ნინომ საბოტაჟი მოაწყო და დაისაჯა!
მას შემდეგ, რაც ნინო გაჩეჩილაძემ სერიალი ”ჩემი ცოლის დაქალები” დატოვა, დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა, რა იყო მისი წამოსვლის მიზეზი. თავდაპირველად მსახიობმა თავისი ”ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა:
”ჩემო საყვარელო მეგობრებო და ჩვენი სერიალის ერთგულო მაყურებელო! ვინაიდან ბევრი მეკითხება, თუ რატომ დავტოვე სერიალი, იძულებული ვარ განვმარტო: მე გახლავართ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, სადაც ცოტა ხნის წინ ახალი სპექტაკლის რეპეტიციები დაიწყო, რაც ასევე დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს ჩემგან. ორი საქმის კეთება ძნელია, ამიტომ გადავწყვიტე ეს პერიოდი თეატრს დავუთმო და სერიალის მაყურებელს თავი აღარ მოვაბეზრო. გმადლობთ ჩემი გმირის მიმართ გამოხატული სითბოსთვის. კოლეგებს კი წარმატებას ვუსურვებ”. "
მოგვიანებით მსახიობმა განაცხადა, რომ იმ უსამართლობასთან შეგუება არ შეეძლო, რაც კულისებში ხდებოდა -გაჩეჩილაძე თავისი კუთვნილი ჰონორარის აუნაზღაურებლობაზე საუბრობდა, თუმცა სხვა ვერსია აქვთ სერიალის პროდიუსერებს - აზრთა შეუთავსებლობის გამო თანამშრომლობა ვერ მოხერხდა. უფრო მწვავე ბრალდებები აქვს სერიალის სცენარისტ ქეთი დევდარიანს, - ნინომ საბოტაჟი მოაწყო და ამიტომ დაისაჯა. გაჩეჩილაძე კი ბრალდებებს არ იზიარებს: ”მსახიობისთვის მნიშვნელოვანია, მის შრომას პატივს სცემდნენ. მე ეს ვერ დავინახე. უნდათ დაამტკიცონ, რომ შეუცვლელი მსახიობი არ არსებობს... სხვა მსახიობები ამაზე საუბარს ვერ ბედავენ, პირველმა მე ამოვიღე ხმა და ჩემი გაშვებით თითქოს ისინიც გააფრთხილეს”."
ეკრანებზე კი უკვე გამოვიდა ახალი სერიები. კატოს როლს ლელა მებურიშვილი ასრულებს. სოციალურ ქსელებში გაჩნდა გვერდები, სადაც მსახიობის დაბრუნებას ითხოვენ, თუმცა, როგორც ნინომ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ამ თემის გაბუქებას აღარ აპირებს.
”ცოდოა ის გოგო (ლელა მებურიშვილი), იფიქრებს დაბრუნება უნდა და აპროტესტებსო. არც დაბრუნება მინდა და აღარც ვაპროტესტებ. რაც საჭირო იყო, ვთქვი და ამ თემის გაბუქება აღარ მინდა, აღარ არის ჩემთვის აქტუალური”.
ქეთი საგინაშვილი