"ძალიან სახიფათო გზაზე დგახართ, დავით კირკიტაძის დაკავება არის პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნის კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა" - კვირის პალიტრა

"ძალიან სახიფათო გზაზე დგახართ, დავით კირკიტაძის დაკავება არის პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნის კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა"

დავით კირკიტაძის დაკავება არის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მთლიანად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისთვის გამოგზავნილი უტიფარი გზავნილი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, ექსკლუზივი ძალადობასა და უკანონობაზე ივანიშვილთან დაკავშირებულ ჯგუფებს აქვთ. "ოპოზიციური ფიგურის, დავით კირკიტაძის დაკავება არის ისედაც ღრმა პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნის კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ეს წარმოადგენს დიდ ხიფათს ჩვენი ქვეყნისთვის. საბოლოო ჯამში, ამ სამარცხვინო და უკანონო პოლიტიკას გადაყვება ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ პროცესში დიდი ხიფათი ექნება ჩვენი ქვეყნის არა მარტო დემოკრატიის, არამედ ნორმალურ განვითარებას და სტაბილურობის პერსპექტივას. ეს არის დიდი პრობლემა. მინდა კიდევ ერთხელ განვუმარტო საზოგადოებას - არ განიხილება ის, თუ ვის აქვს პოლიტიკური სიმპათია ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის ან ფიგურის მიმართ. თქვენ იცით, რომ "ევროპული საქართველო" იმ საპროტესტო აქციის მონაწილე არ გახლდათ, რომელიც გუშინ მიმდინარეობდა. აქ არ იხილება არც კირკიტაძის, არც სააკაშვილის, არც "ნაციონალური მოძრაობის" საკითხი, აქ იხილება საკითხი, რამდენად შორს წავა ივანიშვილის რეჟიმი ზოგადად ქვეყნის ჩიხში შეყვანაში, ჩვენი კონსტიტუციური თავისუფლების შეზღუდვაში, არჩევნების გაყალბებაში, ძალადობაში, კანონის უზენაესობის გათელვაში, შერჩევით სამართალში, ეს არის ის საკითხი, რასაც შეჰყავს ჩვენი ქვეყანა ღრმა კრიზისში.

კირკიტაძის დაკავება ამ ვითარებაში არ ეხება კირკიტაძეს, ეხება ყველა ჩვენი მოქალაქის და მთლიანად პოლიტიკური სპექტრისთვის, ამ შემთხვევაში ოპოზიციური სპექტრისთვის გამოგზავნილ უტიფარ გზავნილს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, რომ ლიცენზია ძალადობაზე, უკანონობაზე და ანტიოპოზიციურ ქმედებებზე აქვს მხოლოდ იმ ჯგუფებს, ვინც დაკავშირებულია ივანიშვილის რეჟიმთან. ხოლო სხვა შემთხვევაში ოპოზიციას შეიძლება დაუწესონ 30 კილომეტრიანი არეალი, რათა მათ ვერ განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება და ამ უკანონო ბრძანების შესრულების დროს პოლიციელებთან მომხდარი ნებისმიერი ინციდენტისას ოპოზიციური ფიგურის დაკავება მოხდება ერთ დღეში", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლება სახიფათო გზაზე დგას. "ძალიან სახიფათო გზაზე დგახართ თქვენთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვისაც. დავით კირკიტაძის ციხეში დატოვება იქნება ამ ძალიან რთული ვითარების ხარისხობრივად კიდევ უფრო გართულება, უცნობ გზაზე და ძალიან სახიფათო გზაზე ქვეყნის დაყენება. ამიტომ ჩვენი ძალიან მკაფიო მოწოდებაა ხელისუფლებისთვის, რომელმაც უკვე უზარმაზარი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, არ გადადგათ ეს ნაბიჯი თქვენი ინტერესების გამოც და ქვეყნის გამოც, თუკი შეგრჩენიათ საღი აზრის ნატამალი", - განაცხდა გიგა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"