ქართული არჩევნები "მგელი მოვიდას" პრინციპით?! - რა გახდა ამომრჩევლის 49%-ის არჩევნებზე არ მისვლის მიზეზი?!
"51% კარგ აქტივობად შეიძლება მივიჩნიოთ, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ნიჰილიზმის ხარისხი ძალიან მაღალი იყო"
"გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ამ ორპოლუსიანმა ისტერიკამ არ დაუტოვა მესამე არჩევანის გაკეთების საშუალება"
არჩევნები-2016 დასრულდა. პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგი ასე თუ ისე, ნათელია, აი, მაჟორიტარულში კი ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადი სურათი გვაქვს. წინ მეორე ტური გველოდება. პოლიტოლოგები და ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ, ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, ამომრჩეველს 8 ოქტომბერს თავისუფალი არჩევანის სრული შესაძლებლობა ჰქონდა... თუმცა ისც ცხადია, რომ არჩვენებზე მისული ამომრჩველის ოდენობამ შეადგინა 51%, რაც 2012 წლის არჩვენებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რამ განაპირობა ელექტორატის ინერტულობა მაშინ, როდესაც საარჩვენო სივრცე გაცილებით თავვისუფალი, საარჩვენო სიბიექტების მრავალფეროვნება კი, ერთი შეხედვით, ყველა გემოვნებისა და პოზიციის ადამიანს აკმაყოფილებდა?
გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
- თითქმის ყველა წინასწარი კვლევა აჩვენებდა, რომ გადაწყვეტილება იმისა, თუ ვის მისცემდა ხმას, მიღებული ჰქონდა ამომრჩევლის 38-39%-ს. მათ შორის ისეთი კვლევებიც ცხადყოფდა ამას, რომლებიც არ გასაჯაროებულა. ეს 51% მივიღეთ იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლისგან, რომლის ნაწილი შინ დარჩა, ნაწილი კი წავიდა არჩევნებზე. როგორც შედეგები აჩვენებს, ამ ნაწილმა არჩევანი სწორედ "ქართულ ოცნებაზე" შეაჩერა, რაც ბოლო კვირების განმავლობაში წარმოებული კამპანიის შედეგია. ვგულისხმობ, "ქართული ოცნების" მტკიცებას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რაღაც საშინელების" ჩადენას აპირებდა.
გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ამ ორპოლუსიანმა ისტერიკამ არ დაუტოვა მესამე არჩევანის გაკეთების საშუალება და იმის შიშით, მგელი არ მოსულიყო, ისევ "ქართულ ოცნებას" მისცეს მოქალაქეებმა ხმა. ისე კი, 51% კარგ აქტივობად შეიძლება მივიჩნიოთ, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ნიჰილიზმის ხარისხი ძალიან მაღალი იყო.
თუ მთელ საარჩევნო პროცესს გადავხედავთ, არაერთხელ ითქვა უკვე, რომ ის ბევრად თავისუფალი გახლდათ, თუმცა მთელი ამ პროცესის განმავლობაში შეიმჩნეოდა როგორც "ქართული ოცნების", ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მისი ორპოლუსიანად გადაქცევის მცდელობა, რაც შედეგზეც აისახა. სამწუხაროდ, ეს ორი ძალა ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდა და ცდილობს, ლამის მთელი სამყარო თვითონ შეავსოს. წინასაარჩევნო პერიოდშიც აკეთებდნენ ყველაფერს ამომრჩევლის დასარწმუნებლად, რომ პოლიტიკურ სპექტრში, მათ გარდა, სხვა არავინ იყო. ამგვარ მცდელობებს უშედეგოდ არ ჩაუვლია და ამან აშკარად გზა გადაუკეტა სხვა პოლიტიკურ ძალებს.
- თქვენ კი ბრძანებთ, რომ ამგვარი კონფიგურაცია განაპირობა "ქართული ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" ერთგვარმა სიმბიოზმა, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ საარჩევნოდ პოლიტიკური თუ მედიასივრცე გახსნილი იყო და პოლიტიკურ ძალებს ამომრჩევლამდე საკუთარი სათქმელის მიტანის პრობლემა არ ჰქონდათ...
- როდესაც ამ სიმბიოზზე ვლაპარაკობ, ეს არ არის, რა თქმა უნდა, ამ შედეგის ერთადერთი მიზეზი. სხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებიც არის. როდესაც პასუხისმგებლობას ვაკისრებთ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას", ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვა პოლიტიკური ელიტა ჯანსაღად გამოიყურება. ჩვენ, სამწუხაროდ, მთელი პოლიტიკური ელიტის ღრმა კრიზისის მოწმენი ვართ. მიუხედავად იმისა, შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ძალაუფლება ქუჩაში ეგდო და მას მხოლოდ ხელში აღება უნდოდა, პოლიტიკურმა ელიტამ ვერ მოახერხა იმ მოთხოვნებზე ღირსეული პასუხის გაცემა, რაც ჰქონდა ამომრჩეველს, ვერ დაარწმუნა ისინი, რომ მათთვის ხმის მიცემა იყო ამომრჩევლისთვის სასარგებლო და ეს მათი პასუხისმგებლობის საქმეა. (იხილეთ სრულად სტატია: "ახლა ძალაუფლების გადანაწილება მიმდინარეობს")
ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:
- 8 ოქტომბრამდე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აშკარად იკვეთებოდა, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო კამპანიას როგორც ორი ურთიერთდაპირისპირებული მხარე, ისე წარმართავდნენ. ისინი ცდილობდნენ, გარშემო ყველაფერი ისე შთაენთქათ, რომ დანარჩენი პარტიები 5%-იან ბარიერის მიღმა დაეტოვებინათ. რაიმე ტიპის დარღვევას ან არასამართლებრივ ქმედებას არ ვგულისხმობ, პიარზე ვსაუბრობ, რომელსაც ისინი თავიანთი გავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებებით ახორციელებდნენ და ცდილობდნენ, ერთმანეთი მტრად წარმოეჩინათ. ამომრჩეველზე ზეწოლა ხდებოდა. კონკრეტულად - როდესაც "ქართულ ოცნებას" ამომრჩეველი რაღაც მიზეზების გამო განუდგა, მაშინვე იწყებდა საუბარს, - თუ ჩვენ არ დაგვიჭერთ მხარს, ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" მოვაო. "ნაციონალები" კი, ამომრჩეველს ჰპირდებოდნენ, თუ მათ მისცემდნენ ხმას, მათი მხარდამჭერები "ძველებური პრივილეგიებით" ისარგებლებდნენ. ამიტომ, ბოლო დღეებამდე ამომრჩევლის თითქმის დიდმა ნაწილმა ვერ გადაწყვიტა, ვისთვის მიეცა ხმა... ამ სცენარს, წინ ვერ აღუდგა დანარჩენი ოპოზიცია. მათ ვერ შეძლეს მკაფიო გზავნილების მოძებნა საზოგადოებისთვის - თუ რა უპირატესობით სარგებლობდნენ. ამომრჩეველმაც სიტუაციის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, ზეწოლის გავლენის ქვეშ მოექცა და ხმებიც განაწილდა ისე, როგორც განაწილდა. შედეგად, ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. (წყარო: ჟურნალი "გზა")