ჩინელმა წერეთლებმა დაგვიბარეს....
ჩინელები საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად ქართულ არისტოკრატიულ გვარებსაც ითვისებენ(?!)
"ლილოსიტის" "ჩინური კვარტალი"
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ერთი ჩემი ახლობელიც გაათავისუფლეს სამსახურიდან. მსგავს ფაქტებს ხალხი ასე თუ ისე შეეგუა. მას კი ვერაფრით გავაგებინე, - ახალი ქვეყნის საშენებლად ახლებური აზროვნებაა საჭირო-მეთქი. კარგა ხანს ირტყა თავში ხელი და იბუზღუნა, მერე საოცნებო ამერიკისკენ გასწია, - ეგებ იქ მაინც ვიშოვო სამუშაოო. ესეც ვუთხარი, - შენ როგორც ამერიკისკენ იქაჩები სამუშაოდ, აქაც თუ ისე გაიქაჩები, ერთ კინკილა შვილს როგორ ვერ შეინახავ-მეთქი, მაგრამ - არაო! არაო და, იმის მერე იქით ის ექაჩებოდა ამერიკაში ქუჩების დალაგებას, აქეთ მისი ცალად დარჩენილი ცოლი ლილოს ბაზრობას, - პაჭაპუჭა ტანსაცმლით სავსე ჩანთებს ლილოდან მიათრევს დასავლეთ საქართველოში და იქ ვაჭრობს. თავისებურად მათი შვილიც იქაჩება მანქანით, რომელიც შვიდი წლის უნახავმა მამამ ჩამოუყვანა ამერიკიდან, - აწი აქედან არსად წავალო, ამბობს ამერიკით გაბეზრებული მამა. როგორც იტყვიან, ჩხირი კედელს, მაგრამ მე ის მიკვირს, რომ იმ თავისი საოცნებო ამერიკიდან ასჯერ უფრო ნერვებაშლილი ჩამოვიდა. ახლა რა აიჩემა, არ გაინტერესებთ? ის, რაც ჩვენში აღარავის უკვირს - ცოლს გაჰყვა ლილოში სავაჭროდ და იმისთანა გუნებაზე იყო, ვერავინ ეკარებოდა, თავად ცოლიც კი. მერე ვინმესთან ხომ უნდა ებუზღუნა და "ლილოსიტში" მე არ შევრჩი?
- რა გინდა-მეთქი?
- ამ ჩვენმა მთავრობამ მე და ჩემისთანები იმიტომ გაგვისტუმრა საზღვარგარეთ, რომ ჩვენ მაგივრად ჩინელები ჩამოესახლებინა?! ამერიკის ჩინურ კვარტალში არ არის იმდენი ჩინელი, რამდენიც ლილოში.
- აბა, რა გეგონა, შენ და შენისთანა გადახვეწილების ადგილი ჩინელებმა დაიკავეს. ისე, ჩინელებზე ზრდილობიანად არავინ გვექცევა, თანაც იაფი პროდუქციაც შემოაქვთ! ამ მეტად თავაზიანმა ხალხმა ნახევარი დედამიწა მოხიბლა და ჩვენ რა, თეთრი ყვავები ვართ?!
ამერიკამოვლილმა კაცმა ხელი ჩაიქნია, აქაოდა ამას ვერაფერს შევაგნებინებო და იქაურობას გაეცალა.
მეც "ლილოსიტში" საყიდლებზე ჩინელებს მივადექი. მტვრიან ქართან ერთად ჩინური სამზარეულოს სურნელი შემომეგება. მართალია, ვერ ვჭამე, რადგან ყოველი მაღაზიის მფლობელი ჩინელი საკუთარ მაღაზიასთან გამართულ სახელდახელო სამზარეულოში კერძებს მხოლოდ თავისი ოჯახისთვის ამზადებს, რომლის წევრებიც, იქვე ჭიანჭველებივით შრომობენ. სამაგიეროდ, იქ დგომა არავის დაუშლია და ჩინური კერძის დამზადება ვისწავლე, - მოხარშული ბრინჯი, შებოლილი თევზის ნაჭერი და ზედაც მოხარშული სატაცური. სატაცურიანი ჯამი მაგიდის ქვეშ ჰქონდათ შედგმული, როცა დასჭირდებოდათ, მდუღარე წყალში თუთქავდნენ და მომზადებულ კერძს ამატებდნენ. მერე ორი ჩხირი (ჰაკი) და მორჩა! კაცმა რომ თქვას, ჩინურ ტრადიციებში ჩემთვის ყველაზე სახლაფორთო ეს ორი ჩხირია, მაგრამ ჩინელები ჩემზე დარდით არ გადაშენდებიან. ის კი არა, გამრავლების თემას მათმა მთავრობამაც ვერაფერი უშველა - კანონი ერთ შვილზე მეტის ყოლას უკრძალავს.
ისინი კი იმდენს "მუშაობენ", რომ გამრავლების ჯარიმებსაც იხდიან და შვილებსაც არხეინად ზრდიან. "ლილოსიტში" გამრავლების ამკრძალავი კანონი არ მოქმედებს და ჩინელებიც უპრობლემოდ და ხალისით მრავლდებიან. მათი მონაგარი კი "ლილოსიტში" იზრდება. იქვე ხალისიანად თამაშობენ, ხმაურობენ, ჩხუბობენ, ტირიან, იცინიან... ჩვილებს კი ტკბილად სძინავთ დაქირავებული ქართველი ძიძების კალთაში.
ზოგიერთი პატარა დახლზე მოკალათებულა და ჭუჭყიან ხელებში ჩაბღუჯულ ფუნთუშას ან სიმინდს სიამოვნებით შეექცევა. ერთ-ერთ მაღაზიაში ტანსაცმელზე დასკუპებულ პატარა ჩინელს გავეთამაშე, - შენ რომ ჭამ, მეც მინდა ეგ მოხარშული სიმინდი-მეთქი! თავს აქნევს და გაჯავრებული მპასუხობს, - ალა! ნახე, როგორ მიხვდა, რა ვუთხარი! ვუზიარებ აღტაცებას პატარა ჩინელის ძიძას და ისიც ხალისიანად მიღიმის, - აბა, რა!.. ეს ჩემი წვრილთვალება კნუტია... აქ ყველა ჩინელმა იცის ქართული, ამ ჩემს კნუტს კი ქართული სახელიც ჰქვია, - მარიამი, ოღონდ მარიამს ვერ ამბობს და მალი ვარო, გაიძახის.
- ალბათ შენგან ისწავლა ასე კარგად ქართული...
- მარტო ჩემგან არა, ქართველი კლიენტებისგან. მარი შინ როცა მიმყავს, დედაჩემი სვანურსაც კი ასწავლის.
- აბა, ჩინეთში როცა დაბრუნდება, იქაურებს სვანურსაც ასწავლის...
ძიძების გასამრჯელოს გარდა, ჩინელებს ბავშვებისთვის არც ზიზილ-პიპილო სათამაშოები ენანებათ - მზისგულზე მთელი დღე პატარა ჩინელები ისე თამაშობენ, მშობლებს არც აწუხებენ, ნებისმიერ პირობებს ეგუებიან. სათამაშოდ აქ მოცალეობისას უფროსი ჩინელებიც იცლიან, - მაგიდას მიუსხდებიან და რომელიღაც ჩინურ თამაშს თამაშობენ. ძალიან მინდოდა ეს თამაში მესწავლა, მაგრამ არ მასწავლეს.
არადა, ჩვენსას ყველაფერს ითვისებენ... მაგალითად იმას, რომ საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად ჩვენი, ქართული არისტოკრატიული გვარებიც მიითვისეს(?!), მაგალითად, ამას წინათ თავად შევხვდი, დიდუბის მეტროსთან მაღაზიაში ჩინელ დათო წერეთელს, რომელიც "თავადური თავაზიანობით" შემხვდა და არც წამოსვლისას მოუყოლებია წყევლა ქართველი გამყიდველებივით, - ჩემს მაღაზიაში რატომ არაფერი იყიდეო. "ლილოსიტის" "ჩინურ კვარტალშიც" თავაზიანად გიღიმიან, მაშინაც კი არ გაგიბრაზდებიან, თუ თავად აუშარდი...
მოკლედ, ჩინელები ამ თითქმის 2-მილიარდიან ქვეყანაში რომ ვერ დაეტიენ, ისე გაიდგეს ფესვები საქართველოში, გვარებიც გადაიკეთეს და ქართულადაც მშვენივრად გეჭუკჭუკებიან, არადა, ამერიკაში უზარმაზარი ჩინური კვარტალები ისე გაშენდა, ჩინელებს ინგლისური ენის სწავლაზე თავი არ მოუკლავთ...
P.S აბა, აწი რაღა გვიჭირს - ჩამოლეულ საქართველოსაც შეგვივსებენ და დემოგრაფიულ პრობლემებსაც გადაგვიჭრიან. მე შენ გეტყვი და... ბავშვების გაკეთებაში ჩინელებს გაეჯიბრება ვინმე, თუ რა?!