სირცხვილი ვის - "ციყვს" თუ "დივას"?!
"თქვენი შოუს" მსახიობები ბერას ტელევიზიაში გადავიდნენ"
"პრეზიდენტს უნდა, ხალხი უმართავი გახდეს"
მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ ფილარმონიის წინ შეკრებილი ხალხი გააღიზიანა. მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე ჯერ კიდევ მაშინ შეიკრიბნენ, როცა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მიუზიკლი "ვერის უბნის მელოდიები" იმართებოდა. წარმოდგენას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ფილარმონია მიუზიკლის დამთავრებამდე დატოვა. აქციის მონაწილეები შეეცადნენ პრეზიდენტის ესკორტისთვის გზა გადაეკეტათ, თუმცა ესკორტმა გავლა მაინც შეძლო. მალე მიუზიკლიც დასრულდა და საპროტესტო აქციის მონაწილეებთან საკუთარი ავტომანქანით მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ამაყად ჩაიარა, ფანჯრიდან თავი გამოყო და აქციის მონაწილეთა შორის "რუსთავი 2"-ის ყოფილ თანამშრომელს, ამჯერად ბერას ტელევიზიის წარმომადგენელს დავით გოგიშვილს ("ციყვი") მიაძახა: "ციყვი, არ გრცხვენია?"!". ნიჟარაძის ამ ფრაზამ აქციის მონაწილეები საშინლად გააღიზიანა და მომღერალი შეძახილებით: "არ გრცხვენია, შე ნაძირალა?!" გააცილეს.
რას გულისხმობდა სოფო ნიჟარაძე ფრაზაში: "ციყვი, არ გრცხვენია?"!", ამის გასარკვევად მომღერალთან გასაუბრება ვცადეთ, თუმცა ამაოდ - ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ამიტომაც დავით გოგიშვილს დავუკავშირდით.
- სოფომ თავისი "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა, თითქოს ამ ფრაზით უგულისხმია, რატომ დამივიწყე, რატომ არ მესალმებიო... ხალხმა კი რაც გაიგონა, იმან გააღიზიანა. შესაძლოა მართლა იმას გულისხმობდა, რასაც "ფეისბუკზე" წერს, ვერაფერს ვიტყვი. მოულოდნელი იყო მისი იქ, გამწარებულ ხალხში გამოჩენა, სანამ აზრზე მოვიდოდი, ვერ მოვასწარი მოკითხვა, რომ მომაძახა, არ გრცხვენიაო?.. აქციის მონაწილეებმა ისე გაიგეს, რომ ეს ფრაზა მათი მისამართითაც იყო ნათქვამი. სოფოს გაცხარებული და გაბრაზებული სახე ნამდვილად არ ჰქონია, ოდნავ იღიმოდა კიდეც...
- მეგობრები ხართ, ურეკავთ ერთმანეთს?
- არა, ასე ახლოს არ ვართ ერთმანეთთან. ერთად ვმუშაობდით პროექტ "ნიჭიერზე", სადაც ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა.
- გილაპარაკიათ ოდესმე პოლიტიკაზე?
- არასოდეს. ჩემი საქმე პოლიტიკური ქვეტექსტის შემცველი ხუმრობაა. ერთხელ "ნიჭიერის" ჩაწერის დროს სოფომ მთხოვა, პოლიტიკური პაროდიებისგან თავი შეიკავეო...
- თვითონ არ აფიქსირებდა პოლიტიკურ პოზიციას?
- არა.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2"-დან სხვა იუმორისტებიც გადავიდნენ ბერასთან.
- დაახლოებით ერთი კვირის წინ, გიორგი აფციაურის პროექტი "თქვენი შოუ" დატოვეს მსახიობმა კაკი ჭანტურიძემ და სცენარისტმა ირაკლი დიდებულიძემ, ამჟამად ბერას ტელევიზიაში საქმიანობენ. ვიცი, ახლა "რუსთავი 2"-ზე მნიშვნელოვანი რყევებია, ბევრი დადგა მორალური პასუხისმგებლობის წინაშე. იმ ხალხმა ყველაზე უკეთ იცის, რა იმალება სააკაშვილის ფასადური დემოკრატიის უკან. მათ ზურგზე გადადის ე.წ. ლაზიკის და ფეიერვერკების "გაპრავება". ბოლო წლებში კოლეგების უმრავლესობა არ მალავდა უკმაყოფილებას, არ გამოვრიცხავ, რომ დღეს, როდესაც ასეთი დაძაბული სიტუაციაა, იქ სერიოზული რყევები დაიწყოს. ამას ხელს უწყობს სააკაშვილის საქციელი, ბოლო ფაქტები განსაკუთრებით შემაძრწუნებელია. მეფე გაშიშვლდა მთელი ერის წინაშე.
- ამ კვირაში შესაძლოა კიდევ დაფიქსირდეს "რუსთავი 2"-ის დატოვების ფაქტები?
- არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფრო აიწევს საზოგადოებრივი მღელვარების ტემპერატურა და ასეთი ფაქტებიც გამრავლდება. მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ხომ ფაქტია, რომ მიშა ცდილობს დაგვაკარგვინოს კონტროლი და ჩაშალოს არჩევნები. სხვა რა უნდა იფიქრო მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანთა წამების ამსახველი ამაზრზენი კადრებით გაცოფებულ ხალხს პრეზიდენტმა ზურგი აქცია და ვირტუალური ლაზიკის პრეზენტაციაზე წავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს უნდა, ხალხი უმართავი გახდეს, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და ჩაშალოს არჩევნები. ქართველმა საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას და ნიღაბჩამოხსნილ, არაადამიანურ, ფაშისტურ ხელისუფლებას არჩევნებზე განაჩენი გამოუტანოს.
- ამბობენ, ნიკა გრიგოლიაც წამოსვლას აპირებსო.
- ნიკა ძალიან მიყვარს და მენატრება. ჩვენ სულ ერთად ვიყავით. ბიძინას გამოჩენისთანავე ბევრი აპირებდა წამოსვლას, მაგრამ ხელისუფლების ზეწოლის გამო ეს ვერ შეძლეს. ნიკასაც ურეკავდნენ და სთხოვდნენ, არ წახვიდეო.
თუ ვინმე დღემდე იქ არის, ეს მხოლოდ ხელისუფლების უმაღლესი პირების ჩარევის ბრალია...