ქალთა ბედნიერება სიღატაკის ფონზე
4.000-ლარიანი სუნამოები ჩვენთანაც კარგად საღდება(?!)
ამას წინათ ერთმა დამიჩემა, - როგორც იქნა, სანატრელი სუნამო ვიყიდე, ახლა მასხია და მოგწონს თუ არაო. მე კი, საოცარი სურნელით გაბრუებულმა - ჯერ ის მითხარი, რა მიეცი და გეტყვი, როგორია-მეთქი, - უტაქტოდ მივახალე და მაშინვე თავის მართლებას მოვყევი, - ძვირფასი სუნამოს გამოცნობა ფასითაც შეიძლება-მეთქი...
მოგეხსენებათ, კარგი სუნამო ძვირი ღირს და სინამდვილეში ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა, რა მსხვერპლი გაიღო ჩემმა ახლობელმა, ანუ ოჯახში ვის რამდენი მოაკლო, რომ ოცნება აეხდინა... ის ამ ქვეტექსტს სწრაფად მიხვდა და მორცხვად ამოღერღა, - 180 ლარიო და დასძინა, - კარგი რა, წადი "ლუტეციაში", მხოლოდ სახის საცხი დევს 2.300 ლარადო!
თვალები გამიფართოვდა - დავიჯერო, ეგ საცხი პლასტიკურ ოპერაციას აკეთებს? მგონი, კანის დაჭიმვა უფრო იაფი ჯდება და თუ ის საცხი მართლაც მაგდენი ღირს, მაშინ ელოდონ, როდის გაეყიდებათ, კიდევ დიდხანს ექნებათ თაროზე-მეთქი, - მივაყარე გაწიწმატებულმა. შემდეგ მეგობრის სუნამო კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევიყნოსე (აბა, სიმწრით ნაყიდის დასხმას როგორ გავბედავდი?!) და იქაურობას გავეცალე. მერე კი, ერთი გურული ყაჩაღისა არ იყოს - "ყანას ვთოხნიდი, შემომიჩნდა რაცხა, დავაგდე თოხი და გევიქეცი საცხაო", - მივხვდი, მეც "რაცხა" შემომჩენოდა და "საცხა", ანუ "ლუტეციასკენ" გავიქეცი. სუნამოს საყიდლად კი არა, - ამას ისედაც მიხვდებით, იმ ძვირად ღირებული საცხის სანახავად. მივედი და თაროებზე დავუწყე ძებნა... 2.300-ლარიანი საცხი უკვე გაყიდულიყო. ყელი გამიშრა და ცივმა ოფლმაც დამასხა - ჩემი მტკიცე არგუმენტები, რომ ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში საარაკო ფასად ღირებული პროდუქციის მომხმარებელი არ არსებობდა, "ლუტეციას" მეტლახის იატაკზე დამემსხვრა...
რაღა თქმა უნდა, 2.300-ლარიანი საცხის ამბავი მაინც დაწვრილებით გამოვიკითხე. რითაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მენეჯერი დავაბნიე, - მაღალფასიანი პროდუქცია ჩვენ ძალზე ბევრი გვაქვს და სწრაფადაც იყიდება, თქვენ რომელი ბრენდისა გსურთო და ამ კოსმეტიკის მყიდველი "ბუმბულიანი ქალბატონების" ფონზე ისე ამათვალიერ-ჩამათვალიერეს, ფილმი "ლამაზმანი" გამახსენდა, ჯულია რობერტსის გმირი ძვირად ღირებული ბრენდის მაღაზიაში რომ შევა და გამყიდველები ცხვირს აუბზუებენ, - საშენო აქ არაფერი იყიდებაო... ალბათ ამათაც იგივე გაიფიქრეს, მაგრამ რადგან მაღაზიის წესები მოითხოვს, ფულიანსაც და უფულოსაც თანაბრად გაუწიო კონსულტაცია, მომსახურება არც მე დამამადლეს და დაახლოებით ამ ფასად ღირებული რამდენიმე პარფიუმერიული ნაწარმი უხალისოდ შემომთავაზეს, თან დააყოლეს, - თქვენთვის გნებავთ, თუ მამაკაცისთვისო?
ალბათ, ასეთ სიტუაციაში აჯობებდა, იქაურობას გავცლოდი, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გავიტეხე და ყელმოღერებულმა, თითქოს ჯიბეში მილიონები მეწყო, მივუგე - მაღალფასიანი პროდუქციის ყიდვა რომ გადავწყვიტო, თქვენ რომელს მირჩევთ-მეთქი? ცოტა დაბნეულებმა კი შემომხედეს, მერე - თქვენ რა გნებავთ, თორემ ჩვენ ფრანგული პროდუქციის დიდი არჩევანი გვაქვს, ზოგი (ბრენდს შეგნებულად არ ვასახელებ) 4.000 ლარადაც გავყიდეთო!
როგორც მოსალოდნელი იყო, პასუხი ვერ მივიღე კითხვაზე: ვინ ყიდულობს ასეთ მაღალფასიან პროდუქციას, რადგან მსგავსი ინფორმაცია კონფიდენციალურია... მეც მეტი საკითხავი აღარაფერი მქონდა, ერთი კი ვუთხარი, ამჯერად ყიდვისგან თავს შევიკავებ-მეთქი და იქაურობის თვალიერება დავიწყე... როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ძვირად ღირებული სუნამოების დისტრიბუცია არ მოიკოჭლებს. მართალია, ზოგს ეეჭვება მათი ორიგინალობა, მაგრამ, ცხადია, მაღაზიებში ამას უარყოფენ. რაც მთავარია, არც მომხმარებელი აკლიათ. ამ უკანასკნელთ კი თავაზიანობაში უკვე კარგად დახელოვნებული მენეჯერები ემსახურებიან.
