"ახლა ტიტანების ბრძოლა მიმდინარეობს" - კვირის პალიტრა

"ახლა ტიტანების ბრძოლა მიმდინარეობს"

"ანაკლია მნიშვნელოვანი პროექტია და ძალიან დიდი როლის შესრულება შეუძლია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. უბრალოდ, ჩვენი არაკეთილმოსურნეები რუსეთის გასაღიზიანებლად ქმნიან ლეგენდებს, რომ იქ ამერიკის სამხედრო ხომალდები განთავსდებიან, სინამდვილეში კი ეს წმინდა სავაჭრო პორტის პროექტია"

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რთული პოლიტიკური თუ სოციალური რეალობა, პოლიტოლოგებისა და ექსპერტების აზრით, ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე გვაყენებს. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის მსოფლიოს გარკვეულ წრეებში მძიმე სცენარი იწერება და და ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები სწორედ ამ სცენარის ნაწილია.

- ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დემოგრაფიული პრობლემაა. ბოლო 3000 წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად ერთიანი საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო 200 წელსაც არ ყოფილა. ჩვენს თაობებს ბედნიერება ხვდა წილად - სამი ათეული წელია დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. წინაპრებმა კარგად შეგვირჩიეს ადგილი, ბევრი პლუსი აქვს: კლიმატი, გეოგრაფია, მთები, ტყეები, წყალი, თუმცა მცირემიწიანობის, ომიანობისა და სასიცოცხლო არეალის ნაკლებობის გამო ვერ ხერხდებოდა ქართველი ერის გამრავლება, თამარის ეპოქის გამოკლებით.

გაეროს კვლევით, გადაშენების პირას მდგომი ერი ვართ. დემოგრაფიული კატასტროფა სახეზეა. ქვეყანაში, სადაც 50 ათასი ბავშვი იბადება წლიურად და 60 000 აბორტი კეთდება, ბევრ რამეზე დაფიქრებაა საჭირო.

ცარიელი სივრცეების დაკავებას აუცილებლად შეეცდებიან სხვა ქვეყნებიდან მოსულები. ჩვენს სამხრეთით ისეთი ქვეყნებია, სადაც შობადობა მაღალია, ტერიტორიები დიდია, მაგრამ 80-90% უდაბნოა. იქ მოსახლეობა პატარა ზოლებში, მდინარეების ან ზღვის გასწვრივ სწრაფად მრავლდება. აქედან უნდა ველოდოთ ძირითად მიგრაციას ჩვენკენ და ეს პროცესი დაწყებულია. საჭიროა კომპლექსური მრავალწლიანი პროგრამა, ერის კონსოლიდირება ამ პრობლემის დასაძლევად, ეს უნდა გახდეს ეროვნული პროექტი, ქართული სტრატეგია. თუმცა ვერ ხერხდება, რადგან მსოფლიო გლობალისტური ამოცანები და დღის წესრიგი სხვაგვარია.

- რას გულისხმობთ მსოფლიო გლობალისტურ ამოცანებში და რა კავშირი აქვს ამას ჩვენს დემოგრაფიასთან?

- გლობალისტების აზრით, ეროვნული სახელმწიფოები ნელ-ნელა უნდა დაკნინდნენ და საბოლოოდ გაქრნენ. პლანეტის რეგულაცია ცენტრალიზებულად, საერთო რეგულაციებით უნდა მოხდეს, მათ შორის შობადობაზე კონტროლით, მაგალითად, ჩინეთში, ინდოეთში... ამის საჭიროებას ხედავენ მსოფლიოში მოსახლეობის ჭარბი ზრდისა და ბუნებრივი რესურსების შეზღუდულობის გამო.

