"სამი შვილის დედა ვარ და ვიცი, რა ფასი აქვს ბავშის გულის გახარებას"
ძეგვის გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ ბავშთა ცენტრში სხვადასხვა ასაკის 18 ბავშვი ცხოვრობს. ამბობენ, რომ კარაქი მათთვის დიდი ფუფუნებაა, ხშირად არც ბურღულეული, ბოსტნეული და ტანსაცმელი აქვთ. ახლა კი ბავშვთა სახლის აღსაზრდელები შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ, რადგან სარეაბილიტაციო ცენტრი დავალიანებას ვერ ფარავს. მოკლედ, მზრუნველობას მოკლებული პატარები ისევ მზრუნველი ხელის მოლოდინში არიან.
ძეგვის ბავშთა სახლი შემოწირულობებით მოვიდა დღემდე. კეთილ ადამიანებს რა გამოლევს და უცხოეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ, მხატვარმა ეკა ფერაძემ მათი დახმარება გადაწყვიტა. საქველმოქმედო აქცია, რომელსაც ეკა ძეგვის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების დასახმარებლად აწყობს, რამდენიმე დღე გაგრძელდება, შემოსული თანხა კი, როგორც ღონისძიების ინიციატორი ამბობს, ბავშვების გულის გახარებას მოხმარდება.
ეკა თბილისში დაიბადა. დაამთავრა თოიძის სამხატვრო სკოლა. 1995 წელს გერმანიაში, ბერლინში გაემგზავრა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2000 წლიდან კი როგორც მხატვარ-დიზაინერმა მოიხვეჭა სახელი. მისი ნამუშევრები მთელ მსოფლიოშია ცნობილი, ხოლო მოსკოვში, ბელორუსიასა და უკრაინაში ტექსტილის მაღაზიები აქვს გახსნილი. დიდი პოპულარობით სარგებლობს ეკას ხელით შექმნილი სვაროვსკის თვლებით მოოჭვილი ბიჟუტერია. ეკას ნამუშევრები ამშვენებს ცნობილი პოპ-მომღერლებისა და ჰოლივუდის ვარსკვლავების კოლექციებს.
ეკა ფერაძე, მხატვარი-დიზაინერი:
- ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ საქველმოქმედო აქცია მოაწყო კოჯრის ბავშვთა სახლის დასახმარებლად. შარდენის ქუჩაზე გამოფენილი იყო როგორც ჩემი ნახატები, ასევე ბავშვთა სახლის აღსაზრდელების ნამუშევრები. ბავშვებმა გამოფინეს თავიანთი ნახატები, მოხატული ქოთნები, ბიჟუტერია, სამკაულები, რომლებიც ასევე ძალიან კარგად გაიყიდა. ამ აქციიდან სულ 1700 ლარი შემოვიდა და მთლიანად კოჯრის ბავშვთა სახლს გადავეცით.
ამჯერად მინდა ძეგვის ბავშვთა სახლს დავეხმარო. იმედია, ღვთის შეწევნით ახლაც ყველაფერი კარგად ჩაივლის. 20-დან 25 დეკემბრის ჩათვლით გამოფენა-გაყიდვა ქარვასლაში გაიმართება და შემოსული თანხა გადაეცემა ძეგვის ბავშვთა სახლს. გამოფენა-გაყიდვის გარდა მიმდინარეობს ინტერნეტაუქციონი და ვინც ქარვასლაში ვერ მოვა, შეუძლია ინტერნეტის საშუალებით შეიძინოს ნახატი (http://ekaperadze.beepworld.de) და წვლილი შეიტანოს ამ მადლიან საქმეში. ეს ღონისძიება გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერი ადამიანი, ვინც გააკეთებს შენაძენს, ნახავს, თუ რაში დაიხარჯება მის მიერ ნამუშევარში გადახდილი თანხა. ეს ძეგვის ბავშვთა სახლის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით გადაწყდება.
- როგორც შევიტყვე, ძეგვის ბავშვთა სახლს ელექტროენერგიის დავალიანება აქვს და შესაძლოა დენის მიწოდებაც შეუწყვიტონ.
- შესაძლოა, აქციიდან შემოსული თანხა ამაშიც დაიხარჯოს. თუ უფრო მეტი თანხა შემოვა, შევეცდებით საახალწლოდ ბავშვები გავახაროთ.
- რამდენ ნამუშევარს გამოფენთ აქციაზე?
- ამჯერად 20 ნამუშევარი გამოვიტანე გასაყიდად. აქცია დღეს დაიწყო და ქარვასლაშიც და საიტზეც უკვე არის გამოხმაურებები. იმედია, ეს აქციაც შედეგიანი იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ბავშთა სახლს, გამოფენის ხარჯებს მე თავად დავფარავ. და კიდევ, ნამუშევრების პირველადი ფასი აუქციონის მსვლელობისას გაიზრდება, ამიტომ ის, ვინც გამოფენაზე გადაწყვეტს ამა თუ იმ ნამუშევრის ყიდვას, აუცილებლად უნდა დაელოდოს აუქციონის შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება ნახატის მფლობელის ვინაობა.
- ასეთი ღონისძიების ჩატარების იდეა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ როგორ გაგიჩნდათ?
- 18 წელია გერმანიაში ვცხოვრობ... ჩემს ნამუშევრებში ძალიან ბევრი აფრიკული მოტივია. მიყვარს აფრიკელი ხალხი და მინდოდა აფრიკელ ბავშვებს დავხმარებოდი, ამიტომ რამდენიმე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოვაწყვე. პირველად ასეთი საქველმოქმედო აქცია გერმანიაში ჩავატარე და გაყიდული ნამუშევრებისგან მიღებული ფულით აფრიკელ ბავშვებს მოვახმარეთ. ევროპაში ძალიან ხშირად ვაწყობ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვებს.
ამის შემდეგ ჩემმა მეუღლემ შემომთავაზა, ჩამოვსულიყავით საქართველოში და სამშობლოში დავხმარებოდით მიუსაფარ ბავშვებს. სამი შვილის დედა ვარ და ვიცი, რა ფასი აქვს ბავშვის გულის გახარებას. რასაც მე ვაძლევ ჩემს შვილებს, მინდა, იგივე მივცე მიუსაფარ ბავშვებს, მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ!
(სპეციალურად საიტისთვის)