განაჩენი შვილების გაჩენისთვის!
ფეხქვეშ გათელილი დემოგრაფია?!
"სახელმწიფო უწყებაში მეუბნებიან, ასეთ გაჭირვებულს რა ძალა გადგა, ამდენს
რას აჩენდიო"
"საღამოს რომ დაიძინებენ და გადავხედავ ყველას, ისეთი ბედნიერებაა, ამათ ცქერას, არაფერი სჯობს"
"ჩვენთვის ხელისუფლების შეცვლით ვითარება მაინც არ იცვლება"
"გამარჯობა, თქვენი გაზეთის ერთგული მკითხველი ვარ. ვცდილობ არ გამოვტოვო "კვირის პალიტრის" არც ერთი ნომერი. ექვსი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ვცხოვრობ ქირით. ხშირად ვკითხულობ თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების შესახებ. გადავწყვიტე მეც მომეწერა. მას შემდეგ, რაც მრავალშვილიან დედებს ფულადი დახმარება შეგვიჩერდა, შვილები ფაქტობრივად ულუკმაპუროდ დაგვირჩნენ".
სამწუხაროდ, მსგავსი შინაარსის წერილი რედაქციაში ხშირია, ჩვენ კი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ამ ადამიანების სატკივრის საზოგადოების ყურამდე მიტანაა. თუმცა ახლა ყველაფერი საახალწლო ჯადოსნურ ზღაპარს ჰგავდა. 31 დეკემბერს "კვირის პალიტრაში" კეთილმა "თოვლის ბაბუამ" დარეკა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა და სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარების სურვილი გამოთქვა. ჩვენც მაშინვე თაბორიძეებთან დავაკავშირეთ. აი, ასეთი იღბლიანი შემთხვევისა და "თოვლის ბაბუის" წყალობით, ექვს პატარას ბედნიერი, უხვი და ჯადოსნური ახალი წელი გაუთენდა.
სალომე, დათუნა, ქეთი, მარიამი, გიორგი და ნინო მშობლებთან ერთად ზემო ფონიჭალაში, ნაქირავებ სახლში ცხოვრობენ. სახლის ნესტიანი კედლები ერთიანად დაბზარულია, იატაკი ალაგ-ალაგ ჩავარდნილი, ფანჯრებში კი ქარი ზუზუნებს. ბავშვებიდან უფროსი 13 წლისაა, უმცროსი - სამის. ოჯახს ხშირად პურის ფულიც არ აქვს, თუმცა ამბობენ, რომ ისეთ დიდ სიმდიდრეზე, როგორიც შვილია, არც მომავალში იტყვიან უარს.
ირინა ვეფხვაძე, ექვსი შვილის დედა: "კვირის პალიტრას" ხშირად ვკითხულობ. ვიცი, არ ტოვებთ უყურადღებოდ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს. ბევრჯერ გაზეთის ყიდვის საშუალება არ მაქვს და ქუჩაში, გაზეთების სტელაჟთან ვეცნობი საყვარელ გამოცემას. იმედი მქონდა, ხმას თუ მოგაწვდიდით, ჩვენს ოჯახშიც დადგებოდა სიხარულით სავსე ახალი წელი. ეს ნამდვილი სასწაული იყო. მე და ჩემი მეუღლე ვისხედით და ვფიქრობდით, რა გვექნა, რომ ბავშვები ახალ წელს ცარიელ მაგიდასთან არ შეხვედროდნენ. ზუსტად ამ დროს ტელეფონმა დარეკა, კეთილ ადამიანს ჩვენი დახმარება სურდა. მერე შინ გვეწვია - უამრავი ტკბილეულით, სურსათითა და საოცნებო ტელევიზორით. ჩემი შვილები უნდა გენახათ, სიხარულისა და გაოცებისგან ხტოდნენ, ცეკვავდნენ... ბავშვების გაბრწყინებული თვალები რომ დავინახე, ათი წლის სიცოცხლე მომემატა. მას შემდეგ, რაც ტელევიზორი გაგვიფუჭდა, ვინ იცის, რამდენი წელი გავიდა, ახლა კი ამ ჯადოსნურ ყუთს ვერაფრით მოვაცილე.
თბილისის მერიაში 4 000-მდე მრავალშვილიანი ოჯახი ვართ რეგისტრირებული და უმეტესობას საკუთარი ჭერი არ გვაქვს. ქირით ვცხოვრობთ და თვიდან თვემდე ქირის ფულს რის ვაი-ვაგლახით ვაკოწიწებთ. ბინის დაქირავებაც გვიჭირს, რადგან მცირეწლოვანი ბავშვების სახლში შეშვება ბევრს არ უნდა. თუ სადმე სახელმწიფო უწყებაში მიხვალ დახმარების სათხოვნელად, გეუბნებიან, რა ძალა გადგა, ამდენს რას აჩენდიო.
მერია თვეში თითო ბავშვზე 25 ლარს გვაძლევს, შესაბამისად ჯამში 150 ლარს ვიღებ. ბოლო სამი თვეა შეგვიჩერდა დახმარება და ცოტა ხნის წინ ისევ გაგვიახლეს. ამას ის 198 ლარი ემატება, რომელსაც სოციალური დახმარების სახით ვიღებთ. ეს ფული რაში უნდა გვეყოს, როცა 200 ლარს მხოლოდ ბინის ქირაში ვიხდით. ბავშვებიდან ოთხი სკოლაში დადის. ხან რვეული უნდათ, ხან კალამი და ხშირად ამასაც ვერ ვყიდულობ. კარგია, რომ ტანსაცმლის ყიდვა არ მჭირდება, ნათესავები თავისი შვილების გამონაცვალს გვჩუქნიან, ესენი კი ერთმანეთის გამონაცვალში იზრდებიან. გარდა ამისა, კომუნალურ გადასახადებსაც ხომ ვიხდით. ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადი ჯამში თვეში 15 ლარს არ აჭარბებს, მაგრამ ჩვენს ყოფაში ესეც დიდი ტვირთია.
