"გაზაფხულისთვის მიწა გათბება და იოსელიანს მაშინ ამოვთხრი"
"ამგვარი რამის ჩადენა მხოლოდ სატანისტს შეუძლია!"
მართლმადიდებელი სამყაროს უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის, შობის წინ უცნობმა პირმა ჯაბა იოსელიანის საფლავის ამოთხრა განიზრახა და საფლავზე სისხლიანი ხელებისა და იოსელიანის ფოტოები დაყარა. მოგვიანებით ჟურნალისტ ლაშა ბერულავას დაახლოებით 40-ოდე წლის მამაკაცი დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ სწორედ მან სცადა ცხედრის საფლავიდან ამოთხრა. თურმე მან იგივე 2008 წელსაც გააკეთა. უცნაურმა რესპონდენტმა, სახელად მერაბმა, ჟურნალისტს განუცხადა, რომ ჯაბა იოსელიანის საფლავიდან ამოთხრა მისი ცხოვრების მისიაა - ვამბობ, გინდათ ვანდალი მიწოდეთ, გინდათ სტენდალი, ჯაბას მაინც ამოვთხრიო.
"ეს იყო 1993 წელს. რომ გავიგე, ჯაბა ზუგდიდში უნდა ჩამოსულიყო, ჩემი ნათესავის 5 წლის თამამი ბიჭი "შეგირდად ავიყვანე", ერთი კვირა ვავარჯიშე, თუ როგორ უნდა დაეძახა: "ჯაბა, ჯაბა!" ვივარაუდე, როცა ეს უკანასკნელი გაიგონებდა ბავშვის ხმას, მასთან მივიდოდა. მართლაც, ასე მოხდა. ჯაბა ჩამოვიდა. ხალხი გამგეობასთან შეიკრიბა. ბიჭი კისერზე შემოვისვი და ვუთხარი, აბა, დაუძახე-მეთქი. მეხის გავარდნას ჰგავდა ზუგდიდში ჯაბას სახელის სკანდირება. ხალხი აჩოჩქოლდა. ჯაბამ ბავშვს თვალი მოჰკრა თუ არა, მაშინვე ჩვენკენ წამოვიდა, ღიმილით მოგვიახლოვდა. "ლაო პატალა, როგორ ხარ?" - ბიჭს ლოყაზე ხელი მოუთათუნა, მაგრამ ბავშვმა ხელი აუკრა. "ბატონო ჯაბა, ბავშვმაც კი იცის, რომ თქვენ მკვლელი ხართ!" - ვუთხარი ხმის კანკალით. "მკვლელი არა ვარ, ბიძია, ეს იარაღი სათამაშოა", - ნაძალადევი სიცილით უთხრა ჯაბა იოსელიანმა ბავშვს", - ჰყვება "მონანიების" მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი.
"სურათები და სისხლიანი ხელის მტევნები ჩვეულებრივ პრინტერზე ამოვბეჭდე. საველე ნიჩაბი ელიავაზე ვიყიდე, პანთეონში კი ყვავილების დახლების მხრიდან გადავძვერი", - განმარტავს ის. საფლავის გათხრა კი მხოლოდ იმიტომ გადაუფიქრებია, რომ ხელები გაყინული ჰქონდა და თითები არ ემორჩილებოდა. ირწმუნება: გაზაფხულისთვის მიწა გათბება და იოსელიანს მაშინ ამოვთხრი. არაერთი თანამოაზრე მყავს და თუ დამიჭერენ, იოსელიანს სხვა მაინც ამოთხრისო.
ჩვენ დავუკავშირდით ჟურნალისტ ლაშა ბერულავას და ზოგიერთი დეტალის დაზუსტება ვცადეთ. მაგალითად, ხომ არ არის საფლავის გამთხრელი თვითმარქვია, ტოვებს თუ არა ფსიქიკურად დაავადებულის შთაბეჭდილებას, დაინტერესდა თუ არა გამოძიება მისი პერსონით.
