პრემიერის გადაწყვეტილებით, განათლების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძე ალექსანდრე ჯეჯელავამ შეცვალა
მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების თაობაზე კარგა ხნაია მიდის მითქმა-მოთქმა, მათ შორის გამოითქმოდა ვარაუდი, რომ განათლების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძეს შეცვლიდნენ. ვარაუდი გამართლდა, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის.
"მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ თამარ სანიკიძეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში შეასრულა, მან გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმატორული ნაბიჯები, განათლების სისტემაში, განათლების სიტემის ხელმისაწვდომობის კუთხით, ხარისხის გაუმჯობესების ხელმისაწვდომობის კუთხით და ამ მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგები დღეს ნამდვილად სახეზეა. მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი თამარი შორს არ მიდის ჩვენი გუნდიდან, ის რჩება ჩვენს გუნდში და ნამდვილად, უახლოეს პერიოდში გვექნება საუბარი მის ახალ მანდატზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ალექსანდრე ჯეჯელავა თავის ბიოგრაფიას The Tbilisi Times-თან ერთი ჭლის წინ მიცემულ ინტერვიუში შემდეგნაირად ყვება:
"დავიბადე 1973 წელს. ვსწავლობდი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, შემდეგ - კომაროვში, რომელიც 1990 წელს წარჩინების ოქროს მედლით დავამთავრე. იმავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთვარე 1995 წელს. 1991 წელს მუშაობა დავიწყე კომპიუტერულ კომპანია „კომპი-ში“, 1993 წელს გადავედი საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც 2000 წლამდე ვიმუშავე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ეროვნული ბანკის შემდეგ „ინტელექტ ბანკში“ ვიმუშავე ორი წელი ჯერ IT-ს უფროსად, შემდეგ გენერალური დირექტორის მოადგილედ. ამ ბანკში პირველად ჩამბარდა მარკეტინგი, PR და კიდევ რამდენიმე სტრატეგიული პროექტი. 2002 წელს შევუერთდი კომპიუტერული კომპანია „UGT“-ს გუნდს ტექნიკური დირექტორის როლში და შემდგომ წლებში რამდენიმეჯერ შევიცვალე საქმიანობის მიმართულება. 2007 წელს გადავწყვიტე, რომ თავისუფალი (freelance) პროექტის მენეჯერობისკენ წავსულიყავი და ერთი დამსაქმებლისთვის აღარ მემუშავა. მქონდა რამოდენიმე პროექტი ყირგიზეთში, სასომხეთში, საქართველოში. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი „თიბისი“ ბანკში იყო. 2008 წელს შემომთავაზეს „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობამ ჯერ IT მიმართულებით, ხოლო 2010 წლიდან, დამატებით, HR მიმართულებით. 2010 წლის ბოლოს მე და ჩემმა პარტნიორებმა დავაფუძნეთ „მართვის აკადემია,“ რომელიც დღემდე ჩემი ძირითადი სამსახურია".
ალექსანდრე ჯეჯელავას ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.