"მას წაართვეს უმთავრესი - დედობის უფლება"
"ეს იქნება 2013 წლის იანვრის ყველაზე ხმაურიანი საქმე"
"საშვილოსნო კი არა, თავი რომ მოაჭრა ავადმყოფს, თანამშრომლები ჩუმად იქნებიან სამსახურის დაკარგვის შიშით"
"ეს ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია!"
"სეფსისის ცენტრში მითხრეს, რა განერვიულებთ, თქვენს ცოლს რომ საშვილოსნოს აჭრიან, ორი შვილი ხომ გყავთ უკვეო?!"
ეს წერილი ე.წ. არამიანცის ერთ-ერთი კლინიკის ყოფილ დირექტორს, ამჟამად "ამთელ ჰოსპიტალის" ექიმს, ნოე ლეჟავას ეკუთვნის და მისი ადრესატი ბიძინა ივანიშვილია.
"ბატონო ბიძინა, წინასწარ ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ რა ვქნა, თქვენდამი დიდი ნდობის ფაქტორმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. ვარ 38 წლის სტაჟის მქონე ექიმი, აქედან 30 წელი ვიყავი ქალაქის #1 საავადმყოფოში კლინიკის ხელმძღვანელი, მაგრამ ჩვენი საკითხი რა მოსატანია, როდესაც დაიშალა ქვეყნის ჯანდაცვა. "ამთელ ჰოსპიტალის" გინეკოლოგიურ კლინიკაში 24 ოქტომბერს მოხდა სამედიცინო დანაშაული. 23 წლის გოგონას, არარსებული და "შეკერილი" დიაგნოზით გაუკეთდა ოპერაცია, რის შემდეგაც გოგონა დარჩა საშვილოსნოს გარეშე. ბატონო ბიძინა, გთხოვთ დამეხმაროთ სიმართლის ძებნაში. თუ მე ვარ არასწორი, დადგეს ჩემი სერტიფიცირების საკითხი".
ამ წერილის გაგზავნამდე, #1 გინეკოლოგიური კლინიკის საოპერაციოში ინციდენტი მოხდა. პროფესორი ნოე ლეჟავა გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თამარ იაშვილს დაუპირისპირდა: "შევვარდი საოპერაციოში, დავადექი თავზე იაშვილს, ვფიქრობ, რომ გადავეფარო გოგონას და ამ დროს დაიწყო საშვილოსნოს ამოღება. ვიყვირე, ნუ აკეთებ ამას, ნუ ღუპავ ბავშვს-მეთქი", - ჰყვება "კვირის პალიტრასთან" ნოე ლეჟავა.
ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმეს პრემიერ-მინისტრის აპარატი, ჯანდაცვის სამინისტრო და პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაცია სწავლობს. როგორც "კვირის პალიტრას" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ეს იქნება 2013 წლის იანვრის ყველაზე ხმაურიანი საქმე სამედიცინო სექტორში.
ნოე ლეჟავა, პროფესორი:
- 2012 წლის 23 ოქტომბერს მორიგე ვიყავი, დღის მეორე ნახევარში დამიძახა თამარ იაშვილმა და მითხრა, დამირეკეს სადაზღვევო კომპანიიდან, ავადმყოფი სეფსისის ცენტრიდან ჩვენთან გადმოჰყავთ, რადგან იქ დაპირისპირება მოხდა ავადმყოფის პატრონებსა და მედპერსონალს შორისო. მოკლედ, 17.40 სთ-ზე (დრო აქ მნიშვნელოვანია) ეს გოგონა, 23 წლის ნათელა გაძვერაშვილი გადმოიყვანეს დიაგნოზით -“"საკეისრო კვეთის შემდგომი ენდომეტრიტი, შემოფარგლული პერიტონიტი". იცით, რატომ ვუსვამ საათებს ხაზს? სეფსისის ცენტრს ავადმყოფმა მიმართა ჩვენთან გადმოყვანამდე სამი საათით ადრე, ანუ 14.30 სთ-ზე. არადა, პერიტონიტის დიაგნოზის დასმიდან ერთიI საათის განმავლობაში თუ ავადმყოფს ოპერაცია არ გაუკეთდა, იღუპება. გამოდის, სეფსისის ცენტრში დაისახა მოქმედების მეტად საინტერესო გეგმა.
