ქალაქში გარევაჭრობა "დააბიჯებს"...
"რევოლუციამ არ შეგაშინოს, მკითხველო!" - ილია ჭავჭავაძის ამ შეგონებით თავის დამშვიდება, სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანს უკვე მრავალჯერ მოუხდა, - ჩვენ ხომ "ვარდებისა" და "ცოცხების" რევოლუციების შვილები ვართ. რასაკვირველია, ძალიან კარგად მესმის, რომ ტერმინი "ცოცხების რევოლუცია" ისტორიაში შეიძლება სულაც ვერ დამკვიდრდეს, მაგრამ მეც, როგორც ქვეყნის რიგით მოქალაქეს, სხვებთან ერთად გამიჩინა რევოლუციის შემდგომი პერიოდის ასოციაცია. ამ მოვლენების ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი კანონის იგნორირებაა. არ ცხრება აღტკინება, როცა შექმნილი სიტუაციიდან ყველას ყველაფრის მიღება უნდა. ეს კი საშიშია. რაც უფრო მალე გააცნობიერებს საზოგადოება იმას, რომ ცივილიზებულ ქვეყანაში მთავარი სურვილი კი არა, კანონია, მით უფრო კარგად იქნება ყოველი ჩვენგანის საქმე.
ამის დასკვნის საფუძველს თუნდაც რედაქციაში განხორციელებული სატელეფონო ზარებიც მაძლევს, სადაც ადამიანები ისეთი პრობლემების მოგვარებაში გვთხოვენ დახმარებას, რომლებიც კანონს ეწინააღმდეგება. მე არ ვამბობ, რომ ამ პრობლემებს ქვეყნის დაქცევა შეუძლია, მაგრამ თუ გავაცნობიერებთ, რა მოჰყვება ყოველი ჩვენგანის ასეთი სურვილის განხორციელებას, მაშინ საქმე ნამდვილად ცუდად გვექნება.
ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ გარემოვაჭრეების აქციები, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში. ბოლო დროს ასეთი აქციების მონაწილე გარემოვაჭრეების გვერდით უფლებადამცველებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ქალაქის მერიას მოუწოდებენ, დაარღვიონ კანონი გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ და გარკვეული დროით ხალხს ქუჩაში ვაჭრობის უფლება მისცენ. მაგალითად, ბატონი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ მან პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი გარევაჭრობის დაკანონებისა და გარემოვაჭრეებისთვის გარკვეული ადგილების გამოყოფის შესახებ და იქვე დასძენს: "ვიდრე პარლამენტი ამ კანონს დაამტკიცებს, მერიას მოუწევს გარემოვაჭრეებს ვაჭრობის უფლება მისცეს, ხელისუფლება ხომ სწორედ იმიტომ შეიცვალა, რომ ადამიანები უკიდურესად გაჭირვებულები იყვნენ. გარემოვაჭრეები კი შიმშილის პირზე არიან მისული. ისინი პოლიციამ და თბილისის მერიამ გააძევეს ქუჩიდან, რათა გზა გაეხსნათ თავიანთი ბიზნესისთვის... ამ მიზნით მერია შეგნებულად უპირისპირებს ერთმანეთს მის დაქვემდებარებში მყოფ ბაზრის მოვაჭრეებსა და გარემოვაჭრეებს".
კეთილი და პატიოსანი! მაგრამ ჩვენთან შიმშილის პირას ხომ არა მხოლოდ გარემოვაჭრეები არიან. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მათ შორის, ბაზრებსა და სპეციალურ ობიექტებში დასაქმებულ მოვაჭრეებსაც არ ულხინთ. უფლებადამცველებს კი ისევე მართებთ მათი უფლებებისთვის ბრძოლა, როგორც გარემოვაჭრეებისთვის. მათ შორის მსგავსება ერთ "პატარა" ასპექტშიც არის, - ამჟამად ბაზარსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში დასაქმებული ადამიანებიც გარემოვაჭრეები იყვნენ. მათ შორის უმრავლესობას ბანკიდან კრედიტებიც ჰქონდა აღებულიA და გარევაჭრობით რის ვაივაგლახით იხდიდა. ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ ისინი კომპენსაციისა და ბოდიშების გარეშე წამოყარა, შენობებში შეყარა და ამ მტკივნეული პროცესის გადატანა აიძულა. ამ ობიექტების მესაკუთრეებმა კი მათ სავაჭრო ადგილისთვის არაადეკვატური გადასახადები დაუწესეს, რომელიც დღემდე იზრდება. ახლა ეს ხალხი მორჩილად იხდის ამ გადასახადებს. ზუსტად ამის გამო არიან იძულებულნი, რომ იგივე პროდუქტი, რომელსაც გარემოვაჭრე იაფად ყიდის, შედარებით ძვირად გაყიდონ.
ახლა უკვე ერთად ვიფიქროთ, სად ურჩევნია ჩვენს ჯიბეგაფხეკილ საზოგადოებას პროდუქტის ყიდვა, ქუჩაში თუ ბაზარში? ვფიქრობთ, ამის მიხვედრა ძნელი არ არის. მაგრამ საქმე ისაა, თუ ვინ დაიცავს ბაზარსა და სხვა შენობებში მოვაჭრეების უფლებებს, როცა მათთან ის კლიენტი ვერ მიაღწევს, რომელიც სიიაფის გამო ქუჩაში იყიდის პროდუქტს? თუ არადა, ეს ხალხიც უნდა აიყაროს, დაჯდეს ქუჩაში და იქ ივაჭროს, რისი შემთხვევებიც უკვე მომრავლდა.
ასეთ დროს ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ისევ ისეთივე ქაოსსა და ანტისანიტარიაში არ აღმოვჩნდებით, რაც გამოვიარეთ, მერე კი ამ ქაოსის ხელახალი მოწესრიგება ისევ ხელახალი სულიერი კატაკლიზმების ხარჯზე არ მოგვიწევს? ან რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს იმას, რომ დღესდღეობით ისედაც კანონის დარღვევებში ეჭვმიტანილ მერიას მოვუწოდოთ კანონის დარღვევისკენ და არა შესაბამის სუბიექტებს, - სავაჭრო ობიექტებში გადასახადების შემცირებისაკენ, რათა ადამიანებს მძიმე გადასახადები არ დააწვეთ.
ჩვენ ყოველივე ამის გასარკვევად ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეს ბატონ მალხაზ მუჯირიშვილს დავუკავშირდით, რომლის კომენტარს აქვე გთავაზობთ:
- არსებობს კანონი გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ და მერია ამ კანონის დარღვევას არ დაუშვებს. გასაგებია, რომ გარემოვაჭრეებს უჭირთ და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გარევაჭრობის დაშვებას მოითხოვენ, მაგრამ ჩვენ ხომ იმ ხალხის მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ, ვინც სავაჭრო ხასიათის ობიექტებში მუშაობს, თუკი კანონს დავარღვევთ და გარე ვაჭრობას დავუშვებთ, ამ შემთხვევაში ეს ხალხი დაზარალდება.
- ასეთ შემთხვევაში რით ახსნით, რომ ქუჩებში გარემოვაჭრეები ჯგუფურად მომრავლდნენ, გასაყიდი პროდუქტი პირდაპირ ასფალტზე უწყვიათ, უყრიათ და არავინ აკონტროლებთ?
- ეს საკითხი უკვე მერიის კომპეტენციაში აღარ შედის. ვითარებას საპატრულო სამსახური უნდა აკონტროლებდეს. ისინი უნდა მიუთითებდნენ გარემოვაჭრეებს, რომ ისეთ ადგილებში გადავიდნენ, სადაც ვაჭრობა შეიძლება. ვერ გეტყვით, რატომ ხდება ამ საკითხის მიმართ მოდუნება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საპატრულო პოლიცია თავის ფუნქციას შეასრულებს.
(სპეციალურად საიტისთვის)