"ნასამართლევი? - არა, რას ამბობთ! არასდროს"! - ვინ არის გოგა კალაძე, იგივე "კალოშა"?!
"კახა კალაძესთან არანაირი ნათესაური კავშირი არ მაქვს. თუმცა ფესვები ერთი რაიონიდან გვაქვს"
პაატა ბურჭულაძის ახლადშექმნილი ბლოკი მერაბ მეტრეველის შემდეგ, ხათუნა ლაგაზიძემ დატოვა, მას კი უკან გიორგი რუხაძე მიჰყვა. ხათუნა ლაგაზიძემ გუნდში არსებულ პრობლემებზე დეტალურად ილაპარაკა და არ გამორიცხა, რომ ინფორმაციის გასაჯაროების გამო მას და მის ოჯახს საფრთხე დაემუქროს, სწორედ ამის გამო ლაგაზიძე სახელმწიფო დაცვას ითხოვს და პროკურატურაში დაკითხვაზეც იყო მისული.
როგორც ლაგაზიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, პაატა ბურჭულაძის ზურგს უკან ყოფილი "ნაციონალები" და კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანები არიან და საარჩევნო სიაც სწორედ მათი ზეწოლით დაკომპლექტდა.
"ვფიქრობდი, საარჩევნო სიაში გამგეობის წევრები, ჩვენი ლიდერები მოხვდებოდნენ, თუმცა პალიკო კუბლაშვილმა სია ყოფილი "ნაციონალებით" დააკომპლექტა, პაატა ბურჭულაძის თანაგუნდელებისგან კი მხოლოდ სამი "ნარჩენი" ჩასვა. გარდა "ნაციონალებისა", სიაში კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირებსაც ნახავთ. მეტიც, მსგავსი ქუჩური მენტალიტეტის პირებს პარტიაზე დიდი გავლენა აქვთ. ერთ-ერთი გოგა კალაძეა, იგივე "კალოშა", რომელიც აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში პაატა ბურჭულაძემ სიის პირველ ნომრად დაასახელა. ეს ადამიანი მარტო არ მოქმედებს, მისი გარემოცვა პარტიაში დისონანსის შემოტანას აქტიურად ცდილობდა".
kvirispalitra.ge გიორგი კალაძეს ესაუბრა:
- მას შემდეგ რაც ხათუნა ლაგაზიძემ დატოვა პარტია, მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, რომ პარტიაში კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანები არიან და ერთ-ერთი თქვენ დაგასახელათ, იქნებ გვითხრათ, პოლიტიკაში მოსვლამდე, რას საქმიანობდით?
- ვინაიდან "დაასახელა", მან ასევე უნდა განმარტოს რას გულისხმობს ე. წ. "კრიმინალურ მენტალობაში?!" თუ ეს არის გუნდური გადაწყვეტილებების მიღების დროს საქმიანი კამათი, ან მიმდინარე საკითხებზე ცხარე პოლემიკა, მაშინ შესაბამისი ტერმინებიც არსებობს ხომ? თუ ეს არის "კრიმინალური" ამბავი, მაშინ ჩვენს პარლამენტში ცემა-ტყეპა მრავლად გვინახავს. გაუგებარია, ჩვენ დღეღამურ რეჟიმში თვეების მანძილზე ვთანამშრომლობდით და მხოლოდ 7 სექტემბრის 23 საათზე გავხდი სხვა "მენტალობის", როცა შეატყობინეს, რომ სიის ხუთეულში არ აღმოჩნდა?
- როგორ მოხვდით პოლიტიკაში, კერძოდ პაატა ბურჭულაძის პარტიაში და რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა?
- პარტიული საქმიანობა ჩემთვის უცხო სფერო არ არის; საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში, კერძოდ - ძველი თბილისის რაიონის გამგეობაში ვიყავი ჩუღურეთის რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი; დაგროვილი გამოცდილება პოლიტიკისგან შორს არ არის; როცა პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი სახე, ახალი ძალა გამოჩნდა პაატა ბურჭულაძის სახით, შეთავაზებაზე რა თქმა უნდა დავთანხმდი. საზოგადოებასთან ურთიერთობის კარგი სკოლა გავიარე საჯარო მოხელის პოზიციაში, პარტიისთვის და წინასაარჩევნო კამპანიისთვის ეს მოტივაცია მხოლოდ კარგის მომტანია.
- ხართ თუ არა ნასამართლევი?
- ნასამართლევი? არა, რას ამბობთ! არასდროს!
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ხათუნა ლაგაზიძის პარტიაში ყოფნის დროს მასთან მცირე უთანხმოება მოგივიდათ, თუ საიდუმლო არ არის რა საკითხზე?
- არაფერია საიდუმლო. პარტიაში ყოველდღიურ მუშაობაში მიმდინარე საკითხებზე, დავალებებზე, წინასაარჩევნო კამპანიის დეტალებზე განსხვავებული აზრის შეჯერების დროს უთანხმოებაც და კამათიც ხდება. ბუნებრივია, ეს ცოცხალი პროცესია. არაპროფესიონალური ჩარევით შეიძლება საარჩევნო კამპანია დაზარალდეს. მხოლოდ და მხოლოდ ასეთ "უთანხმოებაზეა" ლაპარაკი.
- რამე კავშირი თუ გაქვთ "ნაციონალურ მოძრაობასთან", პირადად თუ იცნობთ ამ პარტიის წევრებს და მათთან რა ურთიერთობა გაქვთ?
- მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. მათი გარკევული ნაწილი პოლიტიკაშიც მოღვაწეობს. ცხადია კონტაქტებიც მრავლად გვაქვს. შესაბამისად, მეგობრები მყავს არა მარტო "ნაციონალურ მოძრაობაში", არამედ ბევრ სხვა პარტიაშიც. ძალიან ვუფრთხილდები მეგობულ ურთიერთობებს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებისა. ჩვენ ეს არ გვიშლის ხელს ოჯახებით ვიმეგობროთ და სხვა საერთო ინტერესები გვაერთიანებდეს.
- თქვენი გვარის გამო ჩნდება კითხვა, რამე კავშირი ხომ არ გაქვთ კახა კალაძესთან, მაგალითად, ნათესაური?
- არა, კალაძე გავრცელებული და კარგი გვარია. ნათესაური კავშირი არანაირი არ მაქვს. თუმცა ფესვები ერთი რაიონიდან გვაქვს.
- ინტერნეტში გავრცელდა პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას აუდიოჩანაწერი, რას ფიქრობთ, ვინ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, ვის ინტერესებში შედის თქვენი პარტიის ასე წარმოჩენა?
- პაატა ბურჭულაძის სახელი, საერთაშორისო აღიარება, ავტორიტეტი და ხალხის ნდობა იმთავითვე საშიში აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის. ჩვენმა ლიდერმა პროფესიონალების გუნდი შეკრიბა და ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად იქცა. მოულოდნელიც არაფერია. გავრცელებული აუდიოჩანაწერიც იმის დასტურია, რომ ე. წ. "კომპრომატებიც" არ მოგვაკლონ წინასაარჩევნოდ. რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლების ინტერესშია და მან გაავრცელა. სინამდვილეში ამ სატელეფონო საუბარში სკანდალური არაფერია. ჩვენ ოპოზიციაში ვართ ხელისუფლებასთან და ამას ეჭვქვეშ ასეთი ჩანაწერებით ვერ დააყენებენ.
თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)