- პაციენტისთვის საშვილოსნოს ამოკვეთის გეგმას გულისხმობთ?
- დიახ. როგორც შემდგომ გავარკვიე, 10 დღით ადრე ნათელა გაძვერაშვილს მე-4 სამშობიაროში ჰქონია საკეისრო კვეთა გაკეთებული, საიდანაც გაეწერა სრულიად ჯანმრთელი და შემდგომშიც არანაირი გართულება არ ჰქონია. 23 ოქტომბერს პაციენტმა მუცლის არეში დისკომფორტი იგრძნო და თავის ექიმს მიაკითხა, მაგრამ მე-4 სამშობიაროს არ აქვს ამბულატორიულად მიღების უფლება და ექიმმა ურჩია, სეფსისის ცენტრისთვის მიემართა. როგორ დაუსვა სეფსისის ცენტრმა 23 წლის გოგონას ეს სასიკვდილო დიაგნოზი, ჯანდაცვის სამინისტრომ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. როდესაც პაციენტი ჩვენთან გადმოიყვანეს, გინეკოლოგიურად და რექტოვაგინალურადაც გავსინჯე. ვერაფერი ვნახე, იმ დიაგნოზის ნასახიც არ ჰქონდა, რაც იქ იყო ჩაწერილი. ახლა ესეც დაწერეთ - მე ვარ გამოცდილი ექიმი. სანამ სეფსისის ცენტრი გაიხსნებოდა, 1984 წელს მე ჩამოვაყალიბე სეპტიური გინეკოლოგიის განყოფილება. მოკლედ, გაძვერაშვილი ჩემთან რომ მოსულიყო, ვეტყოდი, წადი, შვილო, შინ, ოყნა გაიკეთე და მორჩა-მეთქი. მელოგინე ქალს ნაწლავთა ატონია, ანუ გაზების დაგროვება ყოველთვის აწუხებს და მით უმეტეს საკეისრო კვეთის შემდეგ.
არაფერი არ ჰქონდა ამ გოგონას, არც სიცხე, მაჯა ნორმალური, მაგრამ ვინაიდან ასეთი ამბავი იყო ატეხილი, ვურჩიე, შვილო, დარჩი აქ დილამდე-მეთქი. სისხლის ანალიზებიც გავუკეთეთ და არაფერი დაფიქსირდა. ცალკე პალატაში დავაწვინე, ოყნა გავაკეთებინე ექთანს და იმ ღამეს მშვიდად ეძინა. დილით ექიმი მეუბნება, ბატონო ნოე, თქვენს ავადმყოფს საოპერაციოდ ამზადებენ იაშვილის განკარგულებითო. გამიკვირდა, იაშვილს არც გაუსინჯავს და ოპერაციაზე როგორ გაჰყავდა? გადასამოწმებლად პაციენტის ისტორია მოვითხოვე, მაგრამ რად გინდა, არ არსებობდა... მხოლოდ მეორე დღეს გაჩნდა ჩანაწერი, რომ ანთებითი პროცესი განვითარდა და ნაკერები დაშალა. ამაზე საშინელი დიაგნოზი გინეკოლოგიაში არ არსებობს. 70%-ის შემთხვევაში ადამიანი კვდება და ამ დიაგნოზს იაშვილი სვამს ისე, რომ არც გაუსინჯავს ავადმყოფი.
ჩემი კოლეგაც ეხვეწა იაშვილს, არ არის ეს ქალი საოპერაციოო. არა, "ია ვსიო ზნაიუო", - გაიძახოდა. ისტორიაში ჩავუწერე, გთხოვთ, სასწრაფოდ მოიწვიოთ კონსილიუმი-მეთქი. იგნორი! კიდევ არა მგონია, რომ საოპერაციოში შეიყვანს, ასე როგორ გაწირავს ბავშვს-მეთქი. და აი, ვიგებ, რომ დაუწყია ოპერაცია. შევვარდი საოპერაციოში და დავადექი თავზე. მუცელი გახსნილია და გაკრიალებულია ყველაფერი. ვეუბნები იაშვილს, რას აკეთებ, ნუ დაღუპავ ბავშვს, შეაჩერე ოპერაცია-მეთქი.
- კი მაგრამ, იაშვილის ასისტენტი ექიმები ვერ ხედავდნენ, რომ არ იყო საოპერაციო?
