"სახელისუფლებო პიარს თვალწინ დაუხიეს ტროლები და ბოტები, რომლებიც მეც მომიქსიეს" - კვირის პალიტრა

"სახელისუფლებო პიარს თვალწინ დაუხიეს ტროლები და ბოტები, რომლებიც მეც მომიქსიეს"

20 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია "ფეისბუკმა" სოციალურ ქსელში საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა. "წავშალეთ 39 ქართული "ფეისბუკანგარიში", 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 "ინსტაგრამანგარიში"... გვერდები წარმოდგენილი იყვნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და თავს ასაღებდნენ პოლიტიკურ პარტიებად, საჯარო პირებად და მედიასაშუალებებად. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა. ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია "პანდასა" და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უკავშირდება,"- ვკითხულობთ "ფეისბუკის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რაც შეეხება ამ გვერდებზე დახარჯულ სარეკლამო ხარჯებს, კომპანიის ცნობით, ამაში დაახლოებით 316 000 აშშ დოლარი დაიხარჯა.

ამ საკითხზე პოეტმა დავით მაღრაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" განაცხადა:

"ნახეთ, "ფეისბუკმა" რამდენი ფეიკგვერდი დაბლოკა, თან პირდაპირ გამოაცხადა, რომ ხელისუფლებას უკავშირდებოდა ეგ გვერდები. რაც მოხდა, ლოგიკურია - სახელისუფლებო პიარს თვალწინ დაუხიეს ტროლები და ბოტები, რომლებიც მეც მომიქსიეს და ჩემს წინააღმდეგაც იყენებდნენ. ასე მთავრდება პოეტზე თავდასხმა".

მისივე თქმით, 14 დეკემბრის "ქართული ოცნების" აქციაზე ხელისუფლებით აღფრთოვანებული ხალხი კი არ იდგა ქუჩში, არამედ ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ მათ წინა ხელისუფლების, ანუ "კოლექტიური სააკაშვილების" მობრუნება არ სურთ!

"ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიგოს: იმის საჩვენებლად, ჩვენ "ნაციონალებს" ვჯობივართო, ამ ვითარების შენარჩუნება აღარ შეიძლება, ერთხელაც იქნება გამწარებული ხალხი "ოცნებას" მიუბრუნდება. გასაგებია, ივანიშვილი რომ ამბობს, "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო", ეს გენიალური ნათქვამია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ მშობელს მოკლული შვილის მკვლელი სულ თვალწინ უტრიალო ხან როგორც მოსამართლე, ხან როგორც შეწყალებული, დაწინაურებული და ა.შ. ეს მტრობით დანგრეულის შენება კი არა, სიყვარულის ნგრევაა. თუ სახელმწიფო ჩაიბარე, კეთილინებე და სახელმწიფო სტრუქტურები გამართე როგორც წესია, ლექსს კი მე უკეთესად დავწერ... ამ ორპოლუსიანმა პოლიტიკამ შეჭამა მთელი სივრცე, ემოცია, უინტერესო გახადა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ვთქვი, ესენი ისე უნდა წავიდნენ, ისინი ვერ მოვიდნენ-მეთქი. "ქართულმა ოცნებამ" კეთილინებოს და მისი უპირველესი მოვალეობა აღასრულოს - არჩევნებიდან არჩევნებამდე უზრუნველყოს ქვეყნის მშვიდობიანი მისვლა. ასევე უზრუნველყოს, რომ კანონის წინაშე თანაბარი იყოს ყველა. მოკლედ, სიყვარულის ნგრევა უნდა შეწყდეს საქართველოში, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რაც მტრობას დაუნგრევია, იმის სიყვარულით აშენება. ხელისუფლება ვერსად წავა, სანამ არ აღასრულებს სამართალს და არ მისცემს საზოგადოებას საშუალებას, რომ ახალი ძალა დაიბადოს. ახალი კი მანამ ვერ გამოჩნდება, სანამ ეს ორპოლუსიანობა არ გაქრება, რადგან მედიაც და მატერიალური რესურსიც ამ ორ პოლუსს ეკუთვნის", - ამბობს ინტერვიუში დავით მაღრაძე.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ ინტერვიუ სრულად