- ცნობილია, რომ ზესახელმწიფოს პირველი პირი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ანტიგლობალისტია. რა რესურსები აქვთ გლობალისტებს თავიანთი თეორიების გასავრცელებლად? - დიახ, ტრამპი ანტიგლობალისტია. მან ბრძოლა გამოუცხადა გლობალისტებს და მას მოსახლეობაც მხარს უჭერს. მსგავსი სიმწვავის ბრძოლა ამერიკაში არ ახსოვთ. გლობალისტები და დემოკრატიული პარტია ერთ ნავში სხედან. გლობალისტების სახე ჯორჯ სოროსია, მათ ბანაკშია ამერიკული მედიის ერთი ნაწილი, ჰოლივუდის დიდი ნაწილი, ნეოკონსერვატორები (მაკკეინის ჯგუფი). ამერიკელ პოლიტიკოსთა გამოსვლებში სულ უფრო ხშირად ისმის გამოთქმები: "სამოქალაქო ომი", "ეროვნული გვარდია", რაც უკიდურეს პოლარიზებაზე მიანიშნებს. ტრამპის მხარესაც არის ძალა: მედიის ნაწილი, შელდონ ადელსონი, მერსერი და კიდევ ორი ათეული მილიარდერი. საქართველოში ცნობილია ლუკ ბეზოსი, ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, ილონ მასკი, უორენ ბაფეტი, რომელთაც უმდიდრეს ამერიკელებად ვიცნობთ და მათი ქონების საერთო ღირებულება 400 მილიარდი დოლარია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამერიკის ყველაზე დიდ საინვესტიციო კორპორაცია Black Rock-ს 6.8 ტრილიონის ქონება აქვს მართვაში, კორპორაცია Vანგუარდ Gროუპ-ს - 5.3 ტრილიონის. ამ ორმა კომპანიამ ყველაზე დიდი მოგება სწორედ ტრამპის პოლიტიკით მიიღო და ძნელი მისახვედრი არ არის, ვის დაუჭერენ მხარს. რაც მთავარია, ტრამპს მხარს უბრალო ხალხი უჭერს. ის ადვილად ახერხებს 100 000-იანი აუდიტორიების შევსებას მომხრეებით. 60-იანი წლების ბოლოდან აშშ-ში ინტენსიური ლიბერალური პროპაგანდა მიდის და პროტესტი დაგროვდა. ბრიტანული ბრექსიტიც ანტიგლობალისტური და ანტილიბერალური მოვლენაა, რომელიც, ისევე როგორც ტრამპის აღმასვლა, 2016 წელს დაიწყო. კონგრესის ქვედა პალატამ, სადაც დემოკრატებს უმრავლესობა ჰყავთ, ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. სავარაუდოდ, მოსმენები ამერიკის კონგრესში არ დამთავრდება ტრამპის იმპიჩმენტით, რადგან სენატს რესპუბლიკელები აკონტროლებენ. თუმცა ყველაფერი კეთდება იმის საჩვენებლად, თითქოს ტრამპი ვერ ერკვევა საგარეო პოლიტიკაში, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტის პროფესიონალები ძალზე კვალიფიცირებული არიან და საქმე იქით მიჰყავთ, რომ ტრამპს საგარეო ურთიერთობებზე გავლენა შეუკვეცონ.

- აშშ-ში მიმდინარე პროცესები, ბრძოლა გლობალისტებს, ლიბერალებსა და ანტიგლობალისტებს შორის საქართველოს უსაფრთხოებაზე რა ტიპის გავლენას მოახდენს? - ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს. 2020 წელს ამერიკაში არჩევნებია. ახლა "ტიტანების ბრძოლა" მიმდინარეობს - გლობალისტები ანტიგლობალისტების წინააღმდეგ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიჭიროთ ვინმეს მხარე.

არ უნდა გამოგვიყენონ ინსტრუმენტად შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის, როგორც ეს 2008 წელს მოხდა.

ჩემი აზრით, ეს სცენარი წლების განმავლობაში მზადდებოდა და ემსახურებოდა ერთ მიზანს: 2008 წლის არჩევნებში მაკკეინი აშშ-ის პრეზიდენტი გამხდარიყო. ამიტომ დაიწყო საქართველოს ინტენსიური შეიარაღება, არსებული ანტირუსული ემოციების გამძაფრება, რუსების გაღიზიანება და ფსიქოლოგიური მომზადება ამ ომისთვის კოსოვოს აღიარებით, ნატოს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში საქართველოს და უკრაინის პოტენციური წევრობის ჩაწერით და სააკაშვილის აგრესიული ანტირუსული რიტორიკით. შეეშალათ მხოლოდ ერთი: ომი აგვისტოში დაიწყო და სააკაშვილმა ნოემბრამდე, ანუ ამერიკის არჩევნებამდე საომარი მოქმედებების გაგრძელება ვერ გაქაჩა.

- აგვისტოს ომს როგორ უნდა მოეხდინა გავლენა ამერიკის არჩევნებზე?