...ასე გავხდი მოწმე იმ ბედნიერებისა, რომელსაც რამდენიმე ასეული ლარის გადახდის შემდეგ სუნამოს მფლობელი ქალბატონები იღებენ. მოვაბიჯებდი ქუჩაში და მომყვებოდა ქალთა სამყაროს სუნი... როგორც მოსალოდნელი იყო, ქალბატონები ბევრად ჭარბობენ სუნამოს შეძენის მსურველ მამაკაცებს. სამაგიეროდ, მამაკაცები ხშირად ყიდულობენ მანდილოსნებისთვის ერთდროულად რამდენიმე სუნამოსაც კი. ამას ალბათ, ორი მიზეზი აქვს: ამ მაღაზიაში რამდენჯერმე შესვლა ეზარებათ, ანდა რამდენიმე ქალბატონის ერთად გახარება მოსწონთ.
ისე, ცოდვა გამხელილი სჯობსო და მეც ძალიან მინდა, რამდენიმე სუნამო მქონდეს - გარემოების შესაბამისად, ტკბილი, გრილი თუ ცივი სურნელისა. ვიცი, ეს ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გაქვს ამის უფლება, როცა ირგვლივ საშინელი სიღატაკე სუფევს...
ეთერ ერაძე
700 000 დოლარად შეფასებული ნახატი აუქციონიდან მოხსნეს
ყოველთვის მემახსოვრება, როგორ იქცეოდა ინგლისის სამეფო კარი მაშინ, როცა ამ ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის დროს რიგითი ინგლისელები სიცივით იყინებოდნენ. დედოფალმა ბრძანა, მის სასახლეში ყველა ტიპის გამათბობელი გაეუქმებინათ, რათა ხალხს დაენახა, რომ ქვეყნის სამეფო კარიც თავისი ხალხის გვერდით დგას. ხალხს კი სწამდა, რომ ქვეყანა ერთიანია და ამ ერთობით უეჭველად დადგება ფეხზე.
სულ ახლახან ინგლისის მთავრობამ სოთბის აუქციონზე წარმოდგენილი 700 000 დოლარად შეფასებული ინგლისელი ქუჩის მხატვრის, ბენქსი მიურელის ნახატის გამო სენსაციური გადაწყვეტილება მიიღო, - ნახატი, სადაც ასახულია ღატაკი ინდოელი არასრულწლოვნის შრომა (ის ინგლისის დროშას კერავს), აუქციონიდან მოხსნა. მთავრობამ მოიმიზეზა, რომ ქუჩის მხატვრობა ყველასია და ის არ უნდა იყიდებოდეს. სინამდვილეში კი აუქციონიდან ნახატის გაქრობის მიზეზი სოციალური ნონსენსი იყო, რომლის გამოც მას საარაკო ფასი დაედო. ეს კი სახელმწიფომ საკუთარი პრესტიჟის შელახვად მიიჩნია.
ყველაზე, ყველაზე...
სუნამო მუდამ ასრულებდა მნიშვნელოვან როლს კაცობრიობის ცხოვრებაში, მის არომატთან ხშირად დაკავშირებულია ადამიანის ცხოვრების უმთავრესი ეპიზოდები, - დაწყებული რომანტიკული ურთიერთობებიდან, დამთავრებული მოგონებებით. სწორედ ამიტომ იქმნება სუნამოების მწარმოებელთა დიდი იმპერიები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების სხვადასხვა ფენის მატერიალური მდგომარეობა გაითვალისწინონ, რათა მათი ნაწარმის ყიდვის შესაძლებლობა რაც შეიძლება ბევრს ჰქონდეს. თუმცა კარგი სუნამოს შეძენა მაინც ფუფუნებად ითვლება. არსებობს საგანგებოდ ერთეულებისთვის წარმოებული სუნამოები, რომელთა ღირებულებამ შეიძლება ზოგჯერ თვით ასეთი ერთეულებიც კი შეაყოყმანოს - შეიძინონ თუ არა იგი.
ახლახან გინესის წიგნში შევიდა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სუნამო Clive Christian Imperial Majesty. 507-მლ-იან ფლაკონებში ჩასხმულ ამ იშვიათი სუნამოს სურნელს 200 უიშვიათესი კომპონენტი ქმნის და 215 000 დოლარად არის შეფასებული. ამ სუნამოს მხოლოდ 10 ფლაკონია გამოშვებული. თითოეულს 5-კარატიანი ბრილიანტი ამშვენებს.
Clive Christian’s No.1 - მართალია, აღნიშნული სუნამო "მხოლოდ" 2 350 დოლარი ღირს, მაგრამ იშვიათი 3-კარატიანი ბრილიანტი მის ფლაკონსაც ამშვენებს და იშვიათი სურნელებაც ასდის. მართალია, სუნამოს ფლაკონში მხოლოდ 30 მლ ეტევა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ იგი, როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის წარმატებით გაიყიდოს.
Caron’s Poivre - უცნაურია, მაგრამ შავი და წითელი წიწაკების ნარევის სურნელი ისეთი პოპულარული გახდა, რომ მომხმარებელი აინუნშიც არ აგდებს მის არცთუ ისე მცირე ფასს ( 2 000 დოლარი). სუნამო საფრანგეთში იწარმოება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფლაკონში 60 მლ ასხია.
Chanel No.5- უკვე საუკუნეა ამ სუნამოს პოპულარობა არ დაუკარგავს, მათ შორის საზოგადოების ელიტარულ ნაწილში. იგი დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ძვირად ღირებულ სუნამოდ. მისი ღირებულება 1 850 დოლარია და ფლაკონში 456 მლ სითხეა.