ითხოვდნენ თუ არა "რესპუბლიკელები" მომავალ პარლამენტშიც სპიკერის თანამდებობას? - რა გახდა კოალიციაში განხეთქილების მიზეზი?!
"ბევრი რამ უნდა გაირკვეს, მათ შორის ისიც, ჩვენი დამოკიდებულება იქნება მეტად თუ ნაკლებად კრიტიკული. გარკვეულ საკითხებში შესაძლოა პირიქით, მხარიც დავუჭიროთ, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით"
"ბუნებრივია, ისეთ გადაწყვეტილებს არასდროს დავუჭერთ მხარს, რომელიც ყველა ოთახში სტალინის სურათის ჩამოკიდებას გაითვალისწინებს"
გადაწყვეტილება მიღებული და გასაჯაროებულია - "რესპუბლიკელები" არჩევნებზე დამოუკიდებლად გავლენ, თუმცა როგორ წარმოუდგენიათ თანამშრომლობა კოალიციასთან, ჯერჯერობით, მათთვისაც კი უცნობია. რატომ დადგა დღის წესრიგში "რესპუბლიკელების" დამოუკიდებლად გასვლის საკითხი? - საპარლამენტო კულუარებში უკვე აქტიურად ლაპარაკობენ "რესპუბლიკელებსა" და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ მიზეზზე. როგორც ინფორმირებული წყარო გვიყვება, "რესპუბლიკელებმა", პოლიტიკური პარტნიორებისგან ვერ მიიღეს გარანტია, რომ დავით უსუფაშვილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შემდეგაც უხელმძღვანელებდა. მეტიც, კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ კოალიციის ხელმძღვანელობასთან აღნიშნული საკითხის განხილვისას, "რესპუბლიკელები" მხოლოდ ექვსკაციანი ფრაქციის შექმნასაც კი დათანხმდნენ, თუ დავით უსუფაშვილი მომავალ პარლამენტში პოსტს შეინარჩუნებდა. ბუნებრივია, ინფორმაციის გადამოწმება პარტიის ლიდერებთან ვცადეთ, თუმცა ლევან ბერძენიშვილმა კულუარებზე ლაპარაკი საერთოდ არ ისურვა, დავით ზურაბიშვილმა კი კოალიციისთვის მსგავსი მოთხოვნის წაყენება უარყო:
- დავით უსუფაშვილთან დაკავშირებით გარანტიების მიღებაზე ლაპარაკი არ ყოფილა, აქ სხვა, ბევრად ღრმა საკითხებზე იყო საუბარი.
- თუ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებთ მონაწილეობას, როგორ წარმოგიდგენიათ თუნდაც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში კოალიციასთან თანამშრომლობა, თუ გაერთიანების დატოვება მაინც მოგიწევთ?
- ბუნებრივია, წინასაარჩევნოდ მხოლოდ გარკვეულ საკითხებზე შევთანხმდებით, ისიც კარგად გვესმის, რომ თან იყო გაერთიანებაში და თან დამოუკიდებელი საარჩევნო კამპანია აწარმოო, არ იქნება ლოგიკური. აქ საუბარია გარკვეული ეტაპების გავლაზე. ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ვიღაც შანტაჟისტების, "სტალინისტების" მეთოდით მოქმედებას. თუნდაც თინა ხიდაშელს კონკრეტული უწყება აბარია და არ გვინდა არასტაბილურობის განცდა შევქმნათ. ახლა ბევრი რამ თავად "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული რა იქნება და რა გზას დაადგება. ყველა ერთად შევხედავთ მათ გადაწყვეტილებებს.
- კონკრეტულად რა საკითხებზე შეთანხმებას ელოდებით კოალიციის ხელმძღვანელობისგან?
- ბევრი რამ უნდა გაირკვეს, მათ შორის ისიც, ჩვენი დამოკიდებულება იქნება მეტად თუ ნაკლებად კრიტიკული. გარკვეულ საკითხებში შესაძლოა პირიქით, მხარიც დავუჭიროთ, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. გააჩნია, პროცესები რა სცენარით განვითარდება. ბუნებრივია, ისეთ გადაწყვეტილებს არასდროს დავუჭერთ მხარს, რომელიც ყველა ოთახში სტალინის სურათის ჩამოკიდებას დაგვავალდებულებს.
- დავაზუსტებ, ითქვა, რო პარტია "ქართული ოცნების" განახლებულ შემადგენლობას დაელოდება. თუ თქვენთვის სასურველი კონფიგურაცია ვერ მიიღეთ ჯერ კიდევ პარტნიორი პარტიის საარჩევნო სიაში, ოპოზიციაში გადახვალთ?
- არჩევნებამდე ექვსი თვეა დარჩენილი და ამ დროში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
"kvirispalitra.ge" უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურსაც დაუკავშირდა:
- "რესპუბლიკელების" გადაწყვეტილებს მივესალმები, ვფიქრობ, ნაბიჯი დროულად გადადგეს. ეს დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია, ყველა პარტიამ დამოუკიდებლად უნდა იყაროს კენჭი იმის გასარკვევად, თუ რამდენად მაღალი ნდობით სარგებლობენ მოსახლეობაში. რაც შეეხება პოლიტიკურ ვაჭრობას, დავით უსუფაშვილის თანამდებობის შენარჩუნებაზე არაფერი ვიცი. ამ საკითხზე პირადად ჩემთან არავის ულაპარაკია..."
რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)