- "ცივი ომის" დროს ამერიკაში დიდი ანტისაბჭოთა და ანტირუსული პროპაგანდა მიდიოდა. ამერიკელებს ეშინოდათ რუსეთის. მედია ამბობდა, საბჭოეთმა შეიძლება ბირთვული იარაღით გაგვანადგუროსო. იქ ანტირუსული ემოციების წინ წამოწევა ხელს აძლევს იმ კანდიდატს, რომელსაც უფრო ანტირუსული პოზიცია აქვს. ბუნებრივია, რუსეთ-საქართველოს ომი ამერიკულ მედიაში გაშუქდა, წერდნენ, ამერიკის მოკავშირე საქართველოს რუსეთი თავს დაესხაო. ამ დროს მაკკეინმა განაცხადა: "დღეს მე ქართველი ვარ" და მისმა რეიტინგმა რეკორდულად მოიმატა. ამ სცენარის უკან ის ჯგუფი დგას, ვინც 2003 წელს გადატრიალების გზით მოიყვანა სააკაშვილი ხელისუფლებაში - ამერიკის ნეოკონსერვატორების ჯგუფი (მე მას "მაკკეინის ჯგუფს" ვუწოდებ). 2004 წელს იგივე გააკეთეს: ბუში-კერის არჩევნების დროს. გვახსოვს სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, რომელიც ამერიკის არჩევნების დღიდან სამ დღეში დასრულდა. ბოლოს ქვებით სავსე ტყვიების ყუთები გვაჩვენეს, აი, ამის გამო ვეღარ ვაგრძელებთ ომსო. შესაძლოა დღესაც იმავეს განმეორება სურთ, რუსეთთან ახალი ომისთვის კი მათ გამოცდილი პარტნიორი სჭირდებათ. როგორც ჩანს, არსებულ ხელისუფლებას ვერ ითანხმებენ ამ სცენარზე და იმიტომაც გვესმის მოწოდებები - "საქართველო ნაკლებად აქტიურობს ნატოს წევრობაზე", "ანაკლიაში ამერიკული სამხედრო ხომალდები უნდა განთავსდეს", "დემოკრატია საფრთხეშია", "საქართველო რუსეთს უახლოვდებაო"...

- თქვენი ვერსიით, სააკაშვილი გააზრებულად მონაწილეობდა ამ თამაშში, თუ ისიც მსხვერპლია?

- აბსოლუტურად გააზრებულად მონაწილეობდა.

- რეალურად მიგაჩნიათ სააკაშვილის დაბრუნება ხელისუფლებაში?

- რატომაც არა?! თქვენ სააკაშვილს კარგად არ იცნობთ, იმ პარტიულ ლიდერებს, რომლებიც ახლა მან ვითომ გვერდით დაიყენა, ყველას ციხეში მოუყრის თავს.

- ამის გაკეთებას ძალაუფლება სჭირდება.

- დაეხმარებიან. მის პატრონებს თავიანთი ინტერესები ამოძრავებთ და ნაკლებად ადარდებთ, როგორი სისტემით ჩატარდება საქართველოში არჩევნები. მათთვის მთავარია, საერთაშორისო ასპარეზზე ხელისუფლების იმიჯი შეილახოს. ისინი კარგად ხედავენ, რომ ქუჩის პროტესტები მასობრივი არ არის. 32 პარტია მხოლოდ 4-5 ათას კაცს აგროვებს აქციებზე. ხელოვნურად იძაბება სიტუაცია ქვეყანაში, რათა დასავლეთში შეიქმნას აზრი, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია, ქვეყანა რუსეთისკენ მიდის და საჭიროა სასწრაფო ცვლილებები, თანაც ისეთი, რომ ხელისუფლებაში "ნაციონალები" დაბრუნდნენ. წვრილ პარტიებს კი კოალიციაში ადგილებს ჰპირდებიან.

- ანაკლიის პროექტზე რას იტყვით, მართლა ფიქრობთ, რომ ამ პროექტის ერთადერთი დანიშნულება რუსეთის გაღიზიანებაა? - ანაკლია მნიშვნელოვანი პროექტია და ძალიან დიდი როლის შესრულება შეუძლია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. უბრალოდ, ჩვენი არაკეთილმოსურნეები რუსეთის გასაღიზიანებლად ქმნიან ლეგენდებს, რომ იქ ამერიკის სამხედრო ხომალდები განთავსდებიან, სინამდვილეში კი ეს წმინდა სავაჭრო პორტის პროექტია.

- რაც შეეხება ნატოს წევრობაზე ჩვენს აქტიურობას, ამაში რას ხედავთ სახიფათოს? ან როგორ გვექნება უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ნატოს გარეშე, როდესაც რუსეთი ჩვენი მეზობელია? - ნატოს წევრობის ყველა კრიტერიუმი შესრულებული გვაქვს და გადაწყვეტილებაც მიღებული. ეს იციან ვაშინგტონში და ბრიუსელშიც. პრობლემა ის არის, ნატო არ გვიღებს, რადგან ევროპელებს არ სურთ რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება. რამდენიც უნდა ვიყვიროთ, ვერაფერს შევცვლით.

ჩვენ ნატოს უნდა ვუთხრათ: "მზად ვართ, ველოდებით თქვენს გადაწყვეტილებას", მაგრამ ზედმეტი ტაშ-ფანდური ამაზე არ უნდა გავმართოთ.

