ჟან-ჟაკი - ვაკელების ფრანგი დამპურებელი
"ახლა უკვე კახელი ვარ"
"შავთმიანი ქალები ძალიან მომწონს"
"დედამიწას აქვს უნარი, მთელი კაცობრიობა ჯანსაღი საკვებით გამოკვებოს, ჩვენ კი მას მომწამლავი ნივთიერებებით ვსპობთ"
სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და სწავლობდა შტუტგარდტში, ბერლინსა და სტრასბურგში. ახლა კახეთის ერთ სოფელში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობას მისდევს. ყოველ შაბათს თავის მინიბუსს სოფლის ნობათით დატვირთავს და ვაკეში, ერთი სახლის ჭიშკართან დგამს დახლს, სადაც აწყობს ყველს, პურს, მურაბას, თაფლს, თხილს, ბოსტნეულსა და მწვანილს. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ გარე მოვაჭრე, რომელსაც თითქმის მთელი ვაკე იცნობს, ფრანგია.
მის დახლს ნაშუადღევს მივადექი. ცოტა ხანს შორიდან ვუცქირე, მუშტარს არ უჩიოდა. რამდენიმემ უსაყვედურა, ამდენი ხანი რატომ არ გამოჩნდიო, რაზეც უპასუხა, ახლა ყოველ შაბათს ვივლიო.
დამტვრეული ქართულით ლაპარაკობს, მაგრამ სიტყვების მარაგი საკმარისი აქვს იმისთვის, რომ ყველაფერი გაგაგებინოს. ვიდრე ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით, მომიბოდიშა, ჯერ კლიენტებს უნდა მოვემსახუროო. დიდი ოსტატობით ჭრიდა პურს, ყველს, ქაღალდში კოხტად ახვევდა და მხოლოდ შემდეგ აწყობდა პოლიეთილენის პარკში.
ამასობაში ელეგანტურად ჩაცმული ქალბატონი ჟან-ჟაკს მოჟღურტულე ფრანგულით ეკითხება: გეთაყვა, ეს პური საფუვრით არის თუ უსაფუვროდო. უდროჟოა, უდროჟო, პასუხობს ფრანგი გარე მოვაჭრე კახური აქცენტით. დახლის თავზე ფიცარი კიდია, რომელსაც ლათინური ასოებით აწერია: "მომავლის მიწა". ეს იმ ორგანიზაციის სახელია, რომელშიც ჟან-ჟაკთან ერთად რამდენიმე ფერმერია გაწევრებული, მათ შორის დმანისში მცხოვრები უცხოელებიც. ფრანგ მოვაჭრეს თბილისში გასაყიდად მათი ჭირნახულიც ჩამოაქვს. ჟან-ჟაკს გერმანელი გოგონა ინკე ეხმარება.
ჟან-ჟაკ ჟაკობი: "ბავშვობიდან ალერგია მაქვს პურზე და ამის გამო ვერასდროს ვჭამდი. რამდენიმე წლის წინ შემთხვევით მოვხვდი საქართველოში და უძველესი ქართული ხორბლის ჯიშისგან გამომცხვარი პური გავსინჯე. 43 წლისამ აღმოვაჩინე ხორბალი, რომელზეც ალერგია არ მქონდა. ბევრი არც მიფიქრია, საფრანგეთიდან სოფლის მეურნეობისთვის საჭირო ხელსაწყოები წამოვიღე და საქართველოში დავსახლდი. 7 წელია, რაც აქ ვარ და წასვლას არ ვაპირებ.
- კახეთში სად ცხოვრობთ?
- სახლი ვიყიდე საგარეჯოს რაიონის სოფელ არგოხში, მერე მიწაც. ჯერ 3 ჰექტარი, შემდეგ 6-მდე გავზარდე. ძროხების ფერმა მინდა რომ გავაკეთო. ახლა ხორბალს ვთესავ, რა თქმა უნდა, დოლის პურს. შემდეგ კომბაინით ვიღებ მოსავალს და წისქვილში ვფქვავ. პურს თვითონ ვაცხობ. ეს უსაფუვრო პურია. კილოგრამს 4 ლარად ვყიდი. ცომს ღამით ვზელ, რამდენიმე საათით ვიძინებ და გათენებისას ვდგები ამოსაგუნდავებლად. შემდეგ ღუმელს ვახურებ და პურს ნახშირზე ვაცხობ. ძალიან გემრიელი გამოდის. დაახლოებით ერთ ჰექტარზე მზესუმზირა მომყავს და ზეთს ვხდი. ცივად გამოხდილია, ყველა სასარგებლო თვისება შენარჩუნებული აქვს. გაზაფხულზე ბახჩეულიც მექნება.
- ეს რა ყველია?
- ამ ყველს ჩემი მეგობარი ამზადებს. ქართველი ბიჭია, თელავთან ცხოვრობს. გერმანული რეცეპტის მიხედვით ყველი 6 თვის განმავლობაში მიწაში მწიფდება. ამიტომაც ღირს ასე ძვირი - 32-39 ლარი კილოგრამი. ეს დელიკატესია, ცოტ-ცოტა უნდა ჭამო.
- საფრანგეთის რომელი ქალაქიდან ხართ?
- ახლა უკვე კახელი ვარ. დასავლეთ საფრანგეთიდან, ბრეტანიდან ჩამოვედი. იქ მოხუცი დედ-მამა მყავს. საქონლის ფერმა გვქონდა და ბავშვობაში მშობლებს ვეხმარებოდი. ისე ფიზიკისა და ქიმიის სპეციალისტი ვარ.
- გარევაჭრობა რატომ გადაწყვიტეთ?
- მოსავალი ხომ უნდა გამეყიდა? ჯერ სხვა ადგილას ვიდექი, მაგრამ შემდეგ გარევაჭრობა აკრძალეს. ჯაბა წულაძეს ხომ იცნობ? აი, ის, ფილმში აკიმს რომ თამაშობს, ჩემი მეგობარია და შემომთავაზა, დახლი მისი სახლის ჭიშკართან გამეშალა. მას შემდეგ აქ ვვაჭრობ.
- ვენახის გაშენებასაც აპირებთ?
- კარგი ღვინოები გაქვთ, მაგრამ ღვინო რომ დააყენო, აუცილებლად უნდა გასინჯო. მე არ ვსვამ.
- ოჯახი გყავთ?
- ცოლ-შვილი არა მყავს, მაგრამ ამისთვისაც მოვიცლი. მიწა დიდ შრომას ითხოვს. ყოველდღე მუხლჩაუხრელად ვშრომობ, ყველაფერი ქიმიკატების გარეშე მომყავს. იცით, როგორ ვებრძვი პარაზიტებს? დავწვავ რამდენიმე მწერს და მათ ფერფლს მიმოვფანტავ ხოლმე. იქნებ ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ეს სხვა პარაზიტებს აფრთხობს.
- ქართველი ქალის მოყვანას ხომ არ აპირებთ?
- ჯერ არ ვიცი, მაგრამ შავთმიანი ქალები ძალიან მომწონს.
- ჩვენი პრემიერ-მინისტრი რომ საფრანგეთის მოქალაქეა იცით, ალბათ?
- კარგია, მაგრამ კარგი იქნება, მთავრობამ სოფლის მეურნეობას მეტი ყურადღება დაუთმოს. მხოლოდ იაფი კრედიტებით საქმეს არ ეშველება, თუ ხალხმა მოსავლის სწორად მოყვანა არ ისწავლა. თბილისიდან როგორც კი გახვალთ, ნახავთ, რამდენი მიწაა დასამუშავებელი. თუ მოვინდომებთ, პროდუქტი ადგილობრივ ბაზარსაც ეყოფა და სხვა ქვეყნებშიც გავიტანთ. დედამიწას აქვს უნარი, მთელი კაცობრიობა ჯანსაღი საკვებით გამოკვებოს, ჩვენ კი მას მომწამლავი ნივთიერებებით ვსპობთ.