გვეუბნებიან, შევარდნაძე 5 ლარს გაძლევდათ ბავშვზე თვეში და ახლა რა პრეტენზია გაქვთო. მაშინ 30 ლარს ვიხდიდით ბინის ქირას, ახლა 200 ლარს ვიხდით, განსხვავება არ არის? დასანანია, რომ ჩვენთვის ხელისუფლების შეცვლით ვითარება მაინც არ იცვლება.
"ფეჩი" გვიდგას და ვცდილობთ სახლი შეშით გავათბოთ, მაგრამ ამ ნესტიან და ფარღალალა სახლს რა გაათბობს. შეშაც ძალიან ძვირი ღირს და ხშირად ვერ ვყიდულობთ. რამდენიმე თვის წინ გამგეობაში განცხადება დავწერე, რომ დამხმარებოდნენ. მიპასუხეს, ჯერ რა დროს შეშააო, რომ აცივდა, ისევ დავურეკე და მკვახედ მიპასუხეს: წელს შეშა არ იქნებაო. ბავშვები ხის ხმელ ტოტებს, ფიცრებს და ნაფოტებს აგროვებენ, რომ "ფეჩი" ავანთოთ. ხესაც ვერსად მოჭრი, ჯერ ერთი, აკრძალულია და მეორეც, სახლის წინ ხევი ჩამოდის და ახლომახლო ხე რომ მოჭრა, შეიძლება მიწა დაიძრას და სახლი ჩაიტანოს. ზაფხულში კიდევ ერთი უბედურება გვემატება - ხევში კანალიზაცია ჩაედინება და სახლში ისეთი სუნი დგება, გაჩერება არ შეიძლება.
- სამსახურის შოვნა არ გიცდიათ?
- პედაგოგი ვარ პროფესიით. პროფესიით დასაქმებას ვინ დაეძებს, ოღონდ კი რამე იყოს, მაგრამ ასე იოლია სამსახურის შოვნა? მეუღლეც 10 წელია უმუშევარია.
- მერიას არ მიმართეთ სოციალური საცხოვრისით რომ უზრუნველგყოთ?
- როგორ არ მივმართე, მაგრამ უშედეგოდ. ვის ასახლებენ ამ სოციალურ სახლებში და რა კრიტერიუმით არჩევენ, არავინ იცის. მსგავსი შინაარსის 7 000 განცხადება დევს მერიაში და წელიწადში მხოლოდ 23 ოჯახს აკმაყოფილებენ.
ჯანდაცვის სამინისტრო დაჰპირდა სოციალურად დაუცველებს, რომ 6 თვის განმავლობაში ბინის ქირას გადაუხდის, მაგრამ არც ამ სიაში მოვხვდით. მითხრეს, - სოციალური პროგრამიდან 198 ლარს უკვე იღებთ და სხვა არაფერი გეკუთვნითო. ღმერთის წყალობით ჯანმრთელი ბავშვები მყავს... მრავალშვილიანი ოჯახების ბედი არავის აწუხებს, არჩევნებზე თუ გავახსენდებით ვინმეს. არადა, რომ ჰკითხო, ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა ყველას აწუხებს. ახლა ამბობენ, რომ მშობიარობა უფასო გახდება, მაგრამ მხოლოდ ეგ არის საჭირო, რომ ოჯახმა შვილის გაჩენა გადაწყვიტოს? ისე, პოლისით, უფასოდ ვიმშობიარე 31-ე ქარხნის საავადმყოფოში, მაგრამ ისეთი საშინელი პირობები იყო, რომ ვიხსენებ, ახლაც ცუდად ვხდები. ბლოკში წყალი ჩამოდიოდა და ექიმმა კიდევ, სანამ 200 ლარს არ მომიტან, აქედან არ გაგიშვებო.
- ბავშვების გამოკვებას როგორ ახერხებთ?
- დღეში ერთხელ უმწეოთა სასადილოდან მოგვაქვს სადილი და პური. იქაც მხოლოდ ხუთი სული ვართ ჩაწერილი, არადა, ოჯახში რვა ვართ. გვითხრეს, მეტი ადგილი არ გვაქვს და ბენეფიციარებიდან ვინმე თუ გარდაიცვალა, მის მაგივრად თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ჩავსვამთო.
ამ გაჭირვების მიუხედავად, ღმერთი თუ მომცემს, შვილს კიდევ გავაჩენ. საღამოს რომ დაიძინებენ და გადავხედავ ყველას, ისეთი ბედნიერებაა, ამათ ცქერას, არაფერი სჯობს. ერთადერთი ნატვრა მაქვს, ვიღაც ღვთისნიერი გამოჩნდეს, რომ ბინის ქირა გადაგვიხადოს... წლებია უკვე, მერიაში გვეუბნებიან, დონორ ორგანიზაციებთან ერთად შენდება სოციალური სახლებიო, მაგრამ როდის დაგვაკმაყოფილებენ, არავინ იცის. ამასობაში კი გაჭირვებასა და სიდუხჭირეში წლები გაილია.
P.S. იმედი მაქვს, კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ ბავშვების თვალებს სიხარულით აავსებენ.