ლაშა ბერულავა: - ვიდრე შევხვდებოდი, "ფეისბუქში" დაახლოებით ღამის 2 საათზე დამიკავშირდა ამოუცნობი პროფილის ადამიანი და შემატყობინა, რომ ჯაბა იოსელიანის ნეშტის საფლავიდან ამოთხრა სცადა. სხვათა შორის, ამ პირს ადრეც მოუწერია რაღაცები და ყოველთვის მართალი აღმოჩენილა. ამიტომ მაშინვე დიდუბის პანთეონში წავედი. საფლავს გათხრის კვალი არ ეტყობოდა. მხოლოდ ერთმანეთზე დაკრული ფოტოები ეყარა. დღისით კი დამიკავშირდა უცნობი პირი და მითხრა, რომ ამ საკითხზე სასაუბროდ შეხვედრა სურდა. რასაკვირველია, შევხვდი. ემოციურად ლაპარაკობდა. ამგვარად ყოფით საკითხებზე რომ ელაპარაკა, შეურაცხადად ჩავთვლიდი.
ჩვენი საუბარი თითქმის საათ-ნახევარი გაგრძელდა. ცხადია, ყველაფერი არ გამომიქვეყნებია. როგორც მითხრა, დიდუბის პანთეონში იმ ადამიანის ადგილი არ არის, რომელიც არაერთი ავბედითი მოვლენის ინსპირატორი იყო. იხუმრა კიდეც, თუ ჯაბა იოსელიანს სხვაგან გადაასვენებენ, მაშინ თვითონ დავუდგები დარაჯადო!
- იქნებ მას ამ საშინელი ანგარიშსწორებისთვის უფრო სერიოზული მიზეზიც აქვს?
- ამითაც დავინტერესდი. მან მხოლოდ ის მითხრა, რომ "მხედრიონის" თარეშის დროს სამეგრელოში ცხოვრობდა. სოფელი დარჩელიც კი ახსენა, მაგრამ დაწვრილებით არაფერი მოუყოლია. სხვათა შორის, დარჩელი ის სოფელია, სადაც 28 ოჯახი მხედრიონელებმა ერთმანეთის მიყოლებით გადაწვეს.
- სამართალდამცავი უწყება თუ დაინტერესდა თქვენი ინფორმაციით?
- ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია. აქვე ვიტყვი, რომ მე არ ვიცი იმ კაცის ნამდვილი გვარ-სახელი. მისი ამოცნობა მხოლოდ სახით შემიძლია. მასთან საუბრისას ვხელმძღვანელობდი მხოლოდ ჟურნალისტური ინტერესების შესაბამისად და არ მოვახდინე მისი იდენტიფიცირება.
- მაინცდამაინც თქვენ რატომ მოგმართათ?
- მან ჩემი რამდენიმე სტატია დაასახელა, მათ შორის ერთ-ერთის სათაური იყო: "ჯაბა იოსელიანი აფხაზეთის ომის დროს ადგილობრივ გლეხებს ეკაიფებოდა". იქ აღწერილია, თუ როგორ ხუმრობდა ჯაბა იოსელიანი აფხაზეთის ომის დროს. არადა, სახუმარო მაშინ არაფერი იყო. როგორც ჩანს, ჩემმა რესპონდენტმა ნდობა ამიტომ გამომიცხადა.
ჯაბა იოსელიანის თანამოაზრე და ყოფილი მხედრიონელი დოდო გუგეშაშვილი.
- ჯაბა იოსელიანი იყო არა მხოლოდ საზოგადო მოღვაწე, არამედ მწერალი, დრამატურგი და გამორჩეული თვისებებით შემკული ქართველი რაინდი. როგორც ჩანს, სატანისტებმა მოიწადინეს მის საფლავის შებილწვა.
- თქვენი ინფორმაციით, თუ არის გამოძიების ვერსია გამოკვეთილი?
- "მხედრიონის" მეომარ-ვეტერანთა კავშირისა და ჯაბა იოსელიანის ოჯახის სახელით გავავრცელეთ განცხადება, რომლითაც მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, უმოკლეს დროში გამოიძიოს ეს საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითონ ჩავერთვებით საქმეში და დამნაშავეს გადავცემთ სამართალდამცავებს. ამაზე ჩვენი მეგობარი იურისტები და დეტექტივები იზრუნებენ.
