციალური ტრენინგები, რადგან ევროსაბჭოში მიხვდნენ, რომ ახალ წევრებს გარკვეულ საკითხებში მეტი ინფორმაციის მიწოდება სჭირდებათ. თავს არ ვიქებ, მაგრამ პირადად ჩემი კომიტეტი კარგად მუშაობს. თაქთაქიშვილი და კანდელაკი კი ყველაფერს კადრულობენ, რომ ევროსაბჭოს საქართველოს წინააღმდეგ კრიტიკული რეზოლუციები მიაღებინონ. მიუცუცქდებიან დეპუტატებს და არასწორ ინფორმაციებს აწვდიან.
ერთხელ თაქთაქიშვილი ევროსაბჭოს დეპუტატს ჩემ თვალწინ მიუცუცქდა, გადავირიე, ჩემ თვალწინ ამდენ ტყუილს როგორ კადრულობ-მეთქი. ჩვენი დელეგაციის წევრები ვერ იკადრებენ ინდივიდუალურად მივიდნენ ადამიანებთან და ეხვეწონ, მხარი რას დაუჭირონ და რას - არა. მიუხედავად ამისა, რაღაც-რაღაცებს ვახერხებთ, მათ შორის, რეზოლუციიდან ამოვაღებინეთ ბიძინა ივანიშვილის საკითხი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამტკიცებდნენ საქართველოში არაფორმალური მმართველობააო. ევროსაბჭომ ჩვენი ინფორმაციის საფუძველზე ჩათვალა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს.
- ცოტა ხნის წინ, განაცხადეთ, რომ "ვანოს შოუში"გასული ვიდეო თქვენ წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილია. რატომ ჩათვალეთ საჭიროდ, გასართობი შოუს ოფიციალური განცხადებით გამოხმაურებოდით?
- "რუსთავი 2"არასოდეს მწყალობდა, ქალბატონი მანანასა და ეკას უფრო იწვევდნენ ეთერში, მე კი, ფაქტობრივად, არ მიწვევდნენ, ახლა კი ჩვენმა გაერთიანებამ გამაკვირვა. არ გამოვრიცხავ, ჩემ პერსონაზე აგებული ხუმრობები მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდებოდეს. თუ შუბის თემა ზამთრის სეზონთან ერთად ამოიწურება, ჩავთვლი, რომ ეს მართლაც ხუმრობაა, მაგრამ თუ მომავალშიც გაგრძელდა, ჩემი ეჭვებიც გამართლდება. ცხოვრებაში ამორალური არაფერი გამიკეთებია, კორუფციაში ბრალდებული არასოდეს ვყოფილვარ და მხოლოდ ჩემ ინგლისურზე ლაპარაკობენ. "თუ-თუ-თუ" რატომ გაიმეორე ბევრჯერო რომ ამბობენ, ამ ადამიანებს მივმართავ - მოგეხსენებათ, "თუ"-ს ინგლისურში ყოველთვის ზმნა მოსდევს, ამიტომ ვცდილობდი "ნაციონალური მოძრაობის" გასაკრიტიკებლად ისეთი სიტყვა მომეძებნა, რომელიც მწვავე, მაგრამ დელიკატურიც იქნებოდა. იმ მომენტში სწორედ ასეთ ზმნას ვიხსენებდი, ამიტომ ვფიქრობ, აქ სასაცილო არაფერია.
- ითქვა, რომ მომავალ პარლამენტში მოსახვედრად კვალიფიციურ ადამიანებს ეძებენ. ახალ სიაში თქვენც ცდილობთ მოხვედრას?
- ობიექტურად ვთქვათ, რატომ არ უნდოდა მინდოდეს? გამოცდილებაც მაქვს, იურიდიული ცოდნაც, ენერგიაც და კეთილსინდისიერადაც ვმუშაობ. თანაც, როგორ ვხედავ, შემდეგი პარლამენტი უფრო მოიცლის ისეთი საკითხებისთვის, რომლებიც ჩემთან ახლოსაა. შევხედავ, თუ დავინახე, რომ ათი თავით ჩემზე უკეთესი ადამიანები შეარჩიეს, თავად ვიტყვი სიაში შესვლაზე უარს, მაგრამ თუ ეს ვერ შევამჩნიე, განაცხადი მე რატომ არ უნდა გავაკეთო? ჯერჯერობით, ამაზე ლაპარაკი არ მიდის, ამიტომ მოვლენებს წინასწარ არ გავუსწროთ, როგორც საქმეს დასჭირდება, ისე მოვიქცევი. ფაქტია, რომ სიისთვის საკმაოდ ფართო ქასთინგი ჩატარდება, მაგრამ პოლიტიკოსობა მხოლოდ ინტელექტს არ გულისხმობს. ზოგჯერ უნდა გარისკო და არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც მიიღო. ზოგჯერ ხალხს ჩემი სიმართლე სწყინს, მაგრამ ჩემი უპირატესობა ისაა, რომ არასოდეს ვიტყუები.
- მაშინაც გულწრფელი იყავით, დიასახლისებს 20 ლარად სადილის მომზადების რეცეპტი რომ გაანდეთ ან ათ ლარად შეძენილი ზეთის ბოთლის რაოდენობას ითვლიდით?
- დიახ, 20 ლარად ნოყიერი სადილის მომზადება შესაძლებელია. შესაძლოა, ვიღაც მეტს ხარჯავს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, 20 ლარად კარგი სადილი დიასახლისმა ვერ მოამზადოს. 10 ლარითაც ოთხი ბოთლი ზეთის შეძენაც შეიძლება, ბაზარშიც გავიარე და ერთი ბოთლი ზეთი 2,5 ღირდა. შესაძლოა 10 ლარით პენსიის გაზრდა ვიღაცეებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ სახელმწიფოსგან ეს ნაბიჯი უდავოდ დასაფასებელია.
- ისე, თუ დაინტერესებულხართ სტატისტიკით, საქართველოში რამდენ ოჯახს აქვს შესაძლებლობა ერთ სადილში 20 ლარი გადაიხადოს?
- სტატისტიკით ამაზე ლაპარაკი რთულია, მაგრამ იმ ოჯახების გარდა, ვინც სოციალურ დახმარებას იღებს, ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა აქვს. საქართველოში არც ისე ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც თვის განმავლობაში სადილის მომზადებაში 600 ლარს ხარჯავს.
- და როგორც დეპუტატმა ის თუ იცით, რამდენი სოციალურად დაუცველია საქართველოში?
- ოფიციალური მონაცემები არსებობს და სახელმწიფომ იცის, რამდენი იღებს დახმარებას დ ვის სჭირდება დღეს შესაბამისი მხარდაჭერა. სხვათა შორის, ჩემს ახლობლებშიც არიან უმუშევრები, რომლებსაც ყოველ თვე ჩემი ხელფასიდან ვეხმარები. ყველას ჰყავს დღეს ისეთი ახლობელი და ნათესავი, ვინც გაჭირვებულებს ეხმარება, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ქვეყანაში შიმშილია.
რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)