რას საქმიანობენ დღეს სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ქალები
მოქმედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, წინამორბედი მმართველები მაღალ თანამდებობებზე ქალბატონების სიჭარბით გამოირჩეოდნენ. თუმცა, მათი უმრავლესობა დღეს საჯაროდ ნაკლებად ჩნდება.
"კვირის პალიტრა" ყოფილი მაღალჩინოსანი ქალბატონების ბედით დაინტერესდა:
ვერა ქობალია
2010 წელს კანადიდან თბილისში პირდაპირ მინისტრის სავარძელში მოხვედრილ 28 წლის ქალს ეკონომიკის სამინისტრო ისე ჩააბარეს, ფაქტობრივად, არავინ იცნობდა. თუმცა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა და თითქმის სამი წლის განმავლობაში ჭორები არ მოჰკლებია. დღეს მისი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულია - 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ჯერ სააკაშვილის მრჩევლად დაინიშნა, მოგვიანებით, ტურისტული ბიზნესი წამოიწყო, რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ყოფილი მინისტრი ავსტრალიის მთავრობამ ინდონეზიაში საერთაშორისო ბიზნესმრჩევლად მიიწვია. როგორც ვერა ქობალია აღნიშნავს, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაქსიმალურად ცდილობს თავისუფალი დრო შვილთან, სამი წლის ანასტასიასთან გაატაროს.
ხათუნა კალმახელიძე
ხათუნა კალმახელიძე სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე 2009 წლის 21 დეკემბერს დაინიშნა და აღნიშნულ თანამდებობას 2012 წლის 19 სექტემბრამდე იკავებდა. ვერა ქობალიას მსგავსად, საზღვარგარეთ 15-წლიანი ცხოვრების შემდეგ, საქართველოში პირდაპირ მინისტრთა კაბინეტის წევრად დაბრუნდა. ამბობენ, რომ მან განათლება ამერიკაში, სააკაშვილთან ერთად მიიღო. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხათუნა კალმახელიძემ საქართველო დატოვა და ოჯახთან ერთად მონაკოში გაემგზავრა. ცნობილია, რომ კალმახელიძე მონაკოს პრინცის ოჯახთან მეგობრობს, მისი ბიძა კი ევროპის პოლიტიკურ წრეებში გავლენიან ფიგურად ითვლება. ითქვა ისიც, რომ ექსმინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სწორედ ბიძამისის გავლენით შეჩერდა. კალმახელიძე პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს.
ნინო კალანდაძე
ნინო კალანდაძე პოლიტიკაში 2004 წელს გამოჩნდა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" სიით პარლამენტის წევრი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. 2008 წლიდან 2012 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 2012 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას და იმავდროულად კავკასიის უნივერსიტეტის დეკანია. 2015 წელს კალანდაძე ფონდ "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" მმართველად დაინიშნა. ნინო კალანდაძეს ხუთი წლის ვაჟი ჰყავს.
ეკა ტყეშელაშვილი
ხელისუფლების ცვლილებამდე ეკა ტყეშელაშვილს ვიცე-პრემიერისა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა. მანამდე კი პრეზიდენტის მრჩეველი გახლდათ ეროვნული უშიშროების საკითხებში. ეკა ტყეშელაშვილს ასევე ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის, გენერალური პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის თანამდებობები. 2012 წლის არჩევნების შემდეგ მან არასამთავრობო ორგანიზაცია - "საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი" შექმნა, რომლის პრეზიდენტიც თავადვე გახდა.
მაია ნადირაძე
მაია ნადირაძე თავდაპირველად "ტრადიციონალისტთა პარტიის" წევრი გახლდათ, ნინო ბურჯანაძესთანაც მეგობრობდა, მაგრამ მოულოდნელად არჩევანი მიხეილ სააკაშვილზე გააკეთა. სკანდალური გამონათქვამების გამო, 2006 წელს ნადირაძემ პოლიტიკურ კულისებში გადაინაცვლა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად, საჯარო სივრცეში 2012 წელს ისევ გამოჩნდა - სპორტის სასახლეში შეკრებილ ყოფილ თანაპარტიელებს შეუერთდა. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ნადირაძე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში მუშაობდა და სოლიდური ანაზღაურებაც ჰქონდა. როგორც 2014 წლის დეკლარაციაში აქვს მითითებული, 2013 წელს ხელფასის სახით 287. 110 ლარი მიიღო. ექვსი წლის განმავლობაში კი ამ საქმიანობამ მილიონ–ნახევრამდე ლარის შემოსავალი მოუტანა. მას კომისიის წევრობის ვადა 2015 წელს ამოეწურა.
ეკა შარაშენიძე
ეკატერინე შარაშენიძე სააკაშვილის გვერდით 2006 წელს გამოჩნდა. ისიც საზოგადოებამ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ გაიცნო, თუმცა მაღალი თანამდებობის დატოვებამ მალევე მოუწია. ეკა შარაშენიძე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში, თბილისის მერიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თანამდებობებზე ყოფნისას შარაშენიძეს ორმაგი, ქართულ-ამერიკული მოქალაქეობა ჰქონდა. როგორც ამბობენ, დღეს ის ამერიკაში ცხოვრობს და კერძო კომპანიაშია დასაქმებული.
ალანა გაგლოევა
ალანა გაგლოევა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივნად 2009 წელს დაინიშნა, თუმცა მალევე ამ თანამდებობაზე ნათია ბანძელაძემ ჩაანაცვლა, გაგლოევას კი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული კულტურული საკითხების მოგვარება ჩააბარეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაგლოევა საჯარო სივრცეში გამოჩენას ერიდება. ცოტა ხნის წინ დედა გახდა და პატარა გუგას ზრდის. მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკა გუგეშაშვილია.
იხილეთ ვიდეო
რუსუდან შელია