"ნანუკა ჟორჟოლიანს ვურჩევდი, ტაქტიანად მოქცეულიყო"
"ყველა ყველგან ვერ იმღერებს!"
მარინა ბერიძის სახელი საზოგადოებისთვის მკაცრ ჟიურისთან ასოცირდება. "მოფერებასა და ქებას თუ მთხოვენ, ასეთ ჟიურიში არასოდეს დავჯდებიო", - ამბობს ჩვენთან ინტერვიუში და აცხადებს, რომ სამინისტროში ძირეული ცვლილებები არ მომხდარა, მის მიერ დაბლოკილი მომღერლების თემა კი გამოგონილი ჭორია.
- სამინისტროში საშტატო გადაადგილება და კადრების შეცვლა არ ყოფილა. რესტრუქტურიზაცია, ალბათ, იქნება, მაგრამ არა ისეთი, რომ თანამშრომლებს შეეხოს. ნამდვილად არ არის ხალხის გაშვებაზე ორიენტირებული კურსი. შემოსულია უამრავი პროექტი, მაგრამ უნდა შეიქმნას საბჭო, რომელიც გადაწყვეტს მათ ბედს. ჩვენ შეგვიძლია წარვადგინოთ პროექტები, ხოლო საბჭო პრიორიტეტებს გამოყოფს.
- რას იტყვით პოლიტიკური ნიშნით სცენაზე გაყვანაზე? ხშირად თქვენი სახელი და გვარი სახელდებოდა იმ მომღერლების მიერ, ვინც მაშინ დაბლოკილად თვლიდა თავს.
- კულტურის სამინისტრო ასეთ ღონისძიებებს არ ატარებდა. ზოგიერთს ეგონა, "ჯეოსტარი" კულტურის სამინისტროს პროექტი იყო, ეს სისულელეა! ღონისძიებების ჩატარება მერიის კულტურის განყოფილებას ევალებოდა. აქედან გამომდინარე, არც არავინ არასდროს დაგვიბლოკავს. არც მაშინ და არც ახლა არავინ დაიბლოკება. თუ ღონისძიებას მე ვაკეთებ, ჩემი გემოვნების საქმეა, ვის ვამღერებ და ვის - არა. თუ რომანსის საღამოა, ვისაც კარგად ეხერხება რომანსი, ის გამოვა სცენაზე, თუ ჯაზის საღამოა, ვინც კარგი ჯაზმენია - ის. ყველა ყველგან ვერ იმღერებს!
- მაგრამ ზოგიერთი მომღერალი ამბობს, რომ სცენაზე გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
- სიცრუეა. ტყუილია ისიც, რომ ამბობდნენ, ამ წლების განმავლობაში ქართული კულტურა დასამარდაო. თუ ითვლება, რომ "ჯეოსტარმა" დაღუპა საქართველოს კულტურა, ეს უკვე აღარ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ ძალიან კარგი მომღერლები გვყავს. თუნდაც, ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, რომლებიც "ევროვიზიაზე" მიდიან და კიდევ რამდენის ჩამოთვლა შეიძლება.
რაც შეეხება დაბლოკვას, ქართული კულტურის დღეები რომ გაიმართა საფრანგეთში, ნატო მეტონიძე გვყავდა წაყვანილი და ისეთი დღეები ჩატარდა, ამაზე დიდხანს ლაპარაკობდნენ.
- რას ფიქრობთ "რუსთავი 2"-ის ახალ პროექტზე "საქართველოს ვარსკვლავი"?
- "ჯეოსტარმა" თავისი სიტყვა თქვა და ყველაფერი წინ უნდა წავიდეს... უბრალოდ, ჩემს თავს ვერ ვხედავ ასეთი ჟიურის წევრად. ჟიური იმისთვის არ უნდა იჯდეს, რომ ქება-დიდება აღუვლინოს ყველა მომღერალს. ალბათ, ეს ხალხს მოსწონს. მე არ მომწონს და ვთვლი, რომ კარგს არაფერს მოიტანს. როდესაც ვერ მღერის, უნდა უთხრა კონკურსანტს, ვიდრე შეაქო, ძალიან კარგიაო და მერე რეზულტატი არ გქონდეს.
- "ახალ ხმაზე" რას იტყვით?
- იმავეს. კარგი პროექტია, თუმცა ჩემთვის მუსიკალურად ცოტა ერთფეროვანი. არ შეიძლება სულ მაღალ ნოტებზე კეთდებოდეს აქცენტი. მხოლოდ მაღალი ბგერებით მომღერალი ვერ შედგება. ვისურვებდი, ჟიური უფრო კატეგორიული ყოფილიყო.
- მინდა გკითხოთ კულტურის სამინისტროში რამდენიმე თვის წინ მომხდარ ინციდენტზე. რა მოხდა თქვენსა და თაკო ჩარკვიანს შორის?
- არ ვიცი, თაკო ჩარკვიანი ძალიან განერვიულებული იყო. არ იყო საჭირო არც "ჯეოსტარის" ხსენება და არც ჩემი ჩაცმულობის გაკრიტიკება, არავის საქმე არ არის, რა მაცვია. ცუდად გამოუვიდა. ყველამ იცის, რომ მე საქმის კეთება ვიცი. ვერავინ იტყვის, რომ ჩემი პროექტები ჩავარდა ან არაეროვნულია. ჩემი პრინციპია, საქმით დავამტკიცო, რისი გაკეთება შემიძლია, რასაც ვაკეთებდი მთელი სიცოცხლე Aამ და წინა მთავრობაშიც.
- როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანი "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურიში ჩაანაცვლეთ, იგი თითქოს განაწყენდა.
- ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ნანუკა ბალერინაა და მე ჩავანაცვლე. მეც ჩამანაცვლა ნიკა მემანიშვილმა. რა უნდა ვქნა? ვიღაცა ვიღაცას ანაცვლებს, ხომ არ შეიძლება მხოლოდ შენ იყო ყველგან? რომ ყოფილიყო ან ქორეოგრაფი, ან მოცეკვავე კიდევ, ჰო, მაგრამ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მუსიკოსმა მარინა ბერიძემ რომ ჩაანაცვლა, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. მუსიკა უფრო ახლოს არის ცეკვასთან, ვიდრე ჟურნალისტიკა. აქედან გამომდინარე, ვურჩევდი სხვა დროს უფრო ტაქტიანად მოქცეულიყო. საერთოდ ქვეყანაში ტაქტის დეფიციტი გვაქვს.
- თუ გაქვთ რომელიმე პროექტიდან შემოთავაზება, რომ კვლავ ჟიურიში გიხილოთ?
- თუ ზეწოლა და კარნახი არ იქნება, მაშინ დავთანხმდები. თუ მეტყვიან, რომ უნდა ვიყო კეთილი და არაჩვეულებრივი, ნამდვილად უარს ვიტყვი.
ქეთი საგინაშვილი