ვგმობ ასეთ საქციელს, როგორი მოტივითაც უნდა იყოს ის ნაკარნახევი. ბევრჯერ მსმენია, რომ ჯაბა იოსელიანის ადგილი არ არის პანთეონში, რომ უნდა გადაასვენონ, არადა, როგორც უწმინდესმა თავის დროზე ბრძანა, ასეთი რამ ქრისტიანული საქციელი არ არის. ზვიად გამსახურდიას მომხრე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მაშინაც კი, როცა მისი ოჯახისა და მთავრობის წევრები წერაქვებითა და ბარებით მივიდნენ მათთვის სათაყვანებელი პრეზიდენტის ცხედრის ამოსათხრელად, ეს ჩემთვის ამაზრზენი იყო.
- თქვენ მინიშნება მანანა არჩვაძის თანამოაზრეებზე გააკეთეთ. თქვენი ეჭვი მას ხომ არ უკავშირდება?
- არა. უბრალოდ, ეპიზოდები გავიხსენე. ვიმეორებ, ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ამ აქტის დამკვეთი ან შემსრულებელი. მე ისიც მახსოვს, რომ ბოლო დროს, ვიდრე ჯაბა იოსელიანი გარდაიცვლებოდა, მანანა არჩვაძემ და ჯაბა იოსელიანმა დაიწყეს ურთიერთობის მოგვარება. უფრო სწორად, ეს იყო დაპირისპირებული მხარეების შერიგების მცდელობა. საქართველოს გაერთიანების მეტი რომ არაფერი გადაარჩენს, ეს მაშინაც ვიცოდით. ამ მიზნით დადგნენ ერთმანეთის გვერდით ჯაბა იოსელიანი და ბადრი ზარანდია, რომლებიც ერთ დროს იარაღით დაპირისპირებული მხარეები იყვნენ. ვფიქრობ, სწორედ ამის გამო მოკლეს ზარანდია!
- როგორ თუ ამის გამო?
- დიახ, საქართველოში არსებობდა და არსებობენ ძალები, რომლებსაც ურჩევნიათ, ქვეყანა, ხალხი, საზოგადოება იყოს გახლეჩილი, რადგან ამით ხეირობენ.
არა მგონია, გამოძიებას გაუჭირდეს ჯაბა იოსელიანის საფლავიდან ამოთხრის მსურველის დადგენა, რის შემდეგაც, ალბათ, უფრო ვრცლად ვისაუბრებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთსა და შემსრულებელს თავად ვიპოვით!
თემურ ქორიძე, განათლების ყოფილი მინისტრი ზვიად გამსახურდიას მთავრობაში: - საფლავის წაბილწვა საშინელი ვანდალიზმია, მას გამართლება არა აქვს. გარდაცვლილს უფალი ასამართლებს და თუკი ვინმეს სურს, "სამართლიანი სამსჯავროს" სახელით ჩაიდინოს ასეთი საქციელი, ძალიან ცდება. მეტსაც მოგახსენებთ, თენგიზ აბულაძეს სურდა, "მონანიება" კანის ფესტივალზე წაეღო და დარწმუნებული იყო, ფილმი უმაღლეს ჯილდოს აიღებდა. როგორც ცნობილია, მან ფილმის კონცეფცია დააფუძნა ვარლამ არავიძის ცხედრის ამოთხრაზე. კანის ფესტივალმა ეს ფილმი სწორედ ამ მორალის გამო არ მიიღო, რადგან მიცვალებულის ამოთხრა ჰუმანიზმისა და სამართლიანობის მაგალითად ვერ ჩაითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ჯაბა იოსელიანი და ჩვენი გუნდი ერთმანეთთან დაპირისპირებული იყვნენ, არ ვამართლებ საფლავიდან მისი ცხედრის ამოთხრის მცდელობას!
მიცვალებულთან ანგარიშსწორება უსაზიზღრესი აქტია, ვისზეც უნდა იყოს ლაპარაკი.