"ერთი ხმლის მუზეუმი თუ არსებობს, იყოს ერთი წიგნისაც"
საგურამოში დავით გურამიშვილის მემორიალური დაფაც კი არ არსებობს
უცხოეთში დიდებულ ქართველთა დაკარგულ საფლავებს დავეძებთ, საქართველოში კი მათი ნასახლარებისა და სახლ-მუზეუმებისთვის ვერ მოგვივლია. დასანანია, რომ პოეტ დავით გურამიშვილის მემორიალური დაფაც კი არ არის საგურამოში, იქ, სადაც გურამიშვილი დაიბადა. არადა, სწორედ მისი გვარიდან გამომდინარე ჰქვია სოფელს საგურამო. ნახეთ, რა დარჩა მის ნაკვალევზე. წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლთან რომ გაივლით, საგურამოსკენ მიმავალთ ჯერ იქ შემოგაწვებათ სევდა კიბის აყრილი ფილაქნის გამო. ასე წარსულს ვერ გადავარჩენთ და ვერც მომავალს შევქმნით.
პატივისცემით, ეთერ გარსევანიშვილი
"კვირის პალიტრის" #18-ში დაბეჭდილ სტატიას "დაკარგული საფლავების კვალდაკვალ", სადაც ვახუშტი ბაგრატიონისა და დავით გურამიშვილის საფლავების შესახებ მოვუთხრობდით, მკითხველის გამოხმაურება მოჰყვა.
საგურამოში ბევრმა არც კი იცის, სად არის დავით გურამიშვილის წინაპრების სავარაუდო ნასახლარი. გრძელ აღმართს შევუყევი."მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა", - წერია ილიას სიტყვები გზაზე აღმართულ თუნუქის ბანერზე, რომელსაც ჟანგი შეჰპარვია და ავტორის სახელი ნაწილობრივ შეუჭამია. ბანერი ისარივით გზას გიჩვენებს ჭავჭავაძიანთ ძველი სახლისკენ.
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი XXI საუკუნის დასაწყისში განახლდა. სავარაუდოდ, დავით გურამიშვილი და მისი წინაპრები სახლის ზედა, მარჯვენა მხარეს ცხოვრობდნენ. აქ ახლა ძველი შენობის, როგორც ამბობენ, მარნის საძირკვლისა და კედლის ნაშთებიღაა შემორჩენილი. წლების წინ გადაუხურავთ, რომ ნალექს სულმთლად არ წაეშალა გურამიშვილების კვალი. ნანგრევებთან ახლოს კომუნისტების დროს აშენებული პატარა სახლი დგას, სადაც ახლა ბერები ცხოვრობენ. "წინათ აქ კედლებზე გაკრული იყო უზარმაზარი პლაკატები ცნობილი ფილმიდან დავით გურამიშვილზე. ოთახში მაგიდა და სკამები იყო და აქაურობას ილიას მუზეუმში მომსვლელი სტუმრების გასამასპინძლებლად იყენებდნენ. ეზოშიც პურმარილი იშლებოდა და ხშირად გვიანობამდე გრძელდებოდა ღრეობა", - ამბობენ აქაურები. მოგვიანებით გურამიშვილების ნასახლართან ილია მართლის სახელობის ტაძარი ააშენეს. ილიას სახლ-მუზეუმის დირექტორმა ანდრო ბედუკაძემ, საღრეო და საქეიფო ადგილი რომ მოეშალა, სახლი ეკლესიას ათხოვა და ახლა იქ ბერები ცხოვრობენ. ნანგრევების წინ უზარმაზარი ტერიტორია რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა გურამიშვილის სახელობის მუზეუმის ასაშენებლად.
ანდრო ბედუკაძე, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი: -“საგურამო არის გურამიანთ კარი, თავადების საბრძანებელი. ახლა, სადაც ილია მართლის სახელობის მონასტერია, უწინ სოფელი იყო. სამწუხაროდ დავით გურამიშვილისგან არაფერი დაგვრჩა, გურამიშვილებიც კი აღარ არიან საგურამოში.
არავინ იცის, სად ცხოვრობდნენ დავითის წინაპრები, მათ სავარაუდო ნასახლარზე ნამარნევის აღმოჩენის შემდეგ სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ასეთი მარანი მხოლოდ შეძლებულ ოჯახს უნდა ჰქონოდა. გურამიშვილებზე შეძლებული კი იმ სოფელში არავინ იყო და ამიტომაც დაარქვეს ამ ადგილს გურამიშვილების მარანი. რატომღაც ბევრს ჰგონია, ლამისყანაში რომ სახლია, დავითი იქ დაიბადა და გაიზარდა. არადა, სტუმრად იყო და მაშინ გაიტაცეს ლეკებმა.
2005 წელს დავით გურამიშვილის დაბადების 300 წლის იუბილე რომ აღვნიშნეთ, გურამიშვილის მუზეუმის პროექტი გავაკეთეთ. რა უნდა დავიცვათ იქ, გურამიშვილისა რა გვაქვს? ერთადერთი უნიკალური საგანძური - ხელნაწერი წიგნი "დავითიანი".”თემურ ლენგის ხმალს აუშენეს მუზეუმი და თუ შეიძლება მუზეუმი ჰქონდეს ერთ ხმალს, რომელიც არ ასოცირდება ჰუმანიზმთან, რატომ არ შეიძლება დავით გურამიშვილის წიგნს ჰქონდეს მუზეუმი? მით უფრო, რომ ამ წიგნს საოცარი ბედი აქვს: პოეტმა ილია ბატონიშვილს გამოატანა საქართველოში, წაიღე, ესღა დამრჩა მხოლოდ, შვილი არა მყავს, რომ საქართველოსთვის გაგატანო, მე კი მოხუცი ვარ და ვერ წამოვალ სამშობლოშიო. მანამდე ერთი ხელნაწერი ხანძრის დროს დაეწვა დავითს. თავიდან დაუწერია ყველაფერი. ილია ბატონიშვილს ეს განძი ბარგიდან გადმოვარდნია და კინაღამ დაიკარგა.
მუზეუმის იდეა იდეად დარჩა, დღემდე ვერ აშენდა. წიგნის ხელნაწერი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. გვინდოდა მისი ასლი გამოგვეცა, მით უმეტეს, რომ ტექსტი გარკვევით იკითხება.
ილიას სახლ-მუზეუმში გამოფენილი გვაქვს ოლღას მამის, თადეოზ გურამიშვილის ნაქონი ნივთები, საომარი ჯაჭვ-აბჯარი და მასაც დავითის მუზეუმში შევიტანდით. კიდევ მოიძებნებოდა ბევრი რამ მისი სახელისთვის პატივის მისაგებად. დავითი ამბობდა, ორი ადგილი მაქვს საფლავად შეგულებული, ზედაზენზე (სადაც მათი საგვარეულო სასაფლაოა) ან შიომღვიმეო. მირგოროდში უვლიან მის სახლსაც და მემორიალსაც, სახელმწიფო ბიუჯეტშია გათვალისწინებული ხარჯები. არავინ იცის, ის საფლავი მართლა არის თუ არა პოეტის უკანასკნელი განსასვენებელი. იყოს იქ პოეტის საფლავი. ჩვენ კი ერთი პატარა მუზეუმი მივუძღვნათ დიდი ქართველის სახელს. ერთი ხმლის მუზეუმი თუ არსებობს, იყოს ერთი წიგნისაც.