"ნამდვილად არ ველოდებოდი, ასეთი დიდი რაოდენობის ხალხი რომ შეიკრიბებოდა" - კვირის პალიტრა

"ნამდვილად არ ველოდებოდი, ასეთი დიდი რაოდენობის ხალხი რომ შეიკრიბებოდა"

"გუშინდელმა აქციამ დაგვანახა, რომ არა მარტო მხარდაჭერაზეა ლაპარაკი, არამედ - არის უკვე მზაობა იმის, რომ საპროტესტო აქციებმა გადაინაცვლოს ქუჩაში"

14 ოქტომბერს თბილისში გამართული აქცია ხალხმრავალი იყო. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოქალაქეები ავტომობილებით ორგანიზებულად ჩამოვიდნენ. მათ გზადაგზა "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგეები ცოცხებითა და ყავარჯნებით ხვდებოდნენ და წინა ხელისუფლების ჩადენილ დანაშაულებს ახსენებდნენ. რამდენიმე ადგილას მხარეებს შორის შელაპარაკებაც მოხდა. თავისუფლების მოედანზე გამართული აქცია საბოლოოდ მშვიდობიანად დასრულდა. შეკრებილთა მოთხოვნა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყო. პარტიის ლიდერი ნიკა მელია მხარდამჭერებს 30 ოქტომბრამდე დაემშვიდობა და მათ არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე, ექსპერტი:

- ნამდვილად არ ველოდებოდი, ასეთი დიდი რაოდენობის ხალხი რომ შეიკრიბებოდა. ვიცოდი, ორგანიზებას შეძლებდნენ, მაგრამ პარტიულმა ჯგუფებმა მობილიზება გაუკეთეს მთლიანად "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის რესურსს და მიაღწიეს, ძალიან ხალხმრავალი აქცია გაემართათ. ეს აქცია დასრულდა მშვიდობიანად. ახლა დაიწყება საარჩევნო კამპანია 30 ოქტომბრისთვის. გამოჩნდა, რომ ეს იყო სწორი და კარგი ნაბიჯი იმისთვის, რომ 30 ოქტომბერს მობილიზება გაუკეთონ საკუთარ რესურსებს.

- ამ რაოდენობის ხალხის ქუჩაში გამოსვლა რას ეუბნება "ქართულ ოცნებას", რომელიც ირწმუნება, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მხარდამჭერები არ ჰყავს?

- "ნაცმოძრაობას" ყოველთვის ჰყავდა თავისი ამომრჩეველი, ნახევარი მილიონის ფარგლებში. აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. ერთია - მხარდაჭერა და მეორეა - მზადყოფნა, გამოხვიდე ქუჩაში. ეს ორი სხვადასხვა რამაა. გუშინდელმა აქციამ დაგვანახა, რომ არა მარტო მხარდაჭერაზეა ლაპარაკი, არამედ - არის უკვე მზაობა იმის, რომ საპროტესტო აქციებმა გადაინაცვლოს ქუჩაში. დღემდე ასეთი განცდა ნამდვილად არ მქონია, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოვიდა გარეთ და მზაობაა იმის, რომ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარება იქნება, თუკი "ქართული ოცნება" შეეცდება ზეწოლას არჩევნებზე ან არჩევნების გაყალბებას, ან სხვა რამეს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რაოდენობაა ხალხის, მაინც არ ვთვლი, რომ "ნაციონალებს" გარკვეულ ოლქებში უპირობო გამარჯვება აქვთ, მაგრამ გარკვეულ ოლქებში ისინი გამარჯვებას მიაღწევენ.

- საერთოდ, რა გაგრძელება მოჰყვება ამ ყველაფერს?

- როგორც მელიამ განაცხადა, აქციას ამთავრებენ და 30 ოქტომბრამდე არანაირ აქციაზე არ არის ლაპარაკი. 30 ოქტომბერს ისევ ამზადებენ მობილიზებას. სწორი ნაბიჯია ეს, პოლიტიკური თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ახლა პერმანენტული აქციების ჩატარებას ნამდვილად არ აქვს აზრი. 30 ოქტომბერს შეკრება არის მზაობა იმის, რომ თუ ხელისუფლება ცუდად მოიქცევა, ხალხი ისევ ქუჩაში გამოვა.

- გაქვთ იმის მოლოდინი, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ჩვენი პარტნიორი ქვეყნები დაუდგებიან გვერდით და მის განთავისუფლებას ისინიც მოსთხოვენ ხელისუფლებას?

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სააკაშვილი უკვე ორი კვირაა, პატიმრობაშია, მაგრამ ჯერჯერობით სერიოზული განცხადებები ამას არ მოჰყოლია, გამიჭირდება საუბარი. მაგრამ მეორეა ის, რაც გუშინ ითქვა - 30 ოქტომბრისთვის აქცია იქნება. ამას, გარკვეულწილად, სამოქალაქო დაპირისპირების სუნი უდის, ამიტომ შესაძლოა დასავლეთი ჩაერთოს, რომ არ გადაიზარდოს აქციები დაპირისპირებაში.

- ანუ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ხედავთ?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჰქონდა "ნაცმოძრაობას" მხარდაჭერა, მაგრამ ამას არ ჰქონდა მეორე მომენტი - მასობრივი გამოსვლა და საპროტესტო აქციები ქუჩაში. დღეს ვხედავთ, რომ თუნდაც მხოლოდ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები, მზად არიან, პროტესტი ქუჩაში გააგრძელონ, ეს ქმნის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს. მე ჩავთვალე, რომ მიშას ჩამოსვლამ გაააქტიურა ამომრჩეველი და ნამდვილად ასე იყო, მაგრამ საზოგადოების მეორე ნაწილიც გაააქტიურა და მზად არის, ისიც ქუჩაში აქტიური პროტესტისთვის.

- ვნახეთ მეორე მხარეც, რომელიც ქუჩაში ცოცხებით ხელში იდგა და დახვდა თბილისისკენ მომავალ კოლონას, ამაზე რას იტყვით?

- როცა ერთი და იგივე რამ ხდება ქუთაისში, აბაშაში, გორში და პროტესტის ერთნაირი გამოხატვააა, ყოველთვის არის იმის ალბათობა, რომ ეს არის ორგანიზებული პროტესტი და არა - ემოციური. ვფიქრობ, ორგანიზებული სახე ჰქონდა. ჩვენ გვახსოვს ასეთი პროტესტებიც, როცა საბურავებს უშვებდნენ მანქანებს და ვერ ჩამოდიოდნენ. დღეს ეს ცოცხები ვნახეთ, ორგანიზებული ჩანდა, ვიდრე ეს იყო სპონტანური პროტესტი.

(სპეციალურად საიტისთვის)