დავით კირვალიძე: "ეს სტატია ყველა ფერმერმა ყურადღებით წაიკითხოს"
"ეს იყო "ქართული ოცნების" დანაპირები და ვასრულებთ"
"ისე არ იქნება, მაგარი იდეა მაქვს და ფული მომეციო"
"არავის არაფერი ექნება გადასახდელი"
"ხშირად გლეხები განზრახ შეჰყავთ შეცდომაში. ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო, - ნებისმიერ კითხვაზე პასუხისთვის დარეკონ ჩვენს ცხელ ხაზზე: 2 47 01 01"
რამდენიმე დღეა, ყავარჯნით დადის, მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე უქმე დღეს, 8 მარტს სამსახურში დამხვდა (და თაიგულით ქალთა დღეც მომილოცა). სანამ სოფლის მეურნეობაზე ლაპარაკს შევუდგებოდით, მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდი და იმ კოლეგებზეც ვკითხე, რომლებიც მთავრობის ბოლო სხდომაზე დაზიანებებით გამოცხადდნენ:
- 6 წლიდან ფეხბურთს ვთამაშობ. ახლაც კვირაში ორჯერ საათ-ნახევარი ვვარჯიშობ და კუნთი დავიზიანე. რაც შეეხება ჩემს კოლეგებს, რეინტეგრაციის მინისტრ კოტე სურგულაძეს მკლავი აქვს ამოვარდნილი და უკვე მეორე კვირაა, მკლავშეხვეული დადის, დევნილთა მინისტრ დავით დარახველიძეს თვალზე თრომბი აქვს, კახი კალაძე კი სნოუბორდიდან გადმოვარდა.
- იმედია, ყველანი გამოჯანმრთელდებით. როგორც ვიცი, 14 თებერვალს საგაზაფხულო ხვნა დაიწყო. როგორ მიდის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები?
- თოვლმა და ხშირმა წვიმამ რამდენიმე დღით შეგვაფერხა, მაგრამ ხვნა უკვე განახლდა. პარალელურად დასავლეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ბარათებს ვარიგებთ.
ეს ბარათები ორი სახისაა, ნომინალური და კომბინირებული. ჯერ კომბინირებულს ვარიგებთ, რომელსაც მიიღებს 610 ათასი კაცი, რომელიც 0,25 და 1,25 ჰა მიწას ფლობს. ამ ბარათით გლეხებს შეუძლიათ ნიადაგის დამუშავების - ხვნისა და გაფხვიერების (დადისკვის) სერვისი მიიღონ. ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით სასოფლო-სამეურნეო ბარათი 510 ლარის ეკვივალენტი გამოდის. 1 ჰა-ზე ასევე მიიღებენ 300 ლარის ეკვივალენტ ნომინალურ ბარათს ნედლეულისა და ინვენტარის შესაძენად სასოფლო-სამეურნეო ნედლეულით მოვაჭრე დარეგისტრირებულ მაღაზიაში. ვისაც აქვს 0,25 ჰა-ზე ნაკლები მიწა, სადაც ტექნიკა ვერ შედის, 100 ლარის ეკვივალენტი უნიფიცირებული ბარათები დაურიგდებათ ნედლეულის შესაძენად.
მარტო საგაზაფხულო ხვნის პროგრამა 200 მლნ ლარამდე დაჯდება და 640 ათას კაცს მოიცავს. Aამ პროგრამას პრემიერის ინიციატივით შექმნილი სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი აფინანსებს, სადაც თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდისგან შემოვიდა, ნაწილი კი - ფონდ "ქართუსგან". ამ ყველაფერს სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელების სააგენტო უდგას სათავეში.
- შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, საქველმოქმედო ფონდში რომელმა კომპანიებმა გადარიცხეს თანხები?
- მიმდინარე კვირას ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელსაც ხელს მოაწერენ ის ბანკები და მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, ვინც ამ საქმეში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და მათი ვინაობაც გამოცხადდება.
- როდესაც გამოაცხადეთ, რომ თქვენი პარტნიორები 0%-იან სესხს გაძლევდნენ, ეს ბევრმა არ დაიჯერა.
- ეს არის სუბსიდირების გარეშე აგებული სქემა, რომელიც განვადების პრინციპს ეფუძნება. ამ სქემით გაიცემა მცირე ზომის სესხები, 5 ათას ლარამდე. ეს არის 6-თვიანი სასაქონლო უპროცენტო განვადება მათთვის, ვისაც 5 ათას ლარამდე თანხა უნდა საკუთარი წარმოებისთვის ნედლეულის (ინვენტარის, სათესლე მასალის, მცენარეთა დაცვის საშუალებების) შესაძენად. ვინც ამ სესხს გააფორმებს, ფულს არ აიღებს, ისინი პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო მაღაზიაში აარჩევენ შესასყიდ პაკეტს და 6 თვის თავზე დააბრუნებენ მის ეკვივალენტურ თანხას. მაღაზიაში მიკროსაფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენელი იქნება და იქვე გაუფორმებენ მსურველს უპროცენტო სასაქონლო განვადებას.
გლეხებსა და ფერმერებს ასევე შევთავაზებთ 5-დან 100 ათას ლარამდე საოპერაციო სესხს ნედლეულის შესასყიდად. ვისაც მეცხოველეობის ფერმა აქვს, შეუძლია ორწლიანი სესხი აიღოს და შეიძინოს მაკე საქონელი, მეკვერცხული ქათამი ან ღორები. ასეთი სესხის აღების დროს მიწა ბანკში იდება, მაგრამ თუ ბანკი ითხოვს, ხდება მეორადი გარანტია და ფონდი ახდენს 1/3-ის უზრუნველყოფას. ეს სესხი არ უნდა იყოს 17%-ზე მეტი, მაგრამ ფონდს ეს პროცენტი 8%-მდე ჩამოჰყავს.
- გარდა ხელმისაწვდომი სესხებისა, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ მინიმუმ 60 გადამამუშავებელი საწარმო აშენდებოდა.
- მაგალითად, ადრე საქართველოში 2 სასაკლაოს ჰქონდა მუშაობის უფლება, ახლა 45-ზე მეტი მუშაობს და კიდევ მეტი გვჭირდება. გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად მსურველს შეუძლია სესხად აიღოს 1 მლნ ლარამდე (უფრო მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროექტებს საინვესტიციო ფონდი განახორციელებს). ეს არის გრძელვადიანი, 5-7-წლიანი მაქსიმუმ 15%-იანი სესხი. თუ 15%-იანი სესხი დამტკიცდა, ფონდი შედის თანადაფინანსებაში და ეს პროცენტი 3%-მდე ჩამოჰყავს. ამით მსურველი იღებს იაფ, გრძელვადიან რესურსს, მაგრამ სესხი გაიცემა მხოლოდ ბიზნესორიენტირებულ და მდგრად პროექტებზე. ისე არ იქნება, მაგარი იდეა მაქვს და ფული მომეციო. ამ პროექტებმა სოფლის მეურნეობის გრძელვადიან განვითარებას უნდა დაუდოს საფუძველი.
- ბარდუბნიდან გლეხმა მომწერა, 1 000, 1 500 და 5 ათასი კვმ ფართობის ნაკვეთები მაქვს, მაგრამ არც ერთს არ ხნავენო და ეჭვობდა, საკრებულოს წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან" ყველაფრის არევ-დარევას ცდილობენ, რათა ხალხს ახალი ხელისუფლების ნდობა დაუკარგონო.
- მოიხვნება და გაფხვიერდება 5 000 კვმ ფართობი. გარდა ამისა, გლეხს მივცემთ 150 ლარის ნომინალის ბარათს ნედლეულის შესაძენად. 1 000 და 1 500 კვმ ფართობის ნაკვეთები კი, სამწუხაროდ, ვერ დაიხვნება, მაგრამ მათ მფლობელებსაც მივცემთ ნომინალურ ბარათს ნედლეულის შესაძენად. ჩვენი წარმომადგენელი ყველგან ჩავა და ვითარებას შეისწავლის. ხშირად გლეხები განზრახ შეჰყავთ შეცდომაში. ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო, პირველ რიგში ეს სტატია ყურადღებით წაიკითხონ, - ნებისმიერ კითხვაზე პასუხისთვის კი დარეკონ ჩვენს ცხელ ხაზზე: 2 47 01 01.
დუშეთში ხალხს ეუბნებოდნენ, სასოფლო-სამეურნეო ბარათები არ აიღოთო, ახლა კი ეუბნებიან, რომ ეს ბარათი უფასოა, მაგრამ შემოდგომაზე ფულს გადაგახდევინებენო.
ყველამ თავი შეიკავოს საბოტაჟისაგან, რადგან ასეთი შემთხვევების გამოვლენისას ძალიან მკაცრი ვიქნებით.
არავის არაფერი ექნება გადასახდელი. ეს იყო "ქართული ოცნების" დანაპირები და ვასრულებთ. Mმცირე ზომის მიწები მხოლოდ იმის გამო ვერ იხვნება, რომ იქ ტექნიკა ვერ შედის. ასეთი ტიპის პრობლემები უმეტესად დასავლეთ საქართველოშია. Mმაგრამ, თუ რამდენიმე ნაკვეთი ღობით არ არის გამოყოფილი, ერთ სივრცეშია, ერთად აღებული 0,25 ჰა-ს ან მეტს შეადგენს და იქ ტექნიკა შევა, მაშინ ისინიც დაიხვნება. ყველა ასეთი ფართობის მფლობელს მომავალში შევთავაზებთ, რომ კოოპერაციაში გაერთიანდნენ, სადაც ყველას შეუნარჩუნდება საკუთრების უფლება თავის ნაკვეთზე.
- რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით რა სიახლეებია?
- 36-მა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების და 4-მა მინერალური წყლების კომპანიამ გადალახა რუსეთის სანიტარიული სამსახურის შემოწმების ეტაპი და შეუძლიათ თავიანთი საწარმოსა და პროდუქციის რეგისტრაცია დაიწყონ რუსულ ბაზარზე გასატანად. ამას მაქსიმუმ ერთი თვე დასჭირდება. 18 მარტიდან რუსეთში ჩვენს დელეგაციას ელის "როსსელხოზნადზორი", რომელთან საუბარი იქნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მთელ სპექტრზე. გაზაფხულის ბოლოს ამის ლოგიკურ შედეგს ვნახავთ. თუმცა არის სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული პრობლემები. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, ბატონი ზურაბ აბაშიძე რუსულ მხარეს ესაუბრება ამ საკითხზე და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ.
- გლეხს ხშირად ვერ გააქვს თავისი მოწეული ხილ-ბოსტნეული ბაზარზე, სახელმწიფო თუ დაეხმარება ამაში?
- ამისთვის საჭიროა კოოპერაცია. ან კოოპერატივი გაიტანს ბაზარზე პროდუქტს, ან დილერები იმუშავებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისთვის ხელი რომ შეგვეწყო, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად გადავწყვიტეთ, - კომპანიებს, რომლებიც ჯარის კვებას უზრუნველყოფენ, მითითება მიეცეს, რომ აქცენტი გააკეთონ ადგილობრივ პროდუქციაზე.
ასევე ვზრუნავთ ქართული ენდემური ჯიშების გადარჩენაზე. საგურამოში ჯიღაურას საცდელ ნაკვეთზე 420-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიშია. ამას ფონდი "ქართუ" აკეთებს. ვმუშაობთ ქართული ხორბლისა და ხეხილის ჯიშების გადარჩენაზე.
- სანამ საქართველოში მოვიწევთ უხვ მოსავალს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემოტანა გვიწევს. რამდენად ვარგისია ეს პროდუქტები? საქართველოში დაავადებული კარტოფილის შემოტანას ცოტა ხნის წინ ხმაური მოჰყვა.
- თურქეთიდან შემოტანილი დაავადებული კარტოფილი განადგურდა. როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, კონტროლი უმკაცრესი უნდა იყოს. სურსათის უვნებლობის კოდექსში შევა ცვლილებები, რომლებიც ამას უფრო დახვეწს.
ქართველმა გლეხმა რომ კონკურენტუნარიანი პროდუქცია შექმნას, ყველაფერს ვაკეთებთ. სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე უზარმაზარი ადამიანური და ფინანსური რესურსი გვაქვს მობილიზებული. აღმოსავლეთ საქართველოში საირიგაციო სისტემა მოგვყავს მწყობრში, დასავლეთში - კი დრენაჟები. ყველა რაიონში იქნება საკონსულტაციო ცენტრი, სადაც მსურველი საჭირო ინფორმაციას მიიღებს. 3-4 წელი დასჭირდება მთელი სისტემის სრულად მოწესრიგებას.
- ცოტა ხნის წინ თბილისში ცხენის ხორცის გაყიდვასთან დაკავშირებით ატყდა სკანდალი, რა კეთდება მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად?
- სასაკლაოები ზოგჯერ ხარისხზე კი არა, მოსახლეობის მოტყუებაზე ფიქრობდნენ. როდესაც მომხმარებელს საქონლის ნაცვლად, ცხენის დაავადებულ ხორცს სთავაზობ, დანაშაულია. ასეთ სასაკლაოებზე, ძირითადად, მოპარული ან სიკვდილის პირას მისული ცხენები ხვდება. კასპში ასეთი ფაქტი იმის წყალობით დაფიქსირდა, რომ პოლიციაში გახშირდა განცხადებები ცხენების დაკარგვის თაობაზე. ერთ ეზოში მიაგნეს სასაკლაოს, სადაც დახოცილი ცხენების თავები ნახეს. ხორცს საგანგებოდ არბილებდნენ, რომ მყიდველს ვერ გაერჩია, ცხენის ხორცს ყიდულობდა თუ საქონლისას. ამიტომაც მკაცრად მოვითხოვთ, საქონელი დაიკლას ვეტერინარის ზედამხედველობით.
ყველა გამრჯე ადამიანს დავუჭერთ მხარს, რაც წლების განმავლობაში ასე აკლდათ. იმედია, ერთობლივი შრომით სოფელს ფეხზე დავაყენებთ.