კახი კახიშვილი:" მედიასთან კომუნიკაციის ფორმა იყო არასწორი"
"ის მასალა, რაც დახვდა ხელისუფლებას, ზღვაში წვეთია, რადგან მასშტაბები იყო ძალიან დიდი. საერთოდ, როცა რაღაცას იღებ და ფიქრობ, რომ არის ღირებული, ის თან მიგაქვს-კიდეც. ამიტომ ვფიქრობ, რომ მასალები წაღებულიც არის"
საზოგადოება ხელისუფლებისგან ითხოვს, ბოლოს და ბოლოს დაისაჯონ მოქალაქეებზე ტოტალური თვალთვალის დამკვეთები, შემსრულებლები და ხელშემწყობები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს, ფარული ჩანაწერების საკითხზე მომუშავე დროებითი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, ძველი ხელისუფლების პირობებში გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები განადგურდა. მაშინ კახი კახიშვილი, რომელიც კომისიის წევრი იყო, ამას ეწინააღმდეგებოდა. მისი მთავარი არგუმენტი ის გახლდათ, რომ ნივთმტკიცებების, რომელიც აუცილებელია სისტემური დანაშაულის გამოსავლენად, განადგურება დაუშვებელი იყო. სასჯელაღსრულების მინისტრთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ.
- 2013 წელს, როდესაც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია იღებდა გადაწყვეტილებას(რომლის წევრიც მეც გახლდით არასამთავრობო ორგანიზაციიდან), მე უმცირესობაში ვიყავი და ჩემი განსხვავებული აზრი ოფიციალურად დავურთე ოქმს, სადაც პუნქტობრივად ჩამოვაყალიბე მოსაზრება, თუ რატომ არ შეიძლებოდა ამ მასალის განადგურება - ხვალ და ზეგ რომ გამოქვეყნდეს ეს მასალები და შემდეგ გაჩნდეს აუცილებლობა ამ მასალების საკითხზე გამოძიების დაწყებისა, სამწუხაროდ, კვალი იქნება წაშლილი-მეთქი. ეს "განსხვავებული აზრი" დღესაც აქტუალურია, უბრალოდ, ახლა არ მიმაჩნია საჭიროდ, რომ ვრცლად ვისაუბრო უკვე განვლილ საკითხზე .
- თუ მტკიცებულებები განადგურებულია, მაშინ რა შანსი აქვს პროკურატურას, რომ ბოლომდე მიიყვანოს ფარული ჩანაწერების დამკვეთებისა თუ შემსრულებლების გამოვლენის საქმე?
- არ ვიცი, რა შანსები აქვს და რა ეტაპზეა გამოძიება, მაგრამ ვსაუბრობთ არა ერთ-ორ ფაილზე, არამედ ბევრ ფაილზე და ზუსტად ამას ვაცხადებდი, რომ იმ მასალებთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო გამოძიება, რომელიც შსს-სა და თავდაცვაში აღმოაჩინეს, რადგან ასეთ შემთხვევაში მეტნაკლებად სრულყოფილი სურათი იქნებოდა. ჩემი აზრით, ის მასალა, რაც დახვდა ხელისუფლებას, ზღვაში წვეთია, რადგან მასშტაბები იყო ძალიან დიდი. საერთოდ, როცა რაღაცას იღებ და ფიქრობ, რომ არის ღირებული, ის თან მიგაქვს-კიდეც. ამიტომ ვფიქრობ, რომ მასალები წაღებულიც არის. იმ დროინდელ სპეცსამსახურებს ის კი არ აინტერესებდათ, ვის რა სექსუალური გემოვნება აქვს, არამედ ეს კადრები კომპრომატები უნდა ყოფილიყო, რასაც შანტაჟისთვის გამოიყენებდნენ.
- ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს საქმის ბოლომდე მისაყვანად. თუმცა მთავრობის ზოგიერთი წევრების განცხადებებმა, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოების გაკვირვება გამოიწვია. მაგალითად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა აღიარებული შეცდომის გამო დემარში და ბოიკოტი მოუწყო დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს, რასაც თინა ხიდაშელიც აჰყვა...
- შესაძლოა, ობიექტურად შეცდომა იყო დაშვებული, მაგრამ ბოდიშიც მოიხადა IPN-მა, რაც ხშირად არ ხდება ჩვენს მედიაში. ვფიქრობ, რომ არ არის სწორი მედიასთან ასეთი ურთიერთობა, მით უმეტეს, როცა საქმე გაქვს აკადემიურ და პროფესიონალურ მედიასთან. ეს იყო ემოციური პოსტი, რომელმაც იმის გამო, რომ მისი ავტორი იყო მაღალი თანამდებობის პირი, მიიღო ოფიციალური სახე... ჩემთვის ასეთი ტიპის ფარული ჩანაწერები ამაზრზენია, ამიტომ მედიაც ზოგადად ფრთხილი უნდა იყოს, თუმცა შეცდომისგან დაზღვეული არავინაა. აქვე აღვნიშნავ, რომ შეცდომის აღიარებასაც ვაჟკაცობა სჭირდება.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი და სახელმწიფოებრივი მიდგომაა მინისტრ წულუკიანისგან, როდესაც თავისუფალ პრესაზე ასეთი ფორმით ზეწოლას ახორციელებს..
- მგონია, რომ ვნებები ჩაცხრება და საბოლოოდ, კომუნიკაცია აღდგება... მაგალითად, ვნახეთ, რომ მოგვიანებით თბილი და მხარდამჭერი განცხადებებიც გავრცელდა "ინტერპრესნიუსის" მისამართით...
ამ თემაზე მეტ კომენტარს ვეღარ გავაკეთებ. ვიმეორებ - მედიასთან კომუნიკაციის ფორმა იყო არასწორი. ჩემი აზრით, ზოგიერთი პოსტი იყო ემოციური და ამოვარდნილი იმ ბალანსიდან, რა ურთიერთობაც უნდა იყოს მედიასაშუალებასა და მაღალი რანგის ჩინოვნიკს შორის.
გიორგი კვიტაშვილი