"არასოდეს მითქვამს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უპირობოდ უნდა ვაღიაროთ"
"თუ რამის ცეცხლივით ეშინიათ აფხაზებს, ეს დევნილების დაბრუნებაა. ამიტომ საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენენ ქართველებისგან აღიარებას და ამის სანაცვლოდ დევნილების დაბრუნების საფასურის გადახდას. ეტყობა, ბატონმა მამუკამ კარგად არ იცის აფხაზეთში არსებული სიტუაცია და ის, რომ აფხაზებისთვის დევნილების დაბრუნებაზე საუბარიც კი მიუღებელია".- ასეთი მწვავე შეფასებები მოჰყვა პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის ინიციატივას ქართული სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარებაზე. რა გახდა პოლიტოლოგის ამ განცხადების მიზეზი, თავად მამუკა არეშიძეს ვკითხეთ:
- ხელისუფლებაში ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩემი ინიციატივა "რუსეთის ოცნების ასრულებაა", ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილს კი ეს სააკაშვილის სანუკვარი ოცნების ხორცშესხმა ჰგონია. ზოგი, სამწუხაროდ, შეთქმულების თეორიებს არის აყოლილი და ვერ გაუგია ან არ უნდა გაიგოს, რას ვგულისხმობ.
- მართლაც გაუგებარია თქვენი განცხადება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
- ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც აფხაზეთშია. გარდა ამისა, მაინტერესებდა, რა შეფასება მოჰყვებოდა ჩემს განცხადებას აფხაზურ, ქართულ და მსოფლიო საზოგადოებრიობაში. პოლიტიკა მხოლოდ კომპრომისების ხელოვნება კი არა, ინტრიგის ხელოვნებაც არის. შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, რატომ გახდა საჭირო ეს განცხადება ახლა გამეკეთებინა? იმიტომ, რომ დღეს აფხაზეთი გზაგასაყარზე დგას, იქ ახალი პრეზიდენტი უნდა მოვიდეს.
შესაბამისად, იქ დუღილის ტემპერატურა მაღალია. ახალი პრეზიდენტი უნდა მოვიდეს რუსეთშიც და ტემპერატურამ იქაც აიწია. აფხაზეთში სულ უფრო ინტენსიურად ლაპარაკობენ, რომ ბაღაფში ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა. 2013 წლის ბოლოს ბაღაფშს საპრეზიდენტო ვადა უმთავრდებოდა, 2014 წლის დასაწყისში კი სოჭის ოლიმპიადა იხსნება. სოხუმში ამბობენ, რომ ოლიმპიადის წინ რუსეთს არ სჭირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნები და ნერვიულობა. ზოგიერთი აფხაზის ვერსიით, რუსებმა ახლავე მოინდომეს ვითარების დალაგება.
რუსეთი აფხაზეთის ანექსიისათვის ე.წ. სამხედრო დასახლებების მეთოდს იყენებს, ტერიტორიაზე ჯერ ჯარი შეჰყავს, მერე გამაგრებულ უბანს აშენებს, შემდეგ კი ქმნის სამხედრო დასახლებას, ჩამოჰყავს რუსეთიდან ოჯახები და ბოლოს აცხადებს, რომ ეს მისი ტერიტორიაა. ასე დაიკავეს სტავროპოლის, თერგისა და ყუბანის მხარეები ჩრდილო კავკასიაში. გარდა ამისა, იბრძვიან კანონმდებლობის შეცვლისთვისაც, რომლის თანახმადაც რუსული პასპორტის მქონე ნებისმიერ ადამიანს შეეძლება აფხაზეთში მიწის ყიდვა. ამ საკითხზე ჯერ კიდევ კამათია, მაგრამ, ალბათ, აფხაზები დათმობენ. გარდა ამისა, რუსეთის საპატრიარქო წმინდა ადგილების მოლოცვის მოტივით აფხაზეთში გზავნის მომლოცველთა ჯგუფებს, რომლებიც რელიგიურ თემებს ქმნიან და სამშობლოში აღარ ბრუნდებიან. ეს 5-10 წელიწადში ისეთ ვითარებას შექმნის, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება.
- მაგრამ რა კავშირშია ამასთან თქვენი განცხადება, რომელიც ღალატად შეფასდა?
- პირდაპირ კავშირშია. რუსეთის პოლიტიკა ორიენტირებულია, ისეთი დემოგრაფიული ვითარება შექმნას 5-10 წელიწადში აფხაზეთში, რომლის გამოსწორებაც შემდგომში შეუძლებელი იქნება.
რაც შეეხება მოღალატეობას, ამ იარლიყის მიკერება ადამიანისათვის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მიღებული ნორმაა და ეს ჩვენს პოლიტიკურ უკულტურობაზე მეტყველებს. სოციალურ ქსელებში დაწერეს, როგორ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, როდესაც ჩვენ ამ მიწისთვის სისხლი დავღვარეთო. და მე რას ვაკეთებდი მაშინ? ჯამურად 7 თვე ვიყავი აფხაზეთში (და თითქმის მთელი წელი ე. წ. სამხრეთ ოსეთში) და ყველაფერი საკუთარ თავზე ვიწვნიე. აფხაზეთში 12 ჟურნალისტი დავკარგეთ, 4 მეგობარი დამეღუპა, მე ღმერთმა გადამარჩინა. დღემდე ვერ ვხმარობ მარცხენა ფეხს ნორმალურად იმის გამო, რომ 1993 წლის ივნისში შრომასთან აფეთქებაში მოვყევი. სხვათა შორის, უფროსი და უმცროსი თაობის წარმომადგენლები აფხაზეთის ომს იმ ვიდეოფირებით იცნობენ, რომლის უმეტესობაც ჩემი და ჩემი ჯგუფის გადაღებულია. ვერ მივიღებ შენიშვნებს მათგან, ვინც არ იცის, რა ხდება დღეს აფხაზეთში.
- მაშ, განმარტეთ, რას ნიშნავს აფხაზეთის აღიარებაზე თქვენი ლაპარაკი.
- ამას შეიძლება სიტუაციური მანევრი დავარქვათ. ნაწილობრივ ეს არის მცდელობა, საზოგადოება გამოფხიზლდეს.
- მაგრამ თქვენი ოპონენტები ამბობენ, როგორც კი საქართველო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მას აღიარებს მსოფლიოცო.
- რასაკვირველია, აღიარება არის ის, რისკენაც ისწრაფვიან აფხაზები, მაგრამ მე ჩემი ოპონენტები უფრო ჭკვიანი ხალხი მეგონა. არ მინდოდა ყველაფერი მეთქვა, მაგრამ იძულებული ვარ, ვილაპარაკო. ვინ თქვა, რომ ქართულმა მხარემ აფხაზეთი უპირობოდ უნდა აღიაროს? ჩვენ ისეთი წინადადებების პაკეტი უნდა შევქმნათ, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საქართველოს ინტერესები. ჩვენი მთავარი ინტერესია: პირველი - რუსეთის ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან ისეთი საერთაშორისო გარანტიებით, რომ უკან ვეღარ დაბრუნდნენ; მეორე - ლტოლვილების დაბრუნება ასევე საერთაშორისო გარანტიებით.
რასაკვირველია, შეიძლება იყოს სხვა პირობებიც. ჩემი ოპონენტები ამბობენ, რომ მილიონში ერთი შანსია, რომ აფხაზები ამაზე წამოვიდნენ, რომ რუსები ამის საშუალებას არ მისცემენ და უმჯობესია, პირდაპირ რუსებს დაველაპარაკოთ. ჯერ ერთი, რუსებს 20 წელია ველაპარაკებით და შედეგი არ ჩანს, მოლდავეთმა ყველაფერი დათმო, ნეიტრალიტეტიც კი გამოაცხადა, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს მიაღწია. მთავარია პირდაპირ აფხაზებთან ლაპარაკი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.
დღეს ჩიხური ვითარებაა და გამოსავლის პოვნა მხოლოდ ქართველი საზოგადოების, ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება. ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილი განუწყვეტლივ ლაპარაკობს, რომ "ერთი გოჯი მიწის" დათმობაც არ შეიძლება, მაგრამ, როგორ აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ცოტამ თუ იცის.
არასოდეს მითქვამს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უპირობოდ უნდა ვაღიაროთ. მე განვაცხადე, რომ უნდა დავიწყოთ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის პროცესი. ამ დროს ვეტყვით აფხაზებს, თუ რუსეთი აფხაზეთიდან ჯარს გაიყვანს, თუ საერთაშორისო გარანტიებით ყველა დევნილს დააბრუნებთ და გალის განსაკუთრებულ სტატუსზე იფიქრებთ, ვცნობთ თქვენს დამოუკიდებლობას, თუ არა და ვდგებით და მივდივართ.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებით აფხაზეთში არსებულ სიტუაციას არ ვიცნობ, ძალიან კარგად ვიცი, რომ აფხაზები ლტოლვილების დაბრუნებას უფრთხიან. 22 აპრილს აფხაზეთში სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარეს და გამოკითხულთა მესამედი შეშინებული იყო იმით, რომ შეიძლება საქართველომ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თუ საქართველო ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებს და მსოფლიო თანამეგობრობა მოგვთხოვს დევნილების დაბრუნებას, წინააღმდეგობას ვერ გავუწევთო. ასევე ფიქრობენ, რომ მოუწევთ აპარტეიდული კანონის შეცვლა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის პრეზიდენტი მხოლოდ აფხაზი შეიძლება იყოს.
ეს ძალიან აფრთხობს აფხაზებს, მაგრამ არიან სხვა ჯგუფებიც, რომლებსაც საქართველოსგან აღიარება თავიანთი ეთნოსის გადარჩენის ერთადერთ შანსად მიაჩნიათ. ამიტომ არ არის გამორიცხული მოლაპარაკების პროცესში ძალიან საინტერესო ვითარება შეიქმნას. თუ რუსეთი ჯარის გაყვანაზე უარს იტყვის, ჩვენ შევძლებთ შევქმნათ ფონი, რომ მათ აფხაზების დაცვა კი არ ნდომებიათ ქართველებისაგან, არამედ გეოპოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილება. ჩვენ გვაქვს შანსი, შევქმნათ ორი - ქართული და ქართულ-აფხაზური სახელმწიფო.
- ქართული და ქართულ-აფხაზური სახელმწიფოების არსებობა რით იქნება ჩვენთვის მომგებიანი?
- თქვენ კარგად იცით, რომ მოსკოვში არსებობს ორი ოსეთის გაერთიანების გეგმა, რუსეთი მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდება. სწორედ ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, შევეცადოთ ინიციატივა ჩვენ ავიღოთ ხელში და აფხაზეთი რუსეთს გამოვგლიჯოთ.
ჩემი მხარდამჭერები მაფრთხილებდნენ, ამ თემის წამოწევით შესაძლოა წლების განმავლობაში მოპოვებული ავტორიტეტი დაანგრიოო, მაგრამ ეს ის თემაა, რომელზე ლაპარაკიც საჭიროა საზოგადოების გამოსაფხიზლებლად.
"მოღალატის" ძახილს ჯობს საზოგადოებრივი მსჯელობა გავმართოთ აფხაზეთის საკითხის წინ წამოსაწევად. უბედურება ის არის, რომ ჩვენი პოლიტიკოსების ნაწილი 80-90-იან წლებში ჩარჩა და ვერ ივიწყებს იარლიყებს "აგენტი" და "მოღალატე".