"საზოგადოება უკმაყოფილოა ხელისუფლებით" - რამ შეიძლება მიიყვანოს საზოგადოების უკმაყოფილება კრიტიკულ ზღვრამდე?!
"კობახიძე თავად ვერ ხვდება და როგორც ჩანს, არც სხვის აზრს ისმენს იმის თაობაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს ასეთი აგრესიული. მისი პირდაპირი მოვალეობაა, პოლიტიკური ცხოვრება ჰარმონიული გახადოს და არა კონფრონტაციული"
მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია კონსტიტუციის კონსენსუსის საფუძველზე მიღებას შეეხებოდა, ეს ვერ მოხერხდა. საპარლამენტო სხდომათა დარბაზში "ქართული ოცნება" მარტო დარჩა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარტიულ ყრილობად შეაფასა. "არ გვაინტერესებს იმ ადამიანების გამონათქვამები, რომელთა მიზანია დესტრუქცია, ეს არის მარგველაშვილი, აბაშიშვილი და ა.შ.", - ასე უპასუხა კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. უმრავლესობის ზოგიერთი წევრი უფრო შორსაც წავიდა და პრეზიდენტი პოლიტიკური კრიზისის ინიცირების მცდელობაში დაადანაშაულა. საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:
- რაღა დაგიმალოთ და, მაინცდამაინც თავდაჭერილი არც პრეზიდენტი ყოფილა, მისგანაც საკმაოდ მწვავე შეფასებებს ვისმენდით. არა მგონია, ამგვარი შეფასებები პრეზიდენტის ფუნქციაში შედიოდეს.
იგი არ მონაწილეობს საკანონმდებლო პროცესში, თუ მაინცდამაინც უნდა საკუთარი პოზიციის გამოხატვა, შეუძლია, ეს ვეტოს დადებით აჩვენოს.
რაც შეეხება პრეზიდენტისადმი მთავრობის დამოკიდებულებას, მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით კვირიკაშვილი კვლავაც ინარჩუნებს მარგველაშვილთან ურთიერთობისას კორექტულ და მშვიდობიან სტილს. რაც შეეხება კობახიძეს, ის საკმაოდ ხისტი და აგრესიულიც კი არის, რაც, შესაძლოა, მისი ახალგაზრდობითა და გამოუცდელობით ავხსნათ, თუმცა ამას ნამდვილად ვერ მოვიწონებთ. ის ხშირად ამბობს ისეთ რამეს და ისეთი ფორმით, რაც არასწორია. გავიხსენოთ, ფილარმონიაში სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას გაკეთებული მისი შეფასებები, რამაც საზოგადოება გააღიზიანა.
კობახიძე თავად ვერ ხვდება და როგორც ჩანს, არც სხვის აზრს ისმენს იმის თაობაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს ასეთი აგრესიული. მისი პირდაპირი მოვალეობაა, პოლიტიკური ცხოვრება ჰარმონიული გახადოს და არა კონფრონტაციული. რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური კრიზისის ინიცირებას ცდილობს, ეს ძალიან გადაჭარბებული შეფასება მგონია. ვიცნობ მას და ნამდვილად არ არის პროცესების ესკალაციის მომხრე ადამიანი.
ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისგან კი მოვისმინეთ ლაპარაკი საპროტესტო აქციებსა და რევოლუციურ სცენარზე, მაგრამ მე ამის რესურსს ვერსად ვხედავ, მით უფრო, რომ იმდენი რევოლუციური დესტაბილიზაცია ნახა საქართველომ და იმდენად ხშირად არაფერი შერჩა ხელში ამ რევოლუციების შედეგად, რომ დესტაბილიზაციაზე ლაპარაკიც კი საზოგადოებაში არაჯანსაღ და არაპოპულარულ პოლიტიკურ ნაბიჯად აღიქმება.
მით უფრო, რომ ამ პარტიებს, რომლებიც ამაზე ლაპარაკობენ, რეიტინგი არა აქვთ, არადა, რევოლუციას მაღალი რეიტინგი სჭირდება. "ვარდების რევოლუციის" მოწყობას სამი თუ ოთხი წელი დასჭირდა და მის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ რამდენიმე ქვეყანა, საერთაშორისო ორგანიზაციები და ა.შ., ასევე ისეთი ნდობით აღჭურვილი ტელევიზია, როგორიც მაშინ "რუსთავი 2" იყო... ცხადია, საზოგადოება უკმაყოფილოა ხელისუფლებით. ის არ მოსწონს, მაგრამ პროტესტის საჯაროდ გამოხატვის საფუძველი საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გახდება!
სხვა საქმეა, თუ ხელისუფლებამ დროულად არ შეცვალა პოლიტიკურ-ეკონომიკური საქმიანობა და სოციალური ტვირთი არ შეუმსუბუქა მოსახლეობას.
ქვეყანაში სოციალური ფონი კვლავაც მძიმეა, ამას ემატება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში კომუნალური გადასახადებიც გაძვირდეს და პლუს უკმაყოფილება, რაც განპირობებულია ხელისუფლების გაუბედაობით, პროცესების ბოლომდე ვერმიყვანით, გაუგებარი გადაწყვეტილებებით, რომელთა უკან წაღებაც ხშირად უწევს და უსამართლობის განცდა, რაც წინა ხელისუფლებისგან მომდინარეობს და ახლაც ხშირად იჩენს თავს.
შესაძლოა, ამ ყველაფერმა ერთად საზოგადოების უკმაყოფილება კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანოს.
ერთი საკითხია კიდევ - არც ერთი მიმართულებით მოძრაობა, ცხოველებთანაც კი, ლიდერის გარეშე არ ხდება. აი, ეგ საფრთხე კი დგას მმართველი ჯგუფის წინაშე. როგორც კი ასეთი ლიდერი გამოჩნდება, შესაძლოა, "ქართული ოცნების" სიმშვიდეც დასრულდეს. ეს შეიძლება იყოს კარგი პოლიტიკური ფიგურაც, შეიძლება იყოს ავანტიურისტიც. არ არის გამორიცხული, ასეთი ლიდერი გამოჩნდეს თავად ხელისუფლებაშიც. იოლი არ არის ხალხის უკმაყოფილების აკუმულირება. ბევრი ფაქტორი მოქმედებს: ლიდერი, მისდამი ნდობა, გათვლილი პროცესები, საერთაშორისო მხარდაჭერა და ა.შ.