"წმინდა წერილით ღმერთი გვესაუბრება"
მთავარი წიგნი "პალიტრის" ამ ნომერთან ერთად!!!
პატრიარქმა გამოთქვა სურვილი, რომ ბიბლია საპატიმროებშიც მოხვდეს და ამ წმინდა წერილს პატიმრებიც ეზიარონ. "პალიტრამედია" პატრიარქის ინიციატივას სააღდგომოდ აუცილებლად შეასრულებს და პატიმრებს ციხეებში ბიბლიას გაუგზავნის
ჩვენს მრავალი განსაცდელით აღსავსე დროში ვის არ უფიქრია ხსნისა და შვების ძიებაზე, ამიტომაც ყველა ოჯახში უნდა იყოს ბიბლია, ვკითხულობდეთ მას, ვიდრე ვცოცხლობთ...
"არის შემთხვევა, როცა შინ აქვთ ბიბლია, მაგრამ არ კითხულობენ... ამიტომ მთავარია, დავაფიქროთ, კითხვა მოვანდომოთ ადამიანებს"
მას მერე, რაც გამომცემლობამ პროექტის გაგრძელება გადაწყვიტა და პრეზენტაციაზე წარადგინა "50 + 1 + 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", ყველა განსაკუთრებულად ელოდა ბიბლიას... დიდი სიხარულით შევხვდით ჩვენც - მედიასახლის თანამშრომლები მაღალპოლიგრაფიულ დონეზე, საპატრიარქოს დამუშავებული ტექსტით გამოცემულ დაბადებას... შეგახსენებთ, რომ საგამომცემლო სახლმა "პალიტრამ" ბიბლიის გამოცემასთან დაკავშირებით გადაწყვიტა, რჩევა პატრიარქისთვის ეკითხა. მისი კურთხევით, ბიბლია უნდა დაბეჭდილიყო, მაგრამ არა დანომრილი... კურთხევა შესრულდა...
სასიგნალო ეგზემპლარების გამოცემისთანავე მედიასახლის თანამშრომლები საპატრიარქოს ვეწვიეთ. თან რამდენიმე ახლადგამოცემული ბიბლიაც მივართვით უწმინდესს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან სტუმრობა დიდი პატივია, თანაც არაჩვეულებრივი საშუალებაა, მოუსმინო ჩვენი ერის მწყემსმთავარს, მისი თითოეული სიტყვა კიდევ ერთხელ მიიღო სიბრძნედ და სწავლებად, მიიტანო მკითხველამდე და ამით სწორი ორიენტირის დასახვაში დაეხმარო საზოგადოებას.
საუბრის თემა წიგნებსა და კითხვას უკავშირდებოდა. პატრიარქმა ბრძანა: "უდიდესი მნიშვნელობა აქვს, წიგნისკენ მოვაბრუნოთ საზოგადოება. არის შემთხვევა, როცა შინ აქვთ ბიბლია, მაგრამ არ კითხულობენ... ამიტომ მთავარია, დავაფიქროთ, კითხვა მოვანდომოთ ადამიანებს".
უწმინდესმა და უნეტარესმა სიყვარულით გაიხსენა ბავშვობა და პირველი წიგნი, რომელიც თავად შეიძინა:
"ადრე ასე იყო - ყულაბაში ყრიდნენ ხურდას.…მეც მქონდა სალარო, ძაღლის ფორმა ჰქონდა. გასატეხი იყო. გავტეხე და ავიღე ფული... მაშინ ვლადიკავკაზში ვცხოვრობდით... პირველ კლასში ვიყავი, შეიძლება არც ვსწავლობდი... ავიღებდი მელანს და თითებს გავითხუპნიდი, ვითომ წერა-კითხვა ვიცოდი. ახლოს იყო წიგნის მაღაზია, შევედი და ჩემთვის უცხო სამყარო ვნახე. რომელი გინდაო, - მკითხეს. ვუყურებდი ლამაზ ყდებს, ერთი ცოტა მოლურჯო იყო და - ის-მეთქი. ზედ ეწერა "ვოლგა-ვოლგა". ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც ვიყიდე".