- ტაშფანდურს ნუ გავმართავთ, მაგრამ როგორღაც ხომ უნდა დავიცვათ თავი აგრესორისგან? - საქართველომ ევროპისკენ უნდა იაროს. ევროკავშირის პრეზიდენტმა იუნკერმა კი განაცხადა, რომ უკრაინა 25 წელი ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობის გარდა სხვა სიკეთეებიც არის. ევროპაში ჩვენ გვაინტერესებს განათლება, მეცნიერება, კულტურა, ტექნოლოგიები, ინვესტიციები, ვაჭრობა და დემოკრატიის განვითარებაში თანამშრომლობა. ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს.

თუ გვინდა უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიები მაშინ, როდესაც ნატო არ გვიღებს, აუცილებელია სამი კომპონენტის რეალიზება - პირველი: სატრანზიტო არტერიების განვითარება, ანუ უნდა გავხდეთ საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი. საინტერესოა არა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების განვითარება, არამედ ჩრდილო-სამხრეთისაც. მილსადენები, რკინიგზა, პორტები, საჰაერო სატვირთო გადაზიდვები, სახმელეთო გადაზიდვები, ლოჯისტიკური ცენტრები, მეგასაწყობები, "ამაზონის" რეგიონული ცენტრი, ენერგეტიკული პროექტები - ყოველივე ეს მოგვიტანს ფუნქციას და უსაფრთხოების გარკვეულ ხარისხს, რადგან ყველა, ვისი ტვირთიც აქ გაივლის, დაინტერესებული იქნება სტაბილურობით; მეორე - თავისუფალი ფინანსური ზონის, ანუ "ფინანსური სამოთხის" შექმნა საბანკო და საინვესტიციო კაპიტალისთვის. ამის გაკეთება შეიძლება აჭარაში, რომელიც ავტონომიური წარმონაქმნია და არის საშუალება, რომ განსხვავებული კანონმდებლობა ჰქონდეს. იქ შეგვიძლია განვათავსოთ ფინანსური კაპიტალი, რომელიც არ დაიბეგრება და იარსებებს მხოლოდ ერთი ვალდებულება: განთავსებული კაპიტალის 2% გაიცეს საქართველოს რეზიდენტებზე სესხად. დღეს ჰონკონგის საფონდო ბირჟა კრიზისშია, ყოველდღიურად 1,5 მილიარდი ტოვებს ჰონკონგს. 4-ტრილიონიანი დოლარის კაპიტალის მფლობელები ინგლისელები, ჰონკონგელი ჩინელები და ამერიკელები არიან. შევთავაზოთ მათ კაპიტალის ნაწილის მიმზიდველი პირობებით ჩვენთან განთავსება, ამას დაემატება წლების განმავლობაში რეგიონის ქვეყნების კაპიტალი. შეიქმნება ერთგვარი "შემნახველი სალარო" და ყველა, ვისაც იქ ექნება განთავსებული ფული, იზრუნებს, რომ საქართველოში სიმშვიდე იყოს. მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარიას ხელი არ ახლეს, რადგან ყველას იქ ჰქონდა ფული შენახული. ასე რომ, სავსებით რეალურია 100-200 მილიარდი დოლარის მოზიდვა ქართულ ფინანსურ ჰაბში; და მესამე - უნდა ვიშრომოთ, რომ საქართველოში განთავსდეს საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების მთავარი ოფისები, რაც მეტი, მით უკეთესი. ეს სამი კომპონენტი მაღალი ხარისხის უსაფრთხოებასა და ხალხის კეთილდღეობას მოგვიტანს.

- როგორ თვლით, აანალიზებს თუ არა მმართველი გუნდი დღევანდელ გამოწვევებსა და რისკებს? - სავარაუდოდ, თუ ყველაფერი არა, რაღაც მაინც იციან.

საქართველომ არ უნდა იაქტიუროს აშშ-ის რომელიმე პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ. რუსეთთან დაძაბულობა და, ღმერთმა დაიფაროს, კიდევ ერთი ომი დაანგრევს ქვეყანას.

რუსეთთან პირისპირ დარჩენა სახიფათოა. ჩვენმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს ერთდროულად დიალოგი აშშ-ის ხელისუფლებასთან, დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებთან, მოსკოვსა და ბრიუსელთან. დღეს საქართველოს საკითხი ნამდვილად არ არის ამერიკის საგარეო პოლიტიკის ტოპსაკითხებში, ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქიდან წამოვა, სწორედ ზემოაღწერილი სცენარის ფილტრში უნდა გავატაროთ.

ხათუნა ბახტურიძე