- ხედავდნენ, მაგრამ ამოიღებდნენ ხმას და გააგდებდა სამსახურიდან. საშვილოსნო კი არა, თავი რომ მოაჭრა ავადმყოფს, ჩუმად იქნებიან სამსახურის დაკარგვის შიშით. ვადგავარ ასე თავზე, ვფიქრობ, რომ გადავეფარო და ამ დროს დაიწყო საშვილოსნოს ამოღება. ვიყვირე, ნუ აკეთებ ამას, ნუ დაღუპავ ბავშვს-მეთქი.
- დაუჯერებელია, ბატონო ნოე.
- ამაზე რომ გავჩუმებულიყავი, ღირსებაზე უნდა ამეღო ხელი. მოვითხოვე ამ საქმის შესწავლა. ოპერაციიდან მესამე დღეს, დილის კონფერენციაზე მეუბნება იაშვილი, - აი, მოვა მორფოლოგიის პასუხი და ჩვენ ამ ისტორიას გავარჩევთო. მართლაც, მოვიდა პასუხი და წერია, რომ არანაირი პერიტონიტი მუცლის ღრუში არ ყოფილა. ამის მერე იაშვილმა მოიწვია კომისია, რომელშიც მისივე ასისტენტი შედიოდა. მან ოპერციაში მიიღო მონაწილეობა და დაადასტურა, რომ საშვილოსნო არ იყო ამოსაღები(?!). მეგონა, ახლა მაინც აღიარებდა იაშვილი თავის შეცდომას, მაგრამ განაცხადა, რომ თუ კიდევ იქნება ასეთი შემთხვევა, ზუსტად ასე მოვიქცევიო. ავდექი და მოხსენებითი ბარათი დავუწერე "ამთელ ჰოსპიტალის" აღმასრულებელ დირექტორს, ვახტანგ ქაცარავას. წერილი გავატარებინე კანცელარიაში და რეზოლუციაც დავადებინე. ქაცარავამ, რად გინდოდა ამის დაწერა, აგერ ვიყავი და გეთქვაო. არადა, მანამდე სულ შუამავლებით მელაპარაკებოდა. გამოყო კომისია, მოიწვია ექსპერტები, აქედან ერთ-ერთი სეფსისის ცენტრის დირექტორი ლუიზა მგალობლიშვილი იყო. ჯერ ლოგიკა მითხარით, სეფსისის ცენტრში დაისვა არასწორი დიაგნოზი და მის დირექტორს იწვევ ექსპერტად?! წერილი დავწერე პრემიერ-მინისტრის სახელზე. ამ წერილს დაადეს რეზოლუცია და მივიდა ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოსთან. ასევე ავადმყოფის ისტორია ყველა იმ გინეკოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელებს გადავუგზავნე, ვისაც დღეს ქართულ მედიცინაში სიტყვა ეთქმის...
ეს ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია!
ლევან ღარიბაშვილი, ნათია გაძვერაშვილის მეუღლე:
- ეს იყო ჩემი ცოლისთვის მეორე მშობიარობა. ორივე შემთხვევაში მკურნალი ექიმი მე-4 სამშობიაროს გინეკოლოგი დავით მიქაბერიძე იყო. სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ რამდენიმე დღეში ჩემს ცოლს მუცლის ტკივილები დაეწყო და მიქაბერიძეს მივაკითხეთ, რომელმაც ექოსკოპია გადაუღო. ექოსკოპიამ მუცლის ღრუში სითხე აჩვენა და მიქაბერიძემ სეფსისის ცენტრში გაგზავნა თავის ნაცნობთან, ის გამოიკვლევს, რა სახის სითხეაო. სეფსისის ცენტრში მისულებს ხელახლა მოგვთხოვეს ექოსკოპიის გადაღება და ლუიზა მგალობლიშვილმა მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა გაკეთებულიყო ოპერაცია - ამოსაჭრელია ყველაფერი, საშვილოსნოც და არხებიცო.
არც გინეკოლოგიურად გაუსინჯავთ, არც სისხლის, ანდა სხვა რაიმე ანალიზები აუღიათ, პირდაპირ გვაჯახეს, 3 600 ლარი იქნება გადასახდელი და დაუყოვნებლივ უნდა დავაწვინოთო. თანაც, სანამ ფულს არ მივიტანდით, არავინ მოჰკიდებდა ხელს. ამის შემდეგ დაიწყო თანხაზე ლაპარაკი. მე მაქვს კორპორატიული დაზღვევა "ჯი-პი-აისგან", მაგრამ ამ სადაზღვევომ გვითხრა, ჩვენს პროვაიდერ კლინიკაში გადაგიყვანთო. ვლაპარაკობ ტელეფონზე აგენტთან, ვარკვევ დაფინანსების საკითხს და ამ დროს ექიმი ლალი ქაჯაია მიყვირის, არ გაბედო, არსად წაიყვანო შენი ცოლი, თორემ დაიღუპებაო. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა - თანახმა ვიყავი ცოლი იქ დამეტოვებინა, მაგრამ თანხა საიდან მომეტანა, არ ვიცოდი. იმის გამო, რომ 4 000 ლარამდე თანხას ვერ მოვაგროვებდი, გადავიყვანე "ამთელ ჰოსპიტალში", სადაც მოქმედებდა ჩემი დაზღვევა. იქ დაგვხვდა პროფესორი ნოე ლეჟავა, გასინჯა როგორც გინეკოლოგიურად, ისე რექტოვაგინალურად, ექოსკოპიაც ყურადღებით შეისწავლა და მითხრა, არაფერი საოპერაციო თქვენს ცოლს არ სჭირს, ეს არის მუცლისშიდა სითხეო. ერთი ღამით დავტოვებ, ჩავუტარებ შესაბამის მანიპულაციებს და მეორე დილით გავწერო. მეორე დილით მირეკავს ჩემი ცოლი და აღელვებული მეუბნება, სასწრაფოდ მოდი, თამარ იაშვილმა მაინც გადაწყვიტა ოპერაცია და შენი თანხმობა სჭირდებაო. რა უნდა მექნა, ოღონდ ცოლი გადარჩენილიყო და ყველაფერზე თანახმა ვიყავი. 4 საათი გაგრძელდა ოპერაცია...
იაშვილი მიბარებს კაბინეტში, მარტო შენ შემოდიო. მითხრა, - ლევან, ბევრი რამ ხდება, მედიცინაში ორჯერ ორი ოთხი არ არისო. დაველოდოთ მორფოლოგიურ კვლევებს, რომელიც დაამტკიცებს, რა სჭირდა შენს ცოლს სინამდვილეშიო. ვუთხარი, ქალბატონო თამარ, ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს, თუ აღმოჩნდა, რომ საოპერაციო არ იყო, აუცილებლად უნდა გავიგოთ, ვინ არის დამნაშავე, სამშობიაროს ექიმი თუ ვინმე სხვა-მეთქი. იცით, რა მიპასუხა? შეიძლება ისე მოხდეს, რომ მე აღმოვჩნდე დამნაშავე და არ უნდა ამომეჭრა საშვილოსნოო... ამის შემდეგ წავიღე ამოჭრილი საშვილოსნოს ნიმუში და სითხე, რომელიც მუცლის ღრუდან ამოიღეს. მორფოლოგიურ ანალიზში აბსოლუტურად არაფერი არ ამოითესა. მომცეს ჯანმრთელი საშვილოსნოს სითხის ანალიზებიც.
- ამ პასუხით არ მიხვედით თამარ იაშვილთან, ან სეფსისის ცენტრში ლუიზა მგალობლიშვილთან?
- არა, ჩვენ გავამზადეთ დოკუმენტების მთელი პაკეტი. ავიყვანეთ ადვოკატი და მივმართავთ განცხადებით ჯანდაცვის სამინისტროს, პროკურატურას, შს სამინისტროს და პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციას. ორი გოგო გვყავს, ჩემი ცოლი ამბობდა, ხუთი შვილიც რომ გავაჩინო, სანამ ბიჭი არ იქნება, არ გავჩერდებიო. მას წაართვეს უმთავრესი - დედობის უფლება, მე კი - ბიჭის მამობის უფლება.
ჯერ ხომ ვაჭრობა გამიმართეს იმ 3 600 ლარზე. "ამთელ ჰოსპიტალში" ეს ოპერაცია 1 500 ლარი ღირდა, მაგრამ ამდენივე დამიჯდა წამლები და მედიკამენტოზური მკურნალობა. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ფულის გამო მოხდა. სეფსისის ცენტრში მითხრეს, რა განერვიულებთ, თქვენს ცოლს რომ საშვილოსნოს აჭრიან, ორი შვილი ხომ გყავთ უკვეო?!
დავით მიქაბერიძე, მკურნალი ექიმი, მეან-გინეკოლოგი:
- გაოგნებული ვარ იმ დიაგნოზით, რაც დაუსვეს ჯერ სეფსისის ცენტრში, შემდეგ კი "ამთელ ჰოსპისტალში". პPერიტონიტის მსგავსი არაფერი ჰქონდა, უბრალოდ, რაღაც სითხე აჩვენა ექოსკოპიამ და რადგან ჩვენთან დაწვენის უფლება არ მქონდა, გავგზავნე ჩემს ნაცნობთან სეფსისის ცენტრში, არა იმიტომ, რომ იქ რაიმე გართულება იყო, არამედ თავის დაზღვევის მიზნით... არ ვიცი, რა მოხდა იქ. უUბრალოდ, გაოგნებული ვარ.
ლუიზა მგალობლიშვილი, სეფსისის ცენტრის დირექტორი:
- როდესაც შემოდის ასეთი პაციენტი, ვეუბნებით სადაზღვევოს, რომ შეიძლება ოპერაცია დასჭირდეს, რომელიც თანხებთან არის დაკავშირებული. სადაზღვევომ როგორც კი მოჰკრა ამას ყური, მაშინვე გადაიყვანა სხვა კლინიკაში, თორემ იქ არც ეკუთვნოდა გადასვლა გაძვერაშვილს. ეს მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური მოსაზრებით გააკეთა სადაზღვევომ, იმიტომ, რომ იქ უფრო იაფი უჯდებოდა.
- 3 600 ლარის გადახდის საშუალება არ ჰქონდა პატრონს, თქვენ კი უთხარით, სასწრაფოდ საოპერაციოა, თორემ მოკვდებაო. რა ექნა?
- იმ წუთში კი არ ვუკეთებთ ოპერაციას. ჯერ ვაკვირდებით და თუ დინამიკა გაუმჯობესდა, მკურნალობას ვრთავთ. თუ არ გაუმჯობესდა, ვუკეთებთ ოპერაციას.
- ნოე ლეჟავა ამბობს, რომ არ სჭირდებოდა ოპერაცია...
- არ ვიცი, რა სჭირს ნოეს, ასე როგორ უპირისპირდება კოლეგას. თამარ იაშვილი კარგი გოგოა, მანდ რა ხდება, არ ვიცი.
- პაციენტის პატრონი ფიქრობს, რომ მის ცოლს საშვილოსნო ფულის გამო ამოაჭრეს.
- ეს წარმოუდგენელია! არ მეგულება ექიმი, რომელიც ფულის გამო ოპერაციას გააკეთებს. პირიქით, ექიმმა შეიძლება შიშის გამო გააკეთოს რამე, რომ არ დამძიმდეს პაციენტი...
"კვირის პალიტრა" შეეცადა დაჰკავშირებოდა თამარ იაშვილს, მაგრამ ვინაიდან მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა, "ამთელ ჰოსპიტალის" გენერალურ დირექტორს, ვახტანგ ქაცარავას ვესაუბრეთ.
- ბატონო ვახტანგ, წარმოუდგენელი ამბავი გვიამბო თქვენმა ექიმმა კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შესახებ...
- მიდის ახლა გარჩევა და რომ დასრულდება, მერე გეტყვით ყველაფერს.
ჩვენ მივიღეთ ზომები, შევქმენით კომისია, გიმეორებთ, ახლა მიდის გარჩევა ჯანდაცვის სამინისტროს დონეზე და ველოდებით მათ დასკვნას.
P.S. ჯერჯერობით გაუგებარია, რა მიზეზით ამოუღეს სრულიად ჯანმრთელ გოგონას საშვილოსნო - ფულის, არაპროფესიონალიზმის თუ გულგრილობის გამო. ვიმედოვნებთ, ეს ყველაფერი მალე გაირკვევა და დამნაშავე სათანადოდ დაისჯება, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.
თამარ როსტიაშვილი
თუ ექიმს არ ძალუძს დაეხმაროს ავადმყოფს, ისე მაინც უნდა მოიქცეს, რომ არ ავნოს მას
ჰიპოკრატე
თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში