"მაკვირვებს, საქართველოში ჩემი და მიშას პირადი ურთიერთობების თემას ასეთ ყურადღებას რომ აქცევენ" - რას ჰყვება ლიზა იასკო გერმანულ გამოცემასთან? - კვირის პალიტრა

"მაკვირვებს, საქართველოში ჩემი და მიშას პირადი ურთიერთობების თემას ასეთ ყურადღებას რომ აქცევენ" - რას ჰყვება ლიზა იასკო გერმანულ გამოცემასთან?

"დოიჩე ველემ" სათაურით - "მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება კიევისათვის ღირსების საკითხია", გამოაქვეყნა ინტერვიუ უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატთან - ელიზავეტა იასკოსთან, რომელსაც საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ახლო ურთიერთობები აქვს.

კითხვები, ძირითადად, პატიმრის - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ეხება. მათზე ელიზავეტა იასკო თავისი შთაბეჭდილებებით პასუხობს: ამბობს, რომ მას, პირადად, პატიმრის საკანში არ უშვებენ, იგი მხოლოდ ომბუდსმენმა მოინახულა. მიხეილ სააკაშვილს ლეიბი მხოლოდ ათი დღის შემდეგ მისცეს და მას უბრალო რკინის საწოლი აქვს. "ჩემი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან გამხდარია, მოძრაობა უჭირს, სახეზე ფერი აქვს დაკარგული... სვამს მხოლოდ წყალს. ხილის წვენი კი იყიდა, მაგრამ არ დაულევია. საპყრობილეს ადმინისტრაცია სინამდვილეს აყალბებს და აცხადებს, რომ მიშა არ შიმშილობს. ვინც ნახავს, დარწმუნდება, რომ მან წონაში, დაახლოებით, 12 კილოგრამი დაიკლო. ეს ხუმრობა არ გახლავთ", - ამბობს ლიზა იასკო.

კითხვაზე, "და მაინც რატომ ჩავიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში? მან ხომ იცოდა, რომ დააპატიმრებდნენ?", ექსპრეზიდენტის მეგობარი ქალი პასუხობს: "ცხადია, იგი აცნობიერებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მას დააპატიმრებდა. ეს, საერთოდ, კრემლის საკითხია. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი, ვლადიმერ პუტინის მტერი, ამჟამად პოლიპატიმარია. საქართველოში ისე გააკეთეს, რომ იგი არჩევნებამდე დააპატიმრეს და ამით აჩვენეს - შეხედეთ, რა ყოჩაღები ვართო. ყველა ბრალდება მოწმობს, რომ მას სპეციალურად დევნიან. იგი რისკზე წავიდა, სამშობლოში დაბრუნდა და ამიტომ პატივისცემას იმსახურებს".

ლიზა იასკო საუბრობს მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე ("ქართველი ხალხისა და ქვეყნის გაერთიანება, მოსახლეობისადმი რწმენის ჩანერგვა"...), უკრაინის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ("განიხილება სხვადასხვა ვერსიები მიხეილ სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის კიევში დაბრუნებაზე... ეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საქმეა") და ა.შ.

- თქვენ როგორ მიგაჩნიათ - არ გამოიწვევს ეს სიტუაცია დაძაბულობას უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებში?

- ეს მდგომარეობა ყველა შემთხვევაში გავლენას მოახდენს. მხოლოდ რუსეთია დაინტერესებული იმაში, რომ თბილისსა და კიევს ერთმანეთთან პრობლემები ჰქონდეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და უკრაინამ ერთად იმოძრაონ ევროპული მიმართულებით. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მასზე პოლიტიკურ და მორალურ ზეწოლას წარმოადგენს...

- რატომ გადაწყვიტეთ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის გახმაურება მისი საქართველოში დაბრუნების წინ? - თუ ადამიანს მხარს უჭერ, თუ მას იცავ, როგორც პოლიტიკოსს და თანამზრახველს, როგორც მეგობარს და ძალიან ახლობელ ადამიანს, მაშინ სხვაგვარად ვერ მოიქცევი. ეს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო და თუ [კიდევ] რაიმე მოხდება, ჩვენ ამ ფაქტსაც ყველას ვაცნობებთ.

- მასმედიაში არ ყოფილა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის ცოლს - სანდრა რულოვსს გაეყარა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ საქართველოში, რომელიც დიდწილად კონსერვატიული ქვეყანაა, როგორ კრიტიკული რეაგირება მოახდინეს, როცა თქვენთან მისი ურთიერთობის ამბავი გაიგეს? - მე ძალიან მაკვირვებს, ამჟამად პირადი ურთიერთობების თემას ასეთ ყურადღებას რომ აქცევენ. დღეს ჩვენ ერთ საკითხზე უნდა ვიფიქროთ - რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს იგი საპყრობილიდან, რათა საქართველოს მომავალი ჰქონდეს. რაც შეეხება პირადულ დამოკიდებულებას, ჩვენ ვთქვით, რომ ერთად ვართ. მე, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი და მისი ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილს მხარს ვუჭერ.

- საქართველოში სანდრა რულოვსი - როგორც პირველი ლედი - ისე უყვარდათ. თქვენ როგორ შეგხვდნენ? - მე ძალიან ბევრი ჟურნალისტი მხვდება... ასეთ სიტუაციაში [პირადულზე ლაპარაკი] რთულია. ყურადღების ფოკუსი დღეს მიხეილ სააკაშვილზე უნდა იყოს. მე მის მდგომარეობაზე მეკითხებოდნენ. იგრძნობა, რომ ქართველ საზოგადოებაში, ქვეყანაში რაღაც უნდა შეიცვალოს. მეც ვგრძნობ, რომ დღეს მიშა სააკაშვილის დაცვა პრიორიტეტია. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ჩვენ ერთად ვართ და გვიყვარს ერთმანეთი" - ვინ არის უკრაინელი დეპუტატი, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილი ოჯახს ქმნის

მოამზადა სიმონ კილაძემ