წიგნის სიყვარული ოჯახიდან მოდის. სამუდამოდ ილექება ბავშვის მეხსიერებაში მშობლების წიგნის კარადა ან თაროები, სადაც სხვადასხვა საინტერესო ლიტერატურა ინახება... მეხსიერებას სურათებად რჩება საყვარელი წიგნები, თაროზე მათი განლაგებაც კი...
როცა მოკრძალებით, წაკითხულ წიგნებზე ჩამოვაგდეთ სიტყვა, უწმინდესსა და უნეტარესს უწინარეს ის კუთხე გაახსენდა, სადაც მის მშობლებს ბიბლია - ეს უდიდესი წიგნი ჰქონდათ დაბრძანებული:
"სახარება გვქონდა, ქართულადაც და რუსულადაც. კუთხეში ბიბლია გვედო, ხატები გვქონდა და კანდელი ენთო, ნაკურთხი წყალი გვედგა. ყოველ საღამოს მამაჩემი გვასხურებდა. ზეპირად იცოდა დილა-საღამოს ლოცვები. საღამოს ლოცვებში არ არის 50-ე ფსალმუნი, ჩვენ გვათქმევინებდა, ჩვენ ვიცოდით ზეპირად".
ამ მცირე მოგონებითაც თვალწინ იშლება ის დიდი მადლი და ზემოქმედების ძალა, რომელიც შეიძლება ბიბლიამ შეიტანოს ყოველ ოჯახში.
პატრიარქმა გამოთქვა სურვილი, რომ ბიბლია საპატიმროებშიც მოხვდეს და ამ წმინდა წერილს პატიმრებიც ეზიარონ. "პალიტრამედია" პატრიარქის ინიციატივას სააღდგომოდ აუცილებლად შეასრულებს და პატიმრებს ციხეებში ბიბლიას გაუგზავნის.
უწმინდესმა და უნეტარესმა ნეტარი ავგუსტინეც გაიხსენა:
"ნეტარი ავგუსტინე ურწმუნო იყო, სხვადასხვა სექტაში მონაწილეობდა, 16 წლისას უკანონო შვილი ჰყავდა. დედა ძალიან დარდობდა, ლოცულობდა და ტიროდა... წავიდა მედიოლანის ეპისკოპოს ამბროსისთან. ევედრა, უშველეო. შენ ლოცულობო? - ჰკითხა ამბროსი მედიოლანელმა. ვლოცულობო, - დედამ. ცრემლით ლოცულობო? ცრემლით ვლოცულობო. ნუ გეშინია, შეუძლებელია, დედის ლოცვა, დედის ცრემლი დაიკარგოსო. ამ დროს, როცა ის იქ ელაპარაკებოდა, ავგუსტინემ აიღო სახარება, დაიწყო კითხვა და ატირდა... შემდეგ ეპისკოპოსი გახდა. კარგია, როცა ლოცვის დროს ტირის ადამიანი. წმინდა მამები ამბობენ, ამ დროს მისი ანგელოზი ღვთის წინაშე ლოცულობსო".
ჩვენს შეჭირვებულ და მრავალი განსაცდელით აღსავსე დროში ვის არ უფიქრია ხსნისა და შვების ძიებაზე... ნეტარი ავგუსტინე ამბობს სახარების კითხვაზე: ლოცვისას ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთთან, წმინდა წერილით კი ღმერთი გვესაუბრებაო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დიალოგია, რომელიც უამრავ ადამიანს შეიძლება ექცეს ხსნად... ამიტომაც აქვს ამხელა მნიშვნელობა, რომ ყველა ოჯახში იყოს ბიბლია, ვკითხულობდეთ მას, ვიდრე ვცოცხლობთ...