პროტესტი - კვირის პალიტრა

პროტესტი

ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური პროტესტი 1989 წლის სისხლიანი 9 აპრილი იყო,  ყველაზე შემაძრწუნებელი კი - ალბათ, გასული საუკუნის 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი ტრაგედია, როცა ექიმმა გია აბესაძემ რუსთაველის გამზირზე თავი დაიწვა ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ქართველების ყურადღების მისაქცევად.

თითქმის მეოთხედი საუკუნეა, რუსთაველის გამზირი პროტესტის გამზირად იქცა. თითქოს მანიფესტაციები ბედისწერად გვექცა, ისე, როგორც ავტორიტარიზმისკენ, დიქტატისკენ მიდრეკილი ხელისუფლებები.

პროტესტი ხუთლარიანებით

ციხის გახმაურებული ვიდეოკადრების გამოჩენამდე, ვიდრე წინასაარჩევნოდ მხოლოდ ნერვების ფარული ომი მიმდინარეობდა და პროტესტის უზარმაზარი ტალღა აგორდებოდა, სოციალურ ქსელებში გაჩნდა მოწოდება, "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ პროტესტის გამოხატვის მიზნით, ხუთლარიანებზე გადაგვეხაზა ციფრი ხუთი, გვერდით დაგვეწერა ნებისმიერი, სხვა, სასურველი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო ნომერი, იქვე - არსებული რეჟიმის მეთაურის მიხეილ სააკაშვილის "შემამკობელი" ეპითეტი, თუნდაც ასეთი: "სააკაშვილი ბაჭია" - და ეს "საპროტესტო ბანკნოტები" სწრაფი გადახდის აპარატებით მიმოქცევაში გაგვეშვა. ითქვა, რომ კუპიურების მასობრივად გაფუჭება-დაზიანება ისევ სახელმწიფო ბიუჯეტს (ანუ ჩვენს ჯიბეს) დააზარალებდა. სახელმწიფო იძულებული გახდება (არჩევნების შემდეგ, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში) დაბეჭდოს ახალი კუპიურები, რაც იაფი ნამდვილად არ არისო... პროტესტი ვალუტით ცოტა ხნის წინ პუტინს გამოუცხადეს რუსებმა, როდესაც რუბლებზე "ედინნაია როსიას" საარჩევნო ნომერი - ერთიანი გადახაზეს.

"ლაბორატორია 1918" ცოცხებამდე

"პირველკურსელო, ვისაც იმედს გინერგავენ და გეუბნებიან, რომ ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩააბარე და ეს უკვე დიდი ბედნიერებაა, მოიშორე იმედი და შეხედე რეალობას. შენ აუტანელი ოთხი წელი გელის წინ და არ დაიძინო - ეს შენი უნივერსიტეტია!

ლექტორო, ვის თვალწინაც ამდენი უსამართლობა ხდება და ხმის ამოღების გეშინია, იმიტომ, რომ სამსახურს დაკარგავ, გეშინია იმიტომ, რომ სულ მარტო ხარ. მე გეტყვი შენ - არ შეგეშინდეს. მე ვარ შენთან და მთელი სტუდენტობა. დადექი სიმართლის მხარეს..." ეს ნაწილია სტუდენტური მანიფესტისა, რომელიც წინ უძღოდა 14 სექტემბერს სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ის ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან რომ დაიწყო. მოგვიანებით პროტესტანტებს სოლიდარობა სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც გამოუცხადეს. ახალგაზრდები აპროტესტებდნენ უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით ლექტორების გათავისუფლებას. რეგენტთა საბჭოს წევრების ასევე პოლიტიკური ნიშნით დანიშვნას. საბჭოს ყველა წევრი რომელიმე მინისტრის მოადგილეა, რაც, სტუდენტების აზრით, ხელს უშლის უნივერსიტეტის ავტონომიურობას. სტუდენტები აპროტესტებდნენ გაბერილ გადასახადებს, მოუწესრიგებელ ბაზებს, დასამარებულ სამეცნიერო კვლევებს - ყველაფერს, რაც არასრულფასოვანი განათლების საფუძველი ხდება. სტუდენტებმა ერთი აქციის ბოლომდე მიყვანა ვერ მოასწრეს, რომ მეორე - ცოცხების ტრაგედია გახდა გასაპროტესტებელი.

გაიტანეთ ნაგავი!

ციხის სადიზმით შეძრწუნებული საზოგადოების საპროტესტო ტალღა ისევ სტუდენტებმა გააძლიერეს. მოითხოვეს, პოლიტიკოსები არ გაგვეკაროთო, არადა, როგორც სხვა დროს, ამჯერადაც ითქვა, რომ სტუდენტებს ვიღაც იყენებდა. თუმცა, ისიც ითქვა, რომ თუ ამ ასაკში არ ექნება ადამიანს პროტესტის გამოხატვის სურვილი და ძალა, მთელი ცხოვრება თევზის მდგომარეობაში მოუწევს ცხოვრება. ასევე ითქვა, ახალგაზრდამ უნდა შეცვალოს ის, რასაც ხანდაზმულები ვერ ან არ ებრძვიანო. სტუდენტებს სჯერათ თავიანთი ძალის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორი მინისტრი გადადგა.

მარიკა ლორთქიფანიძის სოლიდარობა

სოციალურ ქსელებში ემოციურად შეხვდნენ ქაღალდზე, გაკრული ხელით ნაწერი ტექსტის გამოჩენას - აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე ღია წერილით მიმართავს სტუდენტებს, მხარს უჭერს მათ პროტესტს და ამბობს, რომ უსამართლობის წინააღმდეგ სტუდენტების მკვეთრი აქტიურობა ეამაყება.

"ჩვენო ახალგაზრდობავ, სტუდენტებო, მოსწავლეებო, მთელი გულით ვუერთდები თქვენს აქციებს, ვწუხვარ, რომ მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ ვარ თქვენ გვერდით, როგორც ვიყავი ყოველთვის. მეამაყება თქვენი აქტიურობა უსამართლობის წინააღმდეგ. გირჩევთ, დაიცვათ ზომიერება, არ დაუშვათ პროვოკაციები!"

მძღოლების პროტესტი

19 სექტემბერს, დილიდან, როდესაც უკვე მთელი საქართველო ციხის ტრაგედიის გამო გმინავდა, თბილისში ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები მანქანებიდან ნაციონალების საარჩევნო პლაკატებს გლეჯდნენ. აღარ ეშინოდათ კამერების წინ პროტესტის გამოხატვის.

- ხელისუფლება, რომელიც ერს ნამუსს ხდის ციხესა და  მთელ ქვეყანაში, ვერ უნდა ეწეოდეს ყალბ საარჩევნო აგიტაციას, - ამბობდნენ მძღოლები.

მიუღებელი პროტესტი

"გეკიდოს ოპოზიცია და პოზიცია, ნიშნავს - გეკიდოს შენი მომავალი!" - ასეთი ლოზუნგი გაჩნდა სოციალურ სივრცეში. ავტორები პოლიტიკური ინფანტილიზმით შეპყრობილ მოქალაქეებს ურჩევენ, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. არჩევნებიც პროტესტია, ყველაზე საპასუხისმგებლო და საჭირო პროტესტი.

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში