ურდუს ენაზე მოლაპარაკე დიპლომატი ქალი 25-წლიანი კარიერით - ვინ დანიშნეს საქართველოში აშშ-ის ელჩად? - კვირის პალიტრა

ურდუს ენაზე მოლაპარაკე დიპლომატი ქალი 25-წლიანი კარიერით - ვინ დანიშნეს საქართველოში აშშ-ის ელჩად?

აშშ-ის სენატმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი დაამტკიცა.

როგორც აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, კენჭისყრა 19 დეკემბერს გაიმართა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის სექტემბერის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე კელი დეგნანის წარდგენას აპირებდა.

კელი დეგნანი გახლავთ მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც ახალ დანიშვნამდე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად მოღვაწეობდა. ამ პოზიციის დაკავებამდე, კელი დეგნანი მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიაში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კოსოვოში.

25-წლიანი კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი მუშაობდა პოლიტიკურ მრჩევლად ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში, უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის პოზიციაზე ავღანეთში სალერნოს ბრიგადის საბრძოლო ჯგუფში და თურქეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ.

კელი დეგნანი იყო სახელმწიფო მდივნისა და პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის სპეციალური მოადგილე. მას მიღებული აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი ნორსვესტერნის უნივერსიტეტში და სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. კელი დეგნანი არის სახელმწიფო მდივნის ESA ჯილდოს მფლობელი და საუბრობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებზე.

"ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი საქართველოს ერთგულებით რეფორმებისადმი, რომელთა გატარებაც აუცილებელი იყო და მის მიერ სამხედროების გაძლიერებით. ეს ერთგულება კიდევ ერთხელ დავინახეთ ავღანეთში, სადაც საქართველო სამხედრო ძალის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. საქართველოს ეს 32 ჯარისკაცის სიცოცხლედ და 200-ზე მეტ დაჭრილ სამხედროდ დაუჯდა. ისინი დღესაც ავღანეთში არიან ჩვენთან ერთად და 900 სამხედრო მონაწილეობს ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ავღანეთში", - ამის შესახებ კელი დეგნანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილმა კანდიდატმა საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემისა და მედიაპლურალიზმის მნიშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი. მან ასევე აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მზად არის, იმუშავოს ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან საქართველოში, რათა დარწმუნდეს, რომ მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი.

"საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იოლი არ ყოფილა და კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიღწევების შესანარჩუნებლად და გასავითარებლად. ეს განსაკუთრებით ეხება პლურალისტული კანონმდებლობის წინ წაწევას, დამოუკიდებელ მართლმსაჯულების სისტემას, მედიის მრავალფეროვნებას და აქტიურ სამოქალაქო სექტორს. დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, ვიმუშავო ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან საქართველოში, რათა დავრწმუნდე, რომ მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი", - განაცხადა კელი დეგნანმა.