ხსნის "მწვანე კუნძული"
"თუ არ მოკვდა ვინმე, ადგილი არ გათავისუფლდება"(?!)
"ისინი ძაღლის ბედს ნატრობენ"
ბოლო წლებში, დაზამთრებისთანავე, ერთი და იგივე პრობლემა იჩენს თავს: საღამოობით ხშირად მინახავს ქუჩაში, სახლის კუთხეში, სარდაფთან ან კიბის ქვეშ შეყუჟული, გასაყინად განწირული ადამიანები. მათ დასახმარებლად პოლიციას ვიძახებ ხოლმე, თუმცა, პოლიციელს კანონი ალოგიკურ მდგომარეობაში აყენებს. ერთი მხრივ, მოვალეა, დაეხმაროს ნებისმიერ მოქალაქეს, თუმცა, კანონი არაფერს ეუბნება, როგორ უნდა იხსნას მიუსაფარი ყინვისგან. არ არსებობს სახელმწიფოს მიერ შექმნილი თავშესაფარი უსახლკაროებისთვის. ამიტომაც პოლიცია ისევ კერძო, საქველმოქმედო ორგანიზაცია "კათარზისს" მიმართავს ხოლმე, სადაც გასაყინად განწირულს მხოლოდ ერთ ღამეს ათევინებენ. დილით კი უსახლკარო კვლავ ქუჩაში აღმოჩნდება ღვთისა და მოწყალე ადამიანების ანაბარად.
2012 წლის დასაწყისში თბილისში ძლიერ ყინვას ორი უსახლკარო ემსხვერპლა. გადარჩენილთაგან ზოგიერთს მოყინული კიდურების ამპუტაცია დასჭირდა. თბილისის მერიამ მხოლოდ ამ ტრაგიკული ფაქტების დაფიქსირების შემდეგ ინება დროებითი თავშესაფრების მოწყობა. ამჯერად, "ურმის მორიგ გადაბრუნებამდე", დედაქალაქის მერია ან საკრებულო ამ პრობლემასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს. წინ კი ზამთრის ორი თვეა, მოსალოდნელია ყინვები. ეგეც არ იყოს, როგორია ზამთრის სუსხიან ღამეს ქუჩაში მიწაზე ან ბეტონზე ძილი?! ან როგორ შეიძლება თქვას ნებისმიერმა ხელისუფლებამ, რომ სახელმწიფოს აშენებს, როდესაც სულ მცირე, მიუსაფართა ყინვისგან გადარჩენაც კი არ შეუძლია?!
"კვირის პალიტრა" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, გია კაკაჩიას ესაუბრა, - მიუსაფართა თავშესაფრები არასდროს ყოფილა საქართველოში. სოციალური დახმარების შესახებ კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ავალდებულებს ამ ხალხის რეგისტრაციას. მეტი არაფერი წერია კანონმდებლობაში.
- თემქაზე, მოხუცთა თავშესაფარში არ მოიძებნება ადგილი უსახლკაროებისთვის ზამთრობით მაინც?
- ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული ხანდაზმულთა პანსიონატი, სადაც ჩარიცხვას აქვს თავისი წესი. ბენეფიციარისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა ის, რომ ხანდაზმული იყოს. მიუსაფართათვის ერთადერთი თავშესაფარია შვეიცარიის განვითარების სააგენტოსთან ერთად მომზადებული პროექტის მიხედვით ბათუმსა და ქუთაისში შექმნილი სოციალური სახლები. თუმცა, იქ ერთბაშად შეიყვანეს ხალხი და არავინ გამოდის. შესაბამისად, ჩაიკეტა საცხოვრისი. თუ არ მოკვდა ვინმე, ადგილი არ გათავისუფლდება.
- ადამიანი ქუჩაში იყინება. თუ თვითმმართველობა არ ასრულებს კანონს, ან გარკვევით მასაც არ ავალდებულებს კანონი, ხელისუფლებამ ხელები უნდა დაიბანოს და იძახოს კანონით არ არის ამ ხალხის პატრონობა ჩემი საქმეო?
- გეთანხმებით, პრობლემა სერიოზულია და კანონმდებლობაში უნდა მოხდეს ცვლილება. სამთავრობო დონეზე უნდა განიხილონ, რადგან მხოლოდ ჩვენი სამინისტრო ვერ მოაგვარებს ამ საკითხს. თავშესაფრები უნდა შექმნას თვითმმართველობამ, სადაც იქნება ელემენტარული პირობები, დასაძინებელი ადგილი და მცირე საკვები ულუფა, შიმშილით რომ არ მოკვდეს ადამიანი. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უკეთ იციან, ვინ არის რეალურად უსახლკარო, ან სოციალურად დაუცველი, ოღონდ კანონმა მკაფიოდ და მკაცრად უნდა დააკისროს ვალდებულება.
სანამ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება უნიათო კანონისა და ერთმანეთის შემყურე თვალს არიდებენ ზამთარში ღია ცის ქვეშ სასიკვდილოდ განწირულთ, თბილისში მათ მხსნელები გამოუჩნდათ.
უკვე ერთ კვირაზე მეტია, უსახლკაროების დასახმარებლად სამოქალაქო აქტივისტებმა აქციის, "ერთად დავეხმაროთ უსახლკაროებს" ფარგლებში, ალექსანდრეს ბაღში საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision Georgia-ს მიერ გადაცემული უზარმაზარი მწვანე კარავი გაშალეს. ასე გაჩნდა თბილისში ხსნის "მწვანე კუნძული", სადაც მოსახლეობის მიერ შემოწირულ ქვეშაგებელში სძინავთ ყინვას და სიკვდილის საფრთხეს გამორიდებულთ. თუმცა, მათი უმრავლესობა ისეა დავრდომილი, რომ მხოლოდ კარვის ჭერი არ კმარა საპატრონოდ - სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რაც ზოგჯერ იმის გამოც რთულდება, რომ "ჭუჭყიანი ადამიანები საავადმყოფოში ვერ შეჰყავთ". სამწუხაროდ, იმის საშუალებაც არ არის, რომ ისინი ვინმეს დახმარებით დასუფთავდნენ და სახელმწიფოსგან მოწყალებით მიღებული სამედიცინო დახმარებით ისარგებლონ.
კარავში შეფარებულთა რაოდენობა მატულობს, თუმცა, მათ აქ უფრო გვიან ღამით ნახავთ, რადგან დღისით უმრავლესობა მოწყალების სათხოვნელად გადის ქუჩაში. "შინ" კეთილი ადამიანების მიერ ნაჩუქარი შეშით გამთბარ ღუმელს ორიოდე მიუსაფარი ეფიცხება...
"ორი გროში უნდა მოვაგროვოთ, რომ ახალი წლის დღეებში "ოჯახშიც" გვეზეიმებოდეს", - ამბობს ერთი და კარვის აკეცილი კალთის მიღმა უჩინარდება, მეორე კი ღიმილით მეუბნება, "თურმე ინგლისში მაწანწალა ძაღლი არ არსებობს. სახელმწიფომ იზრუნა მათთვის. ინგლისელი ძაღლის ბედს ვნატრობ..."