წიგნი, რომელიც შეგძრავთ, და სიცოცხლესაც მოგაწყურებთ...
რემარკს არა აქვს "ჰეფი ენდი" - რემარკი სასტიკია, ცხოვრებასავით...
რემარკის წაკითხვა აუცილებელია, რადგან ადამიანის გაადამიანურებას უწყობს ხელს
"გამომცემლობა პალიტრა L"-მა მკითხველს უკვე შესთავაზა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პოპულარული პროექტი - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", სადაც შევიდა მკითხველის არჩეული 50 საუკეთესო წიგნი მსოფლიო და ქართული ლიტერატურის საგანძურიდან. პროექტი წარმოუდგენლად წარმატებული გამოდგა. "50 წიგნის" შემდეგ "გამომცემლობა პალიტრა L-"მა ყველა დროის წიგნთა წიგნი - "ბიბლია" გამოსცა. მაგრამ ამით პროექტი არ დასრულებულა. მრავალათასიანი მკითხველის თხოვნით მსოფლიო და ქართული ლიტერატურის საგანძურიდან კიდევ 49 წიგნი შეირჩევა. საბოლოოდ, ამ ბიბლიოთეკის სრული კომპლექტი 100 წიგნისგან შედგება: "50+ ბიბლია + 49, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ".
მომავალ კვირას "კვირის პალიტრის" მკითხველი პროექტის - "კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" პირველ წიგნს, ერიხ მარია რემარკის რომანს "ჟამი სიყვარულისა, ჟამი სიკვდილისა" მიიღებს.
ერიხ მარია რემარკი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელი მწერალია.
ერიხ მარია რემარკი 1898 წელს, ქალაქ ოსნაბრიუკში (ქვედა საქსონია) დაიბადა. სწავლობდა საეკლესიო სკოლაში, კათოლიკურ სემინარიაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჯარში გაიწვიეს. 1917 წელს მძიმედ დაიჭრა და ომის დასრულებამდე ჰოსპიტალში მკურნალობდა... სწორედ ომის გამოცდილება, მძაფრი განცდები დაედო საფუძვლად მის ყველაზე გახმაურებულ რომანს "დასავლეთის ფრონტი უცვლელია", რომელიც 1929 წელს გამოქვეყნდა. ამ წიგნმა რემარკს საყოველთაო აღიარება მოუტანა, რადგან არაჩვეულებრივად წრფელი, მართალი, სასტიკი და თან, ადამიანურია. ეს არის წიგნი "დაკარგული თაობის" (თვით ეს გამოთქმა რემარკს ეკუთვნის), ანუ ახალგაზრდების შესახებ, რომელთაც ომის საშინელებამ ცხოვრების საზრისი დაუკარგა, - მიხვდნენ, "საზარბაზნე ხორცად" გამოიყენეს...
მისი მეორე შესანიშნავი რომანი, "ჟამი სიყვარულისა, ჟამი სიკვდილისა" მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომზე, უბრალო გერმანელ ჯარისკაცზე, რომელიც ფრონტზეა ომის დაწყების დღიდან და სამკვირიანი შვებულებით ჩადის მშობლიურ ვერდენში, თუმცა ნანატრი სიმშვიდე არც იქ ხვდება, მოკავშირეები ქალაქს განუწყვეტლივ ბომბავენ. ერნსტ გრებერი (ასე ჰქვია მთავარ გმირს) შეხვდება ოცი წლის ქალიშვილს, ელიზაბეტ კრუზეს. ახალგაზრდებს შორის იფეთქებს სიყვარული, რომელიც ტრაგიკულია, რადგან მომავალი არ უწერია.
ყოველთვის, როცა ახალი წიგნი ჩამივარდება ხელში, დავფიქრდები ხოლმე, ღირს თუ არა ამაზე დროის ხარჯვა - ანუ რატომ უნდა წავიკითხო მაინცდამაინც ეს წიგნი? ბუნებრივია, მსგავსი კითხვა თქვენც გიჩნდებათ - ამ შემთხვევაში პასუხი ასე მესახება: ეს არის წიგნი, რომელიც დაგაფიქრებთ, შეგძრავთ, და მიუხედავად ომის სისასტიკისა, სიცოცხლეს მოგაწყურებთ... ეს საოცრად ამაღლებული, ნატიფი და გულში ჩამწვდომი ამბავია სიყვარულისა - რომანს თავისუფლად შეიძლება ერქვას "ჟამი სიყვარულისა, ჟამი სიკვდილისა" (სხვათა შორის, ზუსტად ასე ჰქვია მას ინგლისურ თარგმანში), რადგან გიყვარდეს და იცოცხლო - რემარკისთვის სინონიმებია. სიცოცხლის მთავარი პრობლემა - სიკვდილია! სიკვდილის გადალახვა, მისი დამარცხება მხოლოდ სიყვარულს ძალუძს. რემარკი საოცარი რეალიზმით, საოცარი დამაჯერებლობით აღწერს თავისი გმირების ტრაგიკულ ხვედრს და მის ნაწერში ცხოვრებას ეს ტრაგიზმი თითქოს ახალ განზომილებას სძენს, ადამიანურობისა და სიყვარულის ჰიმნად იქცევა.
სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარული ამართლებს და ასულდგმულებს!
რემარკი დიდი ჰუმანისტი და შესანიშნავი ოსტატია - რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მთავარი გმირი, რიგითი ჯარისკაცი, ჩვენ თვალწინ ნელ-ნელა გარდაიქმნება, მასში ადამიანი იღვიძებს, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, წინ აღუდგება, დაუპირისპირდება ბოროტებას, ომს ბრმა იარაღად რომ უნდოდა გადაექცია. რომანი იწყება რუსი პარტიზანების დახვრეტის სცენით, - ამაში ერნსტ გრებერიც მონაწილეობს, - და მთავრდება ანალოგიური სცენით, ოღონდ მისი ფინალი ამჯერად სრულიად სხვაა. რემარკს არა აქვს "ჰეფი ენდი" - რემარკი სასტიკია, ცხოვრებასავით...
მაგრამ ცხოვრების ამ სისასტიკეში ხომ ადამიანები ვართ დამნაშავე... რემარკის წაკითხვა აუცილებელია, რადგან ადამიანის გაადამიანურებას უწყობს ხელს - გონებით ხვდები და გულითაც გრძნობ, რა საზარელი აბსურდია ომი!..
სწორედ იმიტომაც აკრძალეს და საჯაროდ დაწვეს კაცთმოძულე ნაცისტებმა რემარკის წიგნები, რომ დიდ, მსოფლიო ომს ამზადებდნენ - გამოაცხადეს, ანტიპატრიოტულიაო! მწერალი იმხანად შვეიცარიაში ცხოვრობდა. თავის ვილაში იგი გერმანიიდან ლტოლვილებს იფარებდა, სიტყვითა და კალმით ებრძოდა "ყავისფერ ჭირს". 1939 წელს რემარკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა, სადაც ომის შემდეგ მოქალაქეობაც მიიღო, თუმცა ორმოცდაათიანი წლების ბოლოს ისევ შვეიცარიაში დაბრუნდა, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობდა (1970 წელს გარდაიცვალა).
რემარკს ორი ცოლი ჰყავდა. პირველი, მოცეკვავე ქალი ილზე იუტე ზამბონა, 1925 წელს შეირთო, ოთხი წლის შემდეგ გაშორდა, თუმცა 1938 წელს ხელმეორედ მოაწერა მასთან ხელი, რითაც გერმანიიდან ლეგალური ემიგრაციის საშუალება მიეცა. 1939 წელს აშშ-ში ერთად გაემგზავრნენ ამერიკის მოქალაქეობა 1947 მიიღეს. 1951 წელს რემარკი შეხვდა ჰოლივუდის მსახიობს, პოლეტ გოდარს, ჩარლი ჩაპლინის ყოფილ მეუღლეს, რომელიც 1958 წელს ცოლად მოიყვანა. ისინი შვეიცარიაში სიკვდილამდე ერთად ცხოვრობდნენ.
რემარკს რამდენიმე სასიყვარულო რომანი ჰქონდა, ყველაზე გახმაურებული - მსახიობ მარლენ დიტრიხთან (მათი სასიყვარულო მიწერ-მოწერა 2000 წელს წიგნად გამოიცა).
ზემოხსენებული რომანების გარდა, რემარკს დაწერილი აქვს კიდევ 15, მათგან ყველზე ცნობილია "სამი მეგობარი" და "ტრიუმფალური თაღი".
რემარკის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რომანი, "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" - 1930 წელს ნობელის პრემიაზე იყო ნომინირებული, თუმცა ჯილდო ვერ მიიღო - ამის მიზეზი უთუოდ იმდროინდელი პოლიტიკური კონიუნქტურა გახლდათ, რაც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ნობელის პრემიის კომიტეტისთვის გადამწყვეტი ფაქტორის როლს ასრულებს ხოლმე.
რემარკის რომანები თავის დროზე მსოფლიო ბესტსელერები იყო. XXI საუკუნეში, პოსტმოდერნიზმის ეპოქაში, მისი რეალისტური წიგნები ზოგიერთ ინტელექტუალს (კინაღამ დავწერე, "სნობს"), შესაძლოა, ძველმოდურადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ ეს ნამდვილი, ცოცხალი ლიტერატურაა...
ირაკლი ლომოური