"ჯობია ფული ჩვენს ქვეყანაში დავხარჯოთ" - სად ისვენებენ პარლამენტართა ოჯახის წევრები?!
ყველა ცდილობს დედაქალაქის სიცხეს გაექცეს, რომელსაც კიდევ უფრო ამძაფრებს წინასაარჩევნო კამპანიის მაღალი ტემპერატურა. საინტერესოა, ახერხებენ თუ არა პოლიტიკოსები ამ დაძაბულ ვითარებაში დასვენებას ან სად ისვენებენ მათი ოჯახის წევრები. ამ საკითხზე რამდენიმე პარლამეტარს ვესაუბრეთ.
ირაკლი ჩიქოვანი, "თავისუფალი დემოკრატები":
- ოჯახის წევრებთან ერთად ზუგდიდში ვარ, რადგან ჩემს მშობლიურ მხარეში მირჩვენია დასვენება. ერთმნიშნელოვნად საქართველოში ვარჩევ დასვენებას, იმიტომ, რომ აქ იმდენი ადგილია, რომელიც ჯერ არ გვინახავს. თან ჯობია ფული ჩვენს ქვეყანაში დავხარჯოთ. ეს ქვეყანასაც გამოადგება და ჩვენც უკეთ გავიცნობთ საქართველოს.
მარიამ საჯაია, "ნაციონალური მოძრაობა":
- სამწუხაროდ, მე დასვენებას ვერ ვახერხებ, ვრჩები თბილისში. ჩემი შვილი კი ამჟამად მთაში ისვენებს, შემდეგ განმუხურში წავა ზღვაზე.
მიხეილ მაჭავარიანი, "ნაციონალური მოძრაობა":
- წინასარჩევნო პერიოდის გამო დასვენებას ვერ ვახერხებ. ჩემი უფროსი შვილები, სიდედრთან ერთად, ზღვაზე ისვენებენ. მეუღლე და პატარა ვივიანა კი ტაბახმელაში არიან, ჩემი გოგონა სულ რაღაც 2 თვისაა, ამიტომაც შორს ვერ მიგვყავს ჯერ.
ზაქარია ქუცნაშვილი, " ქართული ოცნება":
- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, წელს დასვენების შესაძლებლობა არ მომეცემა. ჩემი ოჯახის წევრები ამჟამად თიანეთში არიან. შაბათ-კვირას, როცა ვახერხებ, მთაში მივდივარ, დასვენებას ოჯახის წევრებთან ერთად ვამჯობინებ.
გიორგი ვაშაძე, "ახალი საქართველო":
- ჩემი შვილები ცოტა ხნის წინ ჭიათურაში, ჩემს სოფელში, ბებია-ბაბუასთან იყვნენ, ახლა ბახმაროში არიან. ჩემი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, ნაკლებად მაქვს ბავშვებთან ურთიერთობა, რაზეც ვწუხვარ. არადა, მუდმივად ვცდილობ, მეტი დრო გავატარო მათთან. მყავს 2 ბიჭი და ერთი გოგო. უფროსი ერთ წელიწადში სკოლაში წავა, შუათანაზე ამბობენ, რომ ძალიან ნიჭიერია, სწრაფად ისრუტავს ყველაფერს, გოგონა კი ჯერ არ ლაპარაკობს, პატარაა. (ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 28 ივლისის ნომერში)
ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)