გამომცემლობებს სახელმძღვანელოებს ჩამოართმევენ?!
"პარადოქსია, რომ განათლების სისტემა ინტელექტუალური შრომის იგნორირებას ცდილობს"
გამომცემლობებს შესაძლოა ინტელექტუალური საკუთრება - სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემის უფლება ჩამოართვან. განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოს გრიფირების წესში იმ მუხლის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც გამომცემლობებთან დადებულ ხელშეკრულებაში დიმიტრი შაშკინის მინისტრობისას ჩაიდო, თუმცა არ ამოქმედებულა. გრიფირების წესი იმპერატიულად აძლევს სახელმწიფო დაწესებულებას უფლებას, გახდეს სახელმძღვანელოს საავტორო უფლებების მფლობელი.
იმის შესახებ, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში, განათლების სამინისტრო უხეშად ერეოდა გამომცემლების საქმიანობაში, ჩვენ არაერთხელ ვწერდით. ჯერ იყო და გამომცემლობები, მათი ნების წინააღმდეგ, აიძულეს სახელმძღვანელოების ბეჭდვა ერთი კონკრეტული ორგანიზაციისთვის, სტამბა "24 საათისთვის" შეეკვეთათ, რომელსაც იმ დროს ამის ტექნიკური რესურსი არ ჰქონდა და ფაქტობრივად შუამავლის როლი ითამაშა გამომცემლებსა და უცხოურ სტამბებს შორის. შედეგად, გამომცემლობებს წიგნის დაბეჭდვა უფრო ძვირი დაუჯდათ, სახელმძღვანელოების ხარისხმა დაიკლო და გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შუამავალმა სამინისტროს მიერ მინიჭებული ამ ექსკლუზიური უფლებით კარგად იხეირა. თუმცა, გამომცემლობებს არც ეს აკმარეს და მეორე წელს მათივე ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოების დისტრიბუციისა და რეალიზაციის უფლება ჩამოართვეს. შესაძლოა, ლოგიკურად, მთელი ეს ხელოვნური რეგულაციების ჯაჭვი შემდგომში ზემოთ აღნიშნული, მტაცებლური მუხლის ამოქმედებასაც გულისხმობდა, თუმცა ფაქტია, რომ ის ყოფილ ხელისუფლებას არ აუმოქმედებია.
გამომცემლები აღნიშნავენ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, განათლების სამინისტროს სურდა სრული მონოპოლისტი გამხდარიყო ამ ბიზნესში და მათი დაწყებული საქმე ახლა, შესაძლოა, მოქმედმა ხელისუფლებამ დააგვირგვინოს.
მეორე მხრივ, ხელისუფლების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენა, რომელიც მოსწავლეებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებას უკავშირდება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს სხვისთვის, ამავე სოციუმის, საზოგადოების წევრების ქონების წართმევის ხარჯზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გამომცემლობა "პალიტრა L"-ი არც ერთი სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი არ არის და შესაბამისად, ამ მუხლის ამოქმედება ჩვენ პირდაპირ არ გვეხება, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს, ყოველთვის სიმართლის მხარეს ვიდგეთ.
ნინო ნაკუდაშვილი, გამომცემლობა "სწავლანის" დირექტორი: "ეს მუხლი გულისხმობს იმას, რომ სამინისტროს შეუძლია ჩვენი ინტელექტუალური პროდუქტი გადასცეს მესამე პირს გამოყენების უფლებით. წარმოიდგინეთ, ტენდერს ატარებს სახელმწიფო, შენ იხდი ფულს მასში მონაწილეობისთვის და შემდეგ, რომ გაიმარჯვებ, გეუბნება: ახლა როცა მინდა, მაშინ წაგართმევ შენს ინტელექტუალურ საკუთრებასო.
ხელისუფლება ამბობს, რომ ამ მუხლის ამოქმედების მიზანი სახელმძღვანელოების გაიაფებაა, მაგრამ რის ხარჯზე უნდა გააიაფონ? ინტელექტუალური შრომის ხარჯზე? პარადოქსია, რომ განათლების სისტემა ინტელექტუალური შრომის იგნორირებას ცდილობს.
კახმეგ კუდავა, გამომცემლობა "ინტელექტის" ხელმძღვანელი: "თავის დროზე, ხელშეკრულებას, რომელშიც ეს მუხლი იყო გათვალისწინებული, ხელი იმიტომ მოვაწერეთ, რომ ამას სახელმძღვანელოს გრიფირების წესი ითვალისწინებდა. ეს იყო იძულებით გადადგმული ნაბიჯი. როგორ შემეძლო, ამ პირობას არ დავთანხმებოდი, როცა ჩემ უკან გამომცემლობაში დასაქმებული უამრავი ადამიანი იდგა და მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯი გვქონდა გაღებული. თითო სახელმძღვანელო რომ განეხილა კომისიას გრიფირებაზე, 1 600 ლარი გადაგვახდევინეს და თუ კომისია სახელმძღვანელოს გრიფს არ მიანიჭებდა, ეს თანხა უკან არ გიბრუნდებოდა. ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ შაშკინი, რამდენიმე გამომცემელს გოკა გაბაშვილის კაბინეტში შეგვხვდა და პირობა მოგვცა, რომ ამ მუხლს არ აამოქმედებდა. იქვე განმარტა: ეს მუხლი გრიფირების წესში იმიტომ კი არ ჩავდეთ, რომ რამე წაგართვათ, თავს ვიზღვევთ, ვინიცობაა, უარი თქვათ სახელმძღვანელოს დაბეჭდვაზე, პირადი მოსაზრებით ან ფინანსური მიზეზით, ჩვენ უნდა გვქონდეს ბერკეტი, რომ შეგვეძლოს მისი დაბეჭდვაო. სიტყვა მოგვცა, რომ ამ მუხლს არ აამოქმედებდა და მართლაც არ აამოქმედა.
შაშკინი გვხვდებოდა მაინც გამომცემლებს, ახლანდელი მინისტრი ერთხელაც არ შეგვხვედრია.
თუ ეს მუხლი ამოქმედდა და სახელმწიფომ სახელმძღვანელოებზე ყველა საავტორო უფლება ჩამოგვართვა, მილიონობით უკვე დაბეჭდილი წიგნი, რომელიც გასული წლის ნაშთია, ფაქტობრივად, მაკულატურად იქცევა."
თამარ ლებანიძე, გამომცემლობა "დიოგენეს" დირექტორი: "ძალიან ბევრი დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს, იურიდიული თვალსაზრისით შესაძლოა იყოს კარგად გამართული, თუმცა მასში ბევრი სადავო საკითხია და ეს იურისტების შესწავლის საგანი უნდა გახდეს. პირველ რიგში სამართლიან ჭრილში უნდა მოხდეს ამ საკითხების შესწავლა და გადაწყვეტა.
ჩვენ სამართლიანად ვსაყვედურობთ დღევანდელ განათლების სამინისტროს იმას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რეალური მუშაობა ამ დოკუმენტების რევიზიის თვალსაზრისით არ დაწყებულა. ყველა გამომცემელს აქვს თავისი მოსაზრება, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სახელმძღვანელოს ხარისხი იყოს მაღალი, ფასი - ოპტიმალური და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების პროცესი - შეუქცევადი. ახლა კი შესაძლებელია ისეთი ცვლილებები მოხდეს, რომ საერთოდ გაქრეს ავტორების, გამომცემლების მოტივაცია, იმუშაონ და თავისი ცოდნა და გამოცდილება განავითარონ.
ამ მუხლის ამოქმედებით დაირღვევა მთავარი - თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, კონკურენცია და საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა.
როცა საუბარია სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული წიგნის მხარდაჭერის პროგრამაზე, ძალიან ბევრ ქვეყანაში, როცა ეს საკითხი პრიორიტეტად ცხადდება, სახელმწიფო სპეციალურ საგადასახადო რეჟიმს მიმართავს. ეს შეიძლება იყოს განსხვავებული მოგების გადასახადი საგანმანათლებლო ლიტერატურაზე, შესაძლოა იყოს ავტორების, როგორც ძალიან ძვირფასი ინტელექტუალური რესურსის დაბეგვრის განსაკუთრებულ რეჟიმში მოქცევა და ა.შ. უამრავი რესურსი არსებობს იმისთვის, რომ სტიმული მიეცეს საგადასახადო თვალსაზრისით გამომცემლებსაც და ავტორებსაც, მნიშვნელოვნად შეამცირონ წიგნის ფასი. სამწუხაროდ, ამაზე არავინ ფიქრობს".