"თუ მოსახლეობაში იქნება კონსენსუსი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ, კონსტიტუციაში რაც უნდა ეწეროს, აზრს დაკარგავს"
"რომ იცოდეთ ქორწინება რა მოსაწყენია, ერთი სქესის ადამიანები კი არა, ქალები და კაცებიც აღარ დაქორწინდებოდნენ"
"მას შემდეგ, რაც წამოიჭრა ინიციატივა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ, სწორად მიმაჩნია, რომ კონსტიტუციაში იყოს გაწერილი ქორწინება , როგორც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა"
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შემდეგ, რომ კოალიცია მხარს დაუჭერდა კონსტიტუციაში შესწორების შეტანას, რომლის მიხედვითაც ქორწინება, როგორც ქალისა და კაცის ერთობა, ისე განიმარტებოდა, საკნონდებლო ინიციატივა უკვე მომზადდა. მართალია "რესპუბლიკური პარტია" ამ ცვლილებების მოხმრე არ არის, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმ 80 დეპუტატისთვის, რომლებმაც ამ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართეს. ვინაიდან, დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, რთული წარმოსადგენია ამ საკანონმდებლო ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაუჭიროს მხარი, ამ საკითხის გატანის შანსი თითქმის არ არსებობს. ამიტომაც, გამოითქვა ვერსიები, რომ ეს განცხადება მხოლოდ პოპულიზმზეა გათვლილი, თუმცა, სხვების თქმით, საკითხის დასმა სრულიად ლეგალურია...
ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირების ავტორთა შორის "თავისუფალი დემოკრატების" წევრებიც არიან. ხოლო ავტორი ფრაქციები - "ქართული ოცნება", "ქართული ოცნება - კონსერვატორები", "ქართული ოცნება - მრეწველები", და "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმია".
პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში გაიწერება, რომ ოჯახის შექმნის მიზნით ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია. კერძოდ, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდება: ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება. რას ფიქრობენ ამ ინიციატივაზე საზოგადოების წარმომადგენლები?
არჩილ გამზარდია, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი:
- ამგვარი ცვლილების აუცილებლობას ვერ ვხედავ, რადგან ჩვენი კანონმდებლობით ეს ისედაც ცხადია. ვფიქრობ, ეს თემა აქამდეც გარკვეულმა ჯგუფებმა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს და არ არის გამორიცხული დღესაც ამასთან გვქონდეს საქმე.
შალვა რამიშვილი, ჟურნალისტი:
- ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია, კონსტიტუციაში იქნება თუ არა ეს ჩანაწერი. არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც ქორწინება არის ქალისა და კაცის ერთობა და ამის შეცვლას პარლამენტში ხმათა უმრავლესობა სჭირდება, კონსტიტუციის შეცვლას კი - ორი მესამედი. ოდესმე საქართველოში, ათწლეულების ან ასწლეულების შემდეგ, დადგება დრო, როდესაც ერთსქესიანთა ქორწინების მიმართ დამოკიდებულება უფრო ლმობიერი იქნება, ხალხი ამას დაეთანხმება. რის შემდეგაც პარლამენტი კანონის შეცვლაზე დაიწყებს მუშაობას და შეცვლიან კონსტიტუციასაც. რადგან იქამდე შორია, მიმაჩნია, რომ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა, ამით არაფერი ფუჭდება. კონსტიტუციაში ჩაწერით ვითომ უფრო ამყარებენ იმას, რომ არ დაიშვას ერთსქესიანთა ქორწინება, მაგრამ ამის შესაძლებლობას ამ ეტაპზე ისედაც ვერ ვხედავ. ჩვენში საზოგადოებრივი აზრი არ არის მზად ამისთვის, წარმოდგენა არ მაქვს ჩვენი საზოგადოება ამისთვის მზად როდის იქნება.
ია ანთაძე, მედიაექსპერტი:
- თუ მოსახლეობაში იქნება კონსესუსი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ, კონსტიტუციაში რაც უნდა ეწეროს, აზრს დაკარგავს, რადგან მაინც ისეთი ცვლილება მოხდება, რომელიც ერთი სქესის მქონე ადამიანებს საშუალებას მისცემს გააფორმონ ქორწინება. ახლა კი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა ჩანაწერი იქნება კონსტიტუციაში, რადგან ჯერჯერობით მოსახლეობა ამისთვის მზად არ არის.
დავით ქაცარავა, მსახიობი:
- მას შემდეგ, რაც წამოიჭრა ინიციატივა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ, სწორად მიმაჩნია, რომ კონსტიტუციაში იყოს გაწერილი ქორწინება , როგორც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა. ვფიქრობ, რომ ეს კარგი ინიციატივაა და უნდა მიიღონ ეს კანონი!
ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი:
- თქვენ რომ იცოდეთ ქორწინება რა მოსაწყენია და როგორ აფუჭებს ეს შტამპი ქალისა და კაცის ურთიერთობას, ერთი სქესის ადამიანები კი არა, ქალები და კაცებიც აღარ დაქორწინდებოდნენ. ჩემი აზრით, საერთოდ არ არის ეს კანონი საჭირო, ვისაც როგორ გაუხარდება, ისე უნდა მოიქცეს, თუმცა არც იმას ვფიქრობ სწორად, რომ ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალული იყოს, რადგან აკრძალული ხილი უფრო ტკბილი და სასურველია.
ლალი პაპასკირი
ეკა გადახაბაძე
(სპეციალურად საიტისთვის)