რატომ გახშირდა დანაშაული?
ბოლო დროს გახშირებულმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა საზოგადოება, ცოტა არ იყოს, შეაშინა. არავინ დაობს, რომ წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მიღწევა ქვეყნის მასშტაბით კრიმინალური დანაშაულის შემცირება იყო. სხვა საკითხია, ეს რის ფასად და რის ხარჯზე ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანის პირადი უსაფრთხოება გარკვეულ დონეზე (თუ ხელისუფლების წევრებთან და მომხრეებთან ინტერესთა გადაკვეთა არ მოხდებოდა) დაცული იყო... მას შემდეგ, რაც არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალა, სანამ ახალი მთავრობა დამტკიცდებოდა და მართვის სადავეებს ხელში აიღებდა, კრიმინალურმა დანაშაულებმა იჩინა თავი. არადა, საზოგადოების ნაწილს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ადამიანების მენტალობა შეიცვალა და კრიმინალის ჩამდენთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ჯერ კიდევ გარდამავალმა პროცესმა დაგვანახა, რომ ასე არ ყოფილა. ეს ეხება როგორც თბილისს, ისე მთელ საქართველოს...
არადა, იმ რამდენიმე დღის განმავლობაში "მოშვებული" პატრულის თანამშრომლები თითქოს ჩვეულებრივ რეჟიმში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ მაინც დღე არ გავა ინტერნეტსაიტების, ფორუმებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა წვრილმანი თუ მძიმე კანონდარღვებების შესახებ არ გაავრცელონ ინფორმაცია. ეს ეხება მანქანისა და ბინის ძარცვას, ყაჩაღობასა თუ ქურდობას.
არადა, შსს-ს ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა და თანამშრომლებს მოუწოდა, ჩვეულ რეჟიმში ემუშავათ.
ჭორის დონეზე გავრცელდა, თუმცა არც ერთი წყაროთი არ დადასტურებულა ინფორმაცია მათი შემცირების შესახებ, მაგრამ გახშირებული დანაშაულის შესახებ მაინც გვესმის.
ირინა დიასამიძე, ვარკეთილის რაიონის მკვიდრი:
- ჩემს უბანში ორი დღის განმავლობაში 6 ბინა გატეხეს. ბოლოს აღარც მახსოვს, ასეთი რამ როდის მოხდა... მართალი გითხრათ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, არ მეგონა, თუ ასე განვითარდებოდა მოვლენები. პატრული წინ და უკან დასეირნობს, დანაშაული კი მაინც ხდება. თვალს ხუჭავენ ბოროტმოქმედებზე თუ მართლა ვერ ამჩნევენ? და თუ ვერ ამჩნევენ, რატომ? ჩვენ, პირადადად მე და ჩემს ოჯახს ამისთვის არ მიგვიცია ხმა, უკეთესობა გვინდოდა და უარესი მივიღეთ?.. პირველ დღეებში ვამბობდით, ჯერ მინისტრები არ დაუმტკიცებიათ და ამიტომ სარგებლობენ-თქო, მაგრამ ახლა რაღა უშლით ხელს?.. იმედია, არ გვეტყვიან, ცოტაც გვაცალეთო, ხალხს ძალიან ცუდად ახსოვს ავადსახსენებელი წლები და არც მე, და დარწმუნებული ვარ, არც სხვას იმ დროში დაბრუნება არ უნდა.
ვერიკო, 24 წლის:
- ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ვცხოვრობ. რამდენიმე დღის წინ, დღისით მზისით თვალსა და ხელს შუა ამწაპნეს ველოსიპედი, რომელშიც საკმაოდ ძვირი მქონდა გადახდილი. ვის არ მივმართე, საჩივარიც შევიტანე, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გარკვეულა. კარგი იქნება თუ ცოტა მეტ ყურადღებას გამოიჩენენ წესრიგის დასაცავად, თორემ ძალიან ცოტა დროში ძალიან ბევრი ცუდი რამ მოხდა და ვატყობ, გაგრძელებაც არ ექნება კარგი, მით უმეტეს, სხვებისგანაც მოვისმინე, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში საფულეების ამოცლა გახშირდა...
ნინო კვარაცხელია, ზუგდიდის მკვიდრი:
- 90-იან წლებს ჩვენს რაიონში დღემდე მძიმედ იხსენებენ. დანაშაული ისეთი გახშირებული იყო, მგონი მკვლელობა ყოველ მეორე დღეს ხდებოდა. თუ ვინმე კრიმინალი არ გყავდა "პატრონად", ძვირიანი მანქანის ყოლას აზრი არ ჰქონდა, მოგპარავდნენ და კონფლიქტის ზონაში გადაიყვანდნენ... სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდგომ, ასეთი ფაქტები აღკვეთეს და ხალხმა ამოისუნთქა, მაგრამ ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ მერე სხვანაირად შემოგვიტია. თუმცა ასეთი ტიპის დანაშაული მართლაც შემცირდა. ახლა კი ამ ყველაფერს კარგი პირი არ უჩანს, - საბედნიეროდ, მე არაფერი დამკარგვია, მაგრამ ახლობლებისგან მესმის, რომ ზოგს მანქანა გაუტეხეს და ზოგსაც სახლიდან ტელევიზორი მოპარეს. ცუდი მდგომარეობაა სოფლებშიც, დაიწყო საქონლისა და შინაური ფრინველის ქურდობა და თუ ამას დროულად არ მიხედავენ, უარესი შედეგი მოჰყვება. ვინც ახლა ყოყმანობს და ჯერ კიდევ ვერ რისკავს ქურდობის დაწყებას, ისიც გამოვა "ასპარეზზე". ამიტომ სამართალდამცავ სტრუქტურებს ვთხოვთ გააქტიურდნენ...
შს სამინისტროს განცხადებით, "არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ფაქტების ზრდის შეგრძნება გამოწვეულია იმით, რომ აქამდე არ ხდებოდა მათი მედიასაშუალებებით გახმაურება და შესაბამისად, რეალურ მდგომარეობაზე საზოგადოების ინფორმირება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოში კრიმინოგენული მდგომარეობა არ დამძიმებულა. პირიქით, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშნულია ახალი კადრები და ვითარება ყოველდღიურად სტაბილურდება".
ამავე უწყებამ მოგვაწოდა სტატისტიკა, რომლის შინაარსიც ასეთია:
"როგორც თქვენთვის ცნობილია, ოქტომბრის თვეში ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობდა. იმ სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა, ოქტომბერში, სექტემბრის თვესთან შედარებით წვრილმანი ხულიგნობის ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირებულია. კონკრეტულად, 2012 წლის სექტემბრის თვეში საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული იყო წვრილმანი ხულიგნობის 273 ფაქტი, ხოლო ოქტომბერში - 180. აღსანიშნავია, რომ იმავე თვეებში 2011 წელს წვრილმანი ხულიგნობის ფაქტები მომატებული იყო, კერძოდ 2011 წლის სექტემბერში - 348, ხოლო ოქტომბერში - 316.
რაც შეეხება შედარებით მძიმე დანაშაულებს, გასული წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით წელს ოქტომბერში მათი რაოდენობაც შემცირებულია, კერძოდ, შარშან 35 ფაქტი მოხდა ხოლო წელს - 23".
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)