ქინძი, ბარიკადები... უცებ ორი "გრეჩიხაც"
მოახლოვდა არჩევნები და ყველას მოუნდა ბეჭდვითი, სატელევიზიო თუ ინტერნეტმედია, მაგარი დრო დგება. პროვოკატორი კი არა, ვერცხლისმოყვარე ჟურნალისტი რომ ვიყო, იცოცხლე, მაყუთს გავჭრიდი, მაგრამ ჩემი სიდედრის არ იყოს, ერთი ენამყრალი პროვოკატორი ვარ, ამიტომ გავკრავ კბილს (ჰკიდიათ, მაგრამ მაინც) ერთ, ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ექვს... ას, მოკლედ - ბევრ პერსონას.
სანამ სტატიას დავიწყებდი, თუ მედიაზე წერ, კოლეგიალობა დაიცავიო, - შემახსენა მეგობარმა ჟურნალისტმა. არ მჭირდება მე შეხსენება, სულ ასე ვშვრები, პროვოკატორებზე ცუდს არასოდეს დავწერ (ესენი არიან ჩემი კოლეგები) და თუ ვინმემ მაინც ჩათვალა, რომ კოლეგიალობა არ დავიცავი, მაშინ აღიაროს, რომ პროვოკატორია ისიც და ბოდიშს მოვიხდი. მაშ, ასე, წავიდა პროვოკატორობა!
ყველაფერი ინგა გრიგოლიათი დაიწყო (აბა, ინგას გარეშე რა უნდა დაიწყოს ჟურნალისტიკაში?!). გაუშვეს ჩვენი ინგა "იმედიდან" და სარედაქციო პოლიტიკას დააბრალეს. ბევრი იყვირა ინგამ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მერე "ზეობიქტურმა" "რუსთავი 2"-მა დაიწყო - "ჰელფ, ჰელფ!"-ის ძახილი სიტყვის თავისუფლების სახელით. მოკლედ, ატყდა ამბავი, მაგრამ რა ატყდა!..
ქინძი და ბარიკადები მონელებული არ გვქონდა ერს, რომ უცებ ორი "გრეჩიხა" ერთად გამოხტა: პატარამ, - ტელევიზიის მფლობელი ვარო, და დიდმა, - დირექტორიო; ვინც ძველი დირექტორი იყო, იმან,- უიმე, გვიშველეთ, თავისუფალ სიტყვას ებრძვიანო, - და არც ერთი გაჩეჩილაძე ტელევიზიაში არ შეუშვა. მოკლედ, ტემპერატურამ მაღლა აიწია, ჩემნაირი პროვოკატორები სიხარულისგან სულ ხელებს იფშვნეტდნენ და ახალი, კაი ქართველური სისულელის მოლოდინით ვიყავით შეპყრობილი. ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, ჩემო მკითხველო: ერთ დროს თითქმის ერის მამა, ბატონი "უცნობი" კამერების წინ კეკლუცად გამოვიდა და, - კვირიკაშვილს შევხვდიო, ჩემი ძმაკაციაო, - განაცხადა. ხომ გეუბნებით, ხელისუფლებას ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდაო,- აყვირდნენ არასამთავრობოები, ის კი არა და, 2012 წლიდან თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლმა გვარამიამ, "ბიძინა რუსეთის კაცია"-ს რეპორტაჟის საკეთებლად წასული ჟურნალისტიც კი მოაბრუნა და "მაესტროზე" მიუშვა. უხერხულში ჩავარდა ახალი პრემიერი, ისე ანერვიულდა, ალ კაპონესავით მუდამ დავარცხნილი თმაც კი აეშალა და, არმაზის ბილინგვას გარდა, ყველა საფიცარი დაიფიცა,- "უცნობთან" "მაესტროს" საკითხზე არ კრინტი არ დაგვიძრავს, მისი ძმაკაცის გაჭირვებაზე ვსაუბრობდითო.
ჰოდა, ვაგრძელებთ. ლარისა და დოლარის დედა ვატირე, ისეთი ამბებია! ჯერ სადა ვართ, მალე ისეთ ფაზაში შევა არჩევნები, ჩვენი ჟურნალი დღეში ოცჯერ რომ გამოდიოდეს, პროვოკატორობა არ მოგაკლდებათ. ახლა კი გავაანალიზოთ - რა? სად? როდის და რატომ? ძალიან მოკლედ ვიტყვი: პროვოკატორებს ლაქლაქი არ გვჩვევია, ყველაფერი რაც ხდება, რაც მომხდარა და რაც მოხდება, არჩევნებს უკავშირდება, ძალაუფლებას, ფულს და ყოველი სიტყვა თავისუფალ სიტყვაზე - ფარისევლობაა. არა მგონია, გვარამია ზრუნავდეს თავისუფალ სიტყვაზე, "ოცნებას" ებრძვის და "ნაცების" დაბრუნება უნდა; არც ის მგონია, "გრეჩიხებს" რომ წლებია დააქვთ "მაესტროს" დარდი გულის ფიცრით, და არც ის, მაკა ასათიანი ჟურნალისტებისთვის სამსახურის შენარჩუნებაზე ნერვიულობის გამო ჩამოვიდა. ყველას რაღაც გავლენის, ან ფულის, ან ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი კლავს და აწვალებს მხოლოდ. რა ვიცი, მე ასე მგონია და თქვენ თქვენი თქვით, ძვირფასო მკითხველო.
ასე რომ, თავისუფალ სიტყვას, რომელზეც მსოფლიო საზოგადოება და ცივილიზაცია დგას, საქართველოში სულ სხვა დანიშნულება მიეცა.
მოკლედ, ბოდიში და, ყველა იმ კაცის "თავისუფალ სიტყვას" რა ვუთხარი, ვისაც ის სხვა რამისთვის სჭირდება!
პ.ს.
ერთ ანეკდოტს გეტყვით, ცოტა რომ მოვეშვათ:
რაბინთან ახალგაზრდა მივიდა.
- მოძღვარო, ცოლს ვთხოულობ.
- ძალიან კარგი, შვილო.
- ჰო, მაგრამ შესახედავად ძალიან ლამაზია, მე კი რას ვგავარ?!
- მაშინ, არ ითხოვო, თორემ ჰარმონია ვერ გექნებათ!
- მაგრამ სიცოცხლეზე მეტად რომ მიყვარს?!
- მაშინ, ითხოვე და სიყვარულის ძალა გადაფარავს ყველა შეუსაბამობას.
- მაგრამ ის გოგო ძალიან მდიდარია, მე კი- ღარიბი!..
- მაშინ, არ ითხოვო, თორემ გაგიბატონდება!
- კი, მოძღვარო, მაგრამ ისე მიყვარს, სიზმარშიც არ მშორდება!
- მაშინ, ითხოვე და სიყვარული ყველა მინუსს გადაფარავს.
- მაგრამ, მოძღვარო, ის უნიჭიერესია და უმაღლესი განათლებით, მე კიდევ- საშუალოდაც ვერ ვსწავლობდი.
გაბრაზებული მოძღვარი:
- რას გეტყვი, იცი, დაგენაცვლე: ეგერ, ხომ ხედავ ქრისტიანების ეკლესიას?
- ?..
- ჰოდა, წადი იქ და მოინათლე ქრისტიანულად!
- რატომ?
- რატომ და, ქრისტიან მღვდელს მოუშალე ნერვები, მე რას გადამეკიდე?!. :)))
ჰოდა, ამ ანეკდოტის არ იყოს, წადით, მიშასავით, და ახლა სხვებს მოუშალეთ ნერვები, ძმაო; უკრაინა გინდათ, რუსეთი, ამერიკა- სადაც გინდათ, წადით, ოღონდ აქ პატიოსან ჟურნალისტებს აცადეთ ამ სიტყვის თავისუფლების პატივისცემა!
პ.პ.ს
სოფელში გაგონილი სადღეგრძელოს ჟურნალისტური ინტერპრეტაციით მინდა დავასრულო: ვინც გაზეთების ჯიხურებთან გაიარ-გამოიარა, ჟურნალი "გზა" იყიდა, ეს სტატია წაიკითხა და, რისი თქმაც მინდოდა, ზუსტად ისე გაიგო და სხვა არაფერი, იმ კაცს გაუმარჯოს! ვინც ვერ გაიგო, ჩემნაირი პროვოკატორი დაუჯდეს სახლში. "ვოტ ტაკ!"