რანაირად აერიათ მამაჩემი სტალინში, ბიუსტს დოდო აბაშიძე არ ეწერა? - კვირის პალიტრა

რანაირად აერიათ მამაჩემი სტალინში, ბიუსტს დოდო აბაშიძე არ ეწერა?

5 აპრილს, პეტრე მელიქიშვილის გამზირზე მიმდებარე სკვერში, მსახიობ დოდო აბაშიძის ბიუსტი, გვიან ღამით, დაუდგენელმა პირებმა ლურჯი საღებავით შეღებეს. იმავე დღეს ანალოგიურად ლურჯად შეღებეს ცნობილი უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს ძეგლიც.

ამ ამბებიდან არც თუ ისე დიდი ხნის წინ, სოფ. ალვანში, ლურჯად იოსებ სტალინის ძეგლიც შეღებეს, თანაც რამდენჯერმე. სწორედ ამიტომ სოციალურ ქსელებში მაშინვე გაჩნდა აზრი, რომ დოდო აბაშიძე ,არც მეტი არც ნაკლები, სტალინში აერიათ, ხოლო ტარას შევჩენკო რუსი ეგონათ. ამაზე კომენტარი დოდო აბაშიძის ვაჟს, ისტორიკოს ზაზა აბაშიძეს ვთხოვეთ:

- ესაა ვანდალური ფაქტი, რომელიც ჩაიდინეს ვიღაც კრეტინებმა და რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო კრეტინის საქციელზე?

-ბატონო ზაზა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოდო აბაშიძე აერიათ სტალინში

- ეს არი სრული იდიოტიზმი. რანაირად შეიძლება დოდო აბაშიძე აერიოთ სტალინში?! მამაჩემის ბიუსტს დიდი ასოებით აწერია დოდო აბაშიძე, კარგით მაშინ, ტარას შევჩენკოც სტალინში აერიათ?

-ალბათ, ტარას შევჩენკო რუსი ეგონათ

- ჯერ ერთი უკრაინელია და მეორეც რუსიც რომ ყოფილიყო, განა ეს ამართლებს ამ ნაძირალების საქციელს?! რადგან ძეგლი დგას, ესე იგი ეს პიროვნება იმსახურებს იმ ძეგლს. რას ნიშნავს საერთოდ ძეგლის შეურაცხყოფა, ვინც გინდა ის იყოს, გინდა რუსი, გინდა ჩეჩენი და გინდაც ფრანგი. მაშინ წავიდეთ და ყველა ძეგლი შევღებოთ. ისინი ვინც ამას აკეთებენ, არიან ნაძირალები და კრეტინები.

- გამოძიება მიმდინარეობს 187-ე მუხლით (სხვისი ქონები განზრხ დაზიანება),ვისი პრეროგატივაა ძეგლის მოვლა და შენახვა?

- ძეგლი ქალაქ თბილისის მერიის საკუთრებას წარმოადგენს, მასზე საავტორო უფლება აქვს მერაბ ბერძენიშვილს.

- ბატონო ზაზა, თქვენ თუ თანამშრომლობთ გამოძიებასთან და თუ გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია?

- ეს ვანდალური ფაქტი,მოხდა გვიან ღამით და რამდენადაც ვიცი, თვითმხილველი არ ყოფილა, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არის სათვალთავლო კამერები და ეს კამერები დააფიქსირებდა იმ კრეტინების სახეებს ვინც ეს ჩაიდინა, შესაბამისად, როცა სახეებს ნახავენ და გაიგებენ ვინ არიან, მათ მიეზღვებათ, რასაც იმსახურებენ. იმის გამო რომ არ მინდა ნაძირალების საქციელზე კომენტარები ვაკეთო, არც დავინტერესებულვარ გამოძიება რა ეტაპზეა,მეტიც არც კი მივსულვარ და არც მინახავს დაზიანებული ძეგლი, თუმცა რამდენადაც ვიცი, გაასუფთავეს უკვე და ძეგლს პირვანდელი სახე დაუბრუნეს.

- დიდი მადლობა.

შეიძლება მამუკას (დოდო აბაშიძემ ვისი სახელიც არ იცოდა ყველას მამუკას უძახდა) მართლა სტალინში აერია გენიალური ქართველი მსახიობი, თორემ ძნელი წარმოსადგენია, მსახიობის მიერ ბრწყინვალედ შესრულებულ ყვარყვარეზე ან არქიფო სეთურზე ყოფილიყო გაჯავრებული, თუმცა ეს მის დანაშაულს არ ამსუბუქებს, მეტიც, ალბათ, ამძიმებს კიდეც, რადგან ერთია, რომ სხვის ქონებას აზიანებ და მეორეა, უდიდეს ქართველ მასხიობს რომ ვერ ცნობ და მის ხსოვნად დარჩენილ მონუმენტს შეურაცხყოფ.

პ.ს. ვინ იქნება შემდეგი? წარწერას რომელიც ძეგლზე გამოსახულ პიროვნების ვინაობას გვამცნობს, ხულიგნები როგორც ჩანს ყურადღებას არ აქცევენ, ხოლო ულვაში გიორგი სააკაძის და დავით აღმაშენებლის ძეგლებსაც აქვთ და ვაითუ ისინიც აერიოთ სტალინში.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)