"მცოცავები"
პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და ეჭვმიტანილი უკვე საკანში ზის. კარგია, როდესაც ოპერატიულად ხსნიან ასეთ დანაშაულს, მაგრამ საშინელებაა, რომ ამის ჩამდენი მოქმედი პოლიციელია - დილის 9-დან საღამოს 6-მდე "გვიცავს", საღამოს 6-დან მეორე დილის 9-მდე გვაფეთქებს...
თანაც ამ ამბავს, სამართალდამცავთა შორის ისევ "შემთხვევით" შემორჩენილი ძველი მწამებელ-ნარკოტიკის ჩამდებ-ყალბი ჩვენების ამომგლეჯების "მოულოდნელად" გამოაშკარავებაც მოჰყვა და ისედაც მადლიერ ამომრჩეველს კიდევ უფრო გაუმყარდა ნაოცნებარი ხელისუფლებით აღფრთოვანების საფუძველი.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ასეთი "აღფრთოვანების მიზეზები" კიდევ უფრო მოიმატებს და საერთოდ, "პროვოკატორული" ეჭვი მღრღნის, რომ ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებს ახლანდელი ხელისუფლება სწორედ იმისთვის ააშკარავებს ასე მცირე "ულუფებად", რომ დროდადრო "აღგვაფრთოვანოს" ხოლმე. მე კი ვურჩევდი, რომ არ არის საჭირო ასეთი გამოზოგვა - იმათი ნაგოთვერნალი არჩევნებამდეც გეყოფათ და მერეც, ამიტომ მიაწექით ბოლომდე, ნუ დაგვაწყვიტეთ ნერვები.
ისე, მართლა კარგია დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრება, ისეთში, საერთოდ რომ არ გაინტერესებს, პარლამენტსა და მთავრობაში რა ხდება, იმდენად კარგად და ჩუმად აკეთებენ თავის საქმეს.
აი, ჩვენ რომ ვცხოვრობთ, ისეთ ქვეყანას ვგულისხმობ - ჩვენ, ხალხი კი არა, თვით პარლამენტის წევრებიც კი დაბნეულები არიან, არ იციან, რა აკეთონ, საქმე მოთავებულ-მოგვარებული აქვთ და ძალიან უხერხულად გრძნობენ თავს, ტყუილად რომ იღებენ ხელფასს. ამიტომ, წინა კვირაში სასარგებლო და ქვეყნისათვის სისხლხორცეულად საჭირო საქმე გამოძებნეს - თურქეთში წავიდნენ ფეხბურთის სათამაშოდ!
გუნდი შეიკრიბა სანაქებო, ოღონდ მსაჯმა დაგვჩაგრა და ორივე თამაში წავაგეთ - უნგრეთთანაც და პოლონეთთანაც. სამაგიეროდ, ნატოში შესვლისას ორივე ეს ქვეყანა ხმას მოგვცემს.
ახლა, ამის წაკითხვის შემდეგ, ზოგიერთმა "ნაც-აქტივისტმა" იქნებ ჩაიხითხითოს და ხელები მოიფშვნიტოს, მაგრამ შევახსენებ, რომ წინა პარლამენტის "ნაც-წევრები" სოჭში თუ კრასნოდარში დადიოდნენ რუსეთის დუმის დეპუტატებთან სათამაშოდ და იმას მაინც ეს სჯობს.
თურქეთზე გამახსენდა: კი არის ჩვენი ძმა და ჩასახუტებელი მეგობარი, მაგრამ ძალიან "ღრმად და ახლოს გვეხუტება" ხანდახან და მთლად სასიამოვნო არ არის ხოლმე... "ღრმა" - პირდაპირი გაგებით ვიგულისხმე ამ შემთხვევაში: შავი ზღვის სიღრმე ჩვენი კუთვნილი წყლების იმ ადგილებში, სადაც ისინი თევზაობენ, 80 მეტრი ყოფილა, მათი ბადეები კი 300-მეტრიანი ფსკერისთვის ყოფილა გათვალისწინებული! ავხსნი პრობლემას: ეს ნიშნავს, რომ ფსკერიც ფუჭდება და თევზიც მთლიანად წყდება!
ვერ ვიქნები პოლიტკორექტული და პირდაპირ ვიტყვი: თურქს რომ ფეხებზე ჰკიდია, მისი ლიცენზიის ამოწურვის შემდეგ ჩვენთან თევზი დარჩება თუ - არა, სულაც არ მიკვირს, მაგრამ თევზის მომპოვებელ ლიცენზიანტთა ასოციაციის ქართველი ხელმძღვანელი რომ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს "უხსნის" - ასეთი ბადეები მსოფლიო თევზის რეწვაში აპრობირებული რომ არ იყოს, ვერც ჩვენთან მოხვდებოდაო, მაგას კი მინდა ავუხსნა: მსოფლიო რეწვაში იმიტომ არის აპრობირებული, რომ ამ ბადეებით ორჯერ მეტი სიღრმის წყლებში თევზაობენ, ხოლო ჩვენგან ცოტა ხნის წინ 80 ტონა შავი ზღვის ე.წ. "შავთვალა კეფალი" უკანონოდ გაიტანეს, ზემოდან ორშაურიანი ლიცენზირებული ქაფშია დააყარეს და "დაგაზეს" თურქეთში! სხვათა შორის, საქართველოში ქართველებისთვის გაცემული ლიცენზიით სარგებლობენ და საერთოდ, ძალიან მაინტერესებს, გარემოს დაცვის მინისტრი რას ფიქრობს ამ ამბავზე. იქნებ ვინმემ ხმა მიაწვდინოს და მასტუმროს ტელერადიო "პროვოკატორში", საქმე მაქვს მაგასთან.
(ეს ის "შავთვალა კეფალია", 3 კილოგრამი რომ გინახონ, ანკესით პატიოსნად დაჭერილი, მთელი წელი უნდა იმუშაო ჯარიმის გადასახდელად).
...მომავალ კვირას, მგონი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა-დანიშვნა იქნება ჩვენი მთავარი თემა, ერთი კი ნაღდია - კუბლაშვილის ეპოქა მთავრდება და გული მიგრძნობს, ბევრი საქმე თავიდან იქნება გამოსარკვევ-გასასამართლებელი. დიდი ამბები გველის წინ...
პ.ს. ლარმა რომ "გაორება" დაიწყო, უფრო სწორად, დოლარი რომ ორ ლარს ასცდა, ხადურმა თქვა, მორჩა, დავიჭირეთ, ახლა ლარს "მცოცავი გრაფიკი" ექნებაო. ვიფიქრე, ხან ზევით "აცოცდება" და ხან "ჩამოცოცდება"-მეთქი. თქვენც არ მომიკვდეთ - ერთი კვირაა, მხოლოდ ზევით "მიცოცავს".
დღეს კი კვირიკაშვილმა "ახსნა" ყველაფერი: ჩვენ აბსოლუტურად ვფლობთ სიტუაციასო! და მივხვდი: სიტუაციის ფლობა ნიშნავს - არა უშავს, ლარს თუ დედა ეტირება, მთავარია, მთავრობამ წინასწარ იცოდეს ამის შესახებ.
ასე რომ, კიდევ ველოდები "აცოცებას", მაგრამ მკიდია - მთავარია, რომ ეს მოულოდნელი არ იყოს!