"კონტრაქტი ორწლიანია" - ვერა ქობალია ავსტრალიის მთავრობამ დაასაქმა
ვერა ქობალიას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოსტი 2010-2012 წლებში ეკავა
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ავსტრალიის მთავრობამ ინდონეზიაში საერთაშორისო ბიზნეს-მრჩევლად მიიწვია.
როგორც "ბიზნესკონტაქტს" ვერა ქობალიამ განუცხადა, ინდონეზიაში რამდენიმე დღეში გაემგზავრება.
"როგორც საქართველოს ეხმარება მსოფლიო ბანკი, USAIDდა სხვები რეფორმების გატარებაში, ისე ინდონეზიის მთავრობას აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ავსტრალია. სწორედ ავსტრალიის მთავრობისგან მივიღე მოწვევა. კონტრაქტი ორწლიანია. ჩემი ძირითადი ფუნქცია ბიზნეს და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით ინდონეზიის მთავრობისთვის რჩევების მიცემა და კონსულტაცია იქნება".
ვერა ქობალია ქალაქ სოხუმში დაიბადა. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შედეგად 1996 წელს ოჯახთან ერთად ემიგრირებული იყო კანადაში. 2010 წლის თებერვალში ქობალია დაბრუნდა საქართველოში. ვერა ქობალიას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოსტი 2010-2012 წლებში ეკავა. ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი სიმპათიის გამო დაინიშნა ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ვერა ქობალიამ საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელა. "მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა" ვერა ქობალია 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა. იგი ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელმაც მსგავს ნომინაციაში გაიმარჯვა.