17 წლის წინ გაუჩინარებულ გოგონას დედა დღემდე მოელის
რამდენიმე საბედისწერო წუთი
"გზაზე ვინმე რომ გამოჩნდება, მგონია, რომ ჩემი შვილის ამბავს მომიტანს... სახლიდან არ გამოვდივარ, თუ დაბრუნდება, ხომ ისევ აქ მოვა"
"გვანცა ახლა 26 წლის უნდა იყოს, და არ ვიცი,
როგორ გამოიყურება"
1995 წლის 9 ნოემბერს სკოლიდან სახლისკენ მიმავალი ეს გზა გვანცა წიკლაურისთვის საბედისწერო აღმოჩნდა...
თეთრიწყაროში 17 წლის წინ 9 წლის გვანცა წიკლაური გაუჩინარდა, მაგრამ საქმე კვლავ გაუხსნელია - არავინ იცის, სად გაქრა გვანცა. ამ იდუმალებით მოცული ამბის გასარკვევად "კვირის პალიტრა" თეთრიწყაროში ჩავიდა. ჩვენ გავიარეთ ის გზა, რომელიც სკოლიდან დაბრუნებული გვანცა წიკლაურისთვის საბედისწერო აღმოჩნდა...
ზაზა წიკლაური, გვანცა წიკლაურის ძმა: "5 ნოემბერს გვანცას დაბადების დღე გადავუხადეთ, 9 წლის გახდა, რამდენიმე დღეში კი დაიკარგა. ჩვენი სახლიდან სკოლამდე დაახლოებით სამი კილომეტრია. შინ ყოველთვის ორ მეგობარ გოგონასთან ერთად ბრუნდებოდა. იმ დღესაც ერთად წამოვიდნენ, შემდეგ გვანცამ სახლისკენ გადაუხვია, გზად ტყეზე უნდა გაევლო.
ჩემი და მეორე ცვლაში სწავლობდა, ამიტომ შინ შებინდებულზე ბრუნდებოდა და რომ არ შეშინებოდა, დედა ყოველთვის მიდიოდა მის დასახვედრად. იმ ავადსახსენებელ დღეს კი ვიღაცამ გომურის კარი გააღო და გოჭები გამოუშვა, დედაც მათ მოსაძებნად წავიდა და გვანცას შესახვედრად წასვლა რამდენიმე წუთით დააგვიანა. სწორედ ეს რამდენიმე წუთი აღმოჩნდა ჩვენი ოჯახისთვის საბედისწერო - ბავშვი ვეღარსად ნახეს: არც სახლში იყო, არც სკოლაში, არც გზაზე და არც მეგობრებთან. არიან თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ გვანცა ბოლოს დაახლოებით ექვსის ნახევარზე ნახეს, როცა ტყეში შევიდა, იქიდან სახლამდე კი 500 მეტრია. ბავშვი სწორედ ამ მონაკვეთზე დაიკარგა.
- თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მოხდა?
- იმ დროს ჩვენი სახლის მახლობლად "მხედრიონის" ნაწილი იდგა. ვფიქრობთ, ეს მათი გაკეთებულია. არიან მოწმეები, ვინც იმ დროს, როცა გვანცა დაიკარგა, იმ ადგილას თეთრი ფერის "მოსკვიჩი" შენიშნეს. იმასაც ამბობენ, რომ იმ მანქანაში ბავშვი იჯდა.
17 წლის განმავლობაში ვის არ მივმართეთ, სად არ შევიტანეთ განცხადება: პოლიციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გენერალურ პროკურატურაში, მაგრამ ამაოდ. ვფიქრობთ, ჩემი და გაიტაცეს და ამ საქმეში იმ დროს საკმაოდ გავლენიანი ადამიანები იყვნენ ჩარეული. საქმე ამდენი ხნის განმავლობაში ამიტომაც არ გაიხსნა. შემთხვევის ადგილზე არც ბავშვის ჩანთა, არც სამოსი და არც ძალადობის კვალი არ აღმოჩნდა. ჩნდება ეჭვი, რომ ბავშვი ცოცხალი წაიყვანეს იმ ადგილიდან, სავარაუდოდ, ან გაშვილების, ან უფრო უარესი - ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის. სხვათა შორის, სწორედ იმ პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 7-8 ასეთი შემთხვევა მოხდა. ჩვენს ეჭვს ამძაფრებდა რამდენიმე ფაქტი, კერძოდ, გვანცას გაუჩინარებიდან ორი კვირის შემდეგ ხმა გავრცელდა, რომ სამართალდამცავებმა ბავშვი იპოვეს. ხალხი ქუჩაში გვხვდებოდა და გვილოცავდა. თეთრიწყაროს პოლიციის მაღალჩინოსნები უნდა წასულიყვნენ მის მოსაყვანად, რომ მოულოდნელად ბავშვის კვალი ისევ დაკარგეს. რაიონული პოლიციიდან გვანცას საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა. იქ ამ საქმეს მთავარი გამომძიებელი, გელა ქავთარაძე იძიებდა, რომელმაც გვითხრა, რომ გამოძიება რაღაც კვალს დაადგა. სწორედ ამ დროს ეს ადამიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და საქმესაც ჩამოაცილეს. ეს კაცი გვეუბნებოდა, არ გვაძლევენ უფლებას, საქმე ბოლომდე გამოვიძიოთო(?!). ეჭვმიტანილები ჰყავდათ დაკავებული და ისინიც გაათავისუფლეს. შემიძლია კონკრეტული პიროვნებები დაგისახელოთ, ვინც, დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ იცის გვანცას შესახებ, ესენი არიან: ყოფილი "მხედრიონელები", ძმები შოთა და ზურაბ ილურიძეები, თენგიზ ჯაში და კიდევ რამდენიმე აქაური, რომელთა ვინაობას, დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიებას გავუმხელ. ისინი მანამდეც არაერთხელ იყვნენ ეჭვმიტანილი ადამიანთა გატაცებაში.
ისიც შევიტყვეთ, თითქოს 2003-2004 წლებში ზღვაში გემი დაუკავებიათ, რომელიც ბავშვებით იყო სავსე, კავკასიიდან გაჰყავდათო... როგორც ჩანს, ასეთი გატაცებები არცთუ იშვიათი იყო და შესაძლოა ჩემი დაც ასეთი შემთხვევის მსხვერპლია.
- ამდენი ხნის განმავლობაში არავინ გამოგხმაურებიათ?
- პრესის ფურცლებზე ეს ამბავი ახლა პირველად მოხვდება, ჩვენს ტრაგედიას უცხოეთში მყოფი ქართველებიც გაიგებენ, იქნებ ვინმეს ეცნოს ეს ისტორია. მხოლოდ ერთხელ მოაღწია ჩვენამდე ამბავმა, თითქოს საბერძნეთში მცხოვრებ ვიღაც გოგოს შემთხვევით ქართველი ქალის სატელეფონო საუბრისთვის მოუკრავს ყური და საქართველო გახსენებია, ისიც გახსენებია, რომ იქ დედა და ძმები ჰყავს. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის პირველწყაროს ვერ მივაკვლიეთ.
გვანცას ნივთებს დღემდე ვინახავთ და იმედი გვაქვს, რომ აუცილებლად დაბრუნდება. ხუთი წელი ინგლისში ვცხოვრობდი. იქ სამართალდამცავები დაკარგული ბავშვების, უკვე ზრდასრულის ფოტორობოტს ქმნიან იმის მიხედვით, როგორ შეიძლებოდა ის შეცვლილიყო და დაკარგულის ფოტოსურათებთან ერთად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აქვეყნებენ. ხომ შესაძლებელია, ასეთი რამ აქაც გაკეთდეს?! უახლოეს დღეებში განცხადებით მივმართავთ პროკურატურას იმ იმედით, რომ ამდენი წლის შემდეგ მაინც აეხდება ფარდა ამ იდუმალებით მოცულ საქმეს. უფლება გვაქვს, ვიცოდეთ, რა ბედი ეწია გვანცას.
ლენა წიკლაური, გვანცას დედა: "ყოველდღე ვდგები ფანჯარასთან და ველოდები. ვიცი, რომ ჩემი შვილი ცოცხალია... ის ისეთი ლამაზი, ჭკვიანი ბავშვი იყო. უცხო რომ გამოჩნდება ამ გზაზე, მგონია, ჩემი შვილის ამბავს მომიტანს. სახლიდან არ გამოვდივარ, თუ დაბრუნდება, ხომ ისევ აქ მოვა. მაინცდამაინც იმ დღეს ვერ დავხვდი, დამაგვიანდა. ვფიქრობ, ვიღაცამ სპეციალურად გააღო გომურის კარი, რომ შვილთან დამგვიანებოდა.
გვანცას გაუჩინარებამდე ორი წლით ადრე მეუღლე აფხაზეთის ომში დაიღუპა. დავრჩი მარტო ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. შევარდნაძესთან ვიყავი რეზიდენციაში, მაგრამ არ შემიშვეს. დაცვის თანამშრომლებს დავემუქრე, თუ არ შემიშვებთ თავს მოვიკლავ-მეთქი. ვინ გაკავებს, აგერ მანქანების მეტი რა დადის, შეუვარდიო, მიპასუხეს(!).
გვანცას რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი აქვს: ცაციაა, ნაიარევი აქვს წარბზე, ცხვირზე მარცხენა მხარეს პატარა ხალი აქვს, პიგმენტური ლაქები აქვს მუცელსა და წელის მიდამოში.
დედის გულის ამბავი ხომ იცით - მჯერა, რომ ცოცხალია. ხშირად სიზმარში ვხედავ. ვეკითხები, სად ხარ, მოვალ და წამოგიყვან-მეთქი და არ ვიციო, მპასუხობს. ადრე სიზმარში მის სახეს ვარჩევდი, ახლა სახეს ვეღარ ვხედავ, ალბათ, იმიტომ, რომ შეიცვალა. ახლა 26 წლის უნდა იყოს, და არ ვიცი, როგორ გამოიყურება".
დაკარგულები
უგზოუკვლოდ დაკარგული - იურიდიული ტერმინია და ენიჭება მას, ვისი ადგილსამყოფელის შესახებ 5 წლის განმავლობაში არაფერია ცნობილი.
1990-იანი წლებიდან დღემდე, საქართველოში 907 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. 2000-ზე მეტი ადამიანია დაკარგული საომარი კონფლიქტების დროს.
მსოფლიოში არ არსებობს უგზოუკვლოდ დაკარგულთა საერთო სტატისტიკა, თუმცა ყველა ქვეყანა დამოუკიდებლად აწარმოებს გაუჩინარებული მოქალაქეების აღრიცხვას. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ხშირია ქალებისა და ბავშვების გაუჩინარების შემთხვევები.