"ვისი მარგინალიზაცია მოხდება, ჯერ კიდევ საკითხავია..." - კვირის პალიტრა

"ვისი მარგინალიზაცია მოხდება, ჯერ კიდევ საკითხავია..."

"გამოჩნდა, ვინ გაიყიდა ფულზე, მხოლოდ მილიონზე არ არის ლაპარაკი. ხელისუფლების წინადადება არ გულისხმობს მხოლოდ სატელევიზიო ეთერის გახსნას იმ პარტიისთვის, ვინც დაშლიდა "რვიანს". ეს გულისხმობდა გაყალბებულ რეიტინგებში მათი რეიტინგების ნელ-ნელა ზრდას, ბარიერის გადალახვის გარანტიებს, ამ პარტიების დამფინანსებლებისთვის მწვანე შუქის ანთებას და არა ტერორის მოწყობას", - ასე ახსნა "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა ოპოზიციური "რვიანისთვის" შეთავაზებული ხელისუფლების წინადადება.

რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრს, კონსტიტუციური სამართლის პროფესორს ვახტანგ ხმალაძეს ვკითხეთ, რა შეიძლება ყოფილიყო ხელისუფლების მიზანი, როდესაც ოპოზიციურ "რვიანს" მაცდუნებელი წინადადება შესთავაზა:

- ხელისუფლების მიზანი იყო, განხეთქილება შეეტანა რვა პარტიაში. ეტყობა, იმედი ჰქონდა, რომ ვიღაცები დაეთანხმებოდნენ მის წინადადებას. ხელისუფლებას ოპოზიციაში ეგულებოდა ძალა, ვინც მის გადაგდებულ ანკესს გადაყლაპავდა.

ხელმოწერილი შეთანხმება შინაარსით მცირეოდენ განსხვავდება იმ წინადადებისაგან, რაც ხელისუფლებამ თავიდან წარადგინა ხელმოსაწერად. კერძოდ, რომ გაიზრდება პარლამენტართა რიცხვი, ხელისუფლების, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების პარიტეტული შემადგენლობით შეიქმნება კომისია, რომელიც ამომრჩეველთა სიებს გადაამოწმებს და პარტიებს, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ, არჩევნებზე გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ 1 მილიონი, ხოლო სამაუწყებლო რეკლამისათვის კი 300 ათასი ლარი მიეცემათ. ბოლო აბზაცში კი ეწერა, რომ ის პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებენ ამომრჩეველთა სიის გადამოწმებისთვის პარტიების დაფინანსებას და არჩევნებში გაწეული ხარჯისთვის 1 მილიონი ლარის გამოყოფას, გავრცელდება იმ პარტიებზე, რომლებიც ამ შეთანხმებას ხელს მოაწერენო. ამ ბოლო ორ წინადადებაში ნათლად ჩანს ხელისუფლების მიზანი, რომელიც, ჩემი აზრით, ამორალურია. ხელისუფლებამ ამით გვითხრა, ეს არის, რასაც გთავაზობთ, სხვაზე ნურც იფიქრებთ, ფულს კი მხოლოდ მას მივცემ, ვინც ამ შეთანხმებას ხელს მოაწერსო. ეს პოლიტიკური პარტიების მოსყიდვაა. ეს წინადადება გულისხმობდა, თუ ფული გინდათ, მიიღეთ ჩვენი წინადადება და გაჩუმდითო. ამ ფრაზამ ცხადყო, რა მიზანიც ჰქონდა ხელისუფლებას. ყველა პარტიას რომ უარი ეთქვა მის წინადადებაზე, ხელისუფლება დიდი ანგარიშით წააგებდა, საზოგადოების თვალში დამარცხდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

- მაგრამ ოპოზიციური "ექვსიანი" ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს.

- სამართლიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. შედეგს ის აღწევს, ვინც ფარ-ხმალს არ დაყრის. დარჩენილ 6 პარტიას მიზნად აქვს სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა. ეს არ არის ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის მერკანტილური მიზანი.

"რვიანის" პარტიების რეიტინგები არ იყო მაღალი და სავსებით შესაძლებელია, თუნდაც სამართლიან საარჩევნო გარემოში ისინი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ვერ მოხვდნენ პარლამენტში. მაშ, რა უნდა გაეკეთებინათ ისეთი, რომ პარლამენტში გარანტირებულად მიეღოთ ადგილები? - უნდა გარიგებოდნენ ხელისუფლებას და მისი მხარდაჭერით მიეღოთ პარლამენტში გარანტირებული ადგილები. როგორც გამოჩნდა, ექვსი პარტიისთვის საპარლამენტო ადგილები არ ყოფილა მთავარი. მათ სხვა გზა აირჩიეს, რადგან არ სურდათ მხოლოდ საკუთარი სარგებლის მიღება.

თუ ხელისუფლება მოახდენს ძალაუფლების უზურპაციას, ხალხს უფლება აქვს მას ხელისუფლება ჩამოართვას. ამიტომ ჯერ ნაადრევია განცხადებები, რომ ყველაფერი დამთავრდა. როდესაც ვლაპარაკობთ ბოლომდე ბრძოლაზე, ვგულისხმობთ მასში თანამოქალაქეების ჩართვასაც.

- რა მოთხოვნებს წამოაყენებთ?

- არის საკითხები, რომელთა სამართლიანად გადაწყვეტის გარეშე საარჩევნო გარემო მაინც უსამართლო იქნება. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ამომრჩეველთა ზუსტი აღრიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგრძელდება კარუსელები, ბიულეტენების ჩაყრა და მიწერები. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია სამართლიანი საარჩევნო სისტემა.

- ხელისუფლება ამბობს, რომ ახალი სისტემა ძველს სჯობს.

- ამ ცვლილებებით ხელისუფლებას ისევ კონსტიტუციური უმრავლესობა ექნება პარლამენტში და ოპოზიციის წინადადებების გაზიარებას კი არა, მოსმენასაც არ ისურვებს. 6 ოპოზიციური პარტია დღესაც მზად არის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, ოღონდ ეს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი გადაწყდეს.

- დეპუტატთა რაოდენობა 2003 წლის რეფერენდუმით 150 კაცით განისაზღვრა. ამ რაოდენობის 190-მდე გაზრდა რეფერენდუმის გარეშე რამდენად კანონიერია?

- კანონი "რეფერენდუმის შესახებ" ორგანული კანონია, ანუ ჩვეულებრივ კანონზე მეტი ძალის მქონე. კანონში პირდაპირ წერია, რომ რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ რეფერენდუმითვე შეიძლება შეიცვალოს. 2003 წლის რეფერენდუმზე ამგვარი კითხვა იყო დასმული: ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ აღემატებოდეს 150 კაცს? ეს გულისხმობს, რომ დეპუტატთა რაოდენობა შეიძლება იყოს 150 კაცი და უფრო ნაკლები. პარლამენტს შეუძლია კონსტიტუციაში შეიტანოს ცვლილება, რომ დეპუტატთა რაოდენობა 130 კაცით განისაზღვროს, მაგრამ ვერ გაზრდის 150-ზე მეტად. ხელისუფლების წინადადებაში არაფერი წერია რეფერენდუმზე. შეიძლება თქვან, მომავალში დავნიშნავთ რეფერენდუმსო. შეიძლება ისიც თქვან, რეფერენდუმის შედეგით განსაზღვრული პარლამენტართა რაოდენობა (150 კაცი) უკვე გვყავდა და ახლა უკვე შეუძლია პარლამენტს ეს გადაწყვეტილება შეცვალოსო, რაც სამართლებრივად სრული აბსურდი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

- ამბობენ, 6 პარტია თამაშგარეთ დარჩა და მათი მარგინალიზაცია მოხდებაო.

- ვისი მარგინალიზაცია მოხდება, ჯერ კიდევ საკითხავია.

(სპეციალურად